Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბიბლიოთეკა"


დავით პაიჭაძე, თბილისი "ბიბლიოთეკის" ერთ-ერთ გამოშვებაში, წელს, გაზაფხულზე, ვლაპარაკობდით ახალ მიმართულებაზე ქართულ გამომცემლობათა საქმიანობაში:

ეს გახლავთ სასკოლო სახელმძღვანელოები, რომელთა მომზადებამ და დასტამბვამ გამომცემელთა ადამიანური, დროითი, მატერიალური და სხვა რესურსების დიდი ნაწილი მოითხოვა. თუმცა, ზოგიერთი გამომცემელი ამტკიცებს, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობა ხელს არ უშლის სხვა წიგნების გამოცემას. "ბიბლიოთეკის" ავტორს, დავით პაიჭაძეს მიაჩნია, რომ ახალი წიგნების რაოდენობამ იკლო. და იკლო სწორედ იმ გამომცემელთა შემცირებული აქტივობის გამო, რომლებიც სასკოლო წიგნების გამოცემაზე გადაერთვნენ. დღევანდელი გამოშვება სწორედ ამ ორ საკითხს ეძღვნება - ახალი პროფილის გაჩენას საგამომცემლო აქტივობაში და ახალი წიგნების გამოცემას წიგნების წლის ბოლომდე დარჩენილ დროში.

დაკვირვება, რომ სახელმძღვანელოებმა ”შეჭამეს” სხვა ლიტერატურა და ამით ქართული წიგნის ბაზარი გაღარიბდა, გავუზიარე და, ასე ვთქვათ, შევჩივლე ერთ-ერთი ნაყოფიერი გამომცემლობის, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ხელმძღვანელს თინა მამულაშვილს. მე კი გავუზიარე, მაგრამ მან ბოლომდე არ გაიზიარა და ვითარება, ანუ ახალი წიგნების ერთგვარი დეფიციტი ისევ და ისევ ბაზრის კანონზომიერებებით ახსნა:

[თინა მამულაშვილის ხმა] ”ერთი მიზეზია კიდევ: გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობენ ამ დროს, ზაფხულის პერიოდში აზრი არა აქვს ახალი წიგნის გამოცემას. ფაქტობრივად, აქტიური გაყიდვების სეზონი ოქტომბრის მერე იწყება. ესეც განაპირობებს წიგნების ნაკლებობას და არა მხოლოდ ის, რომ სახელმძღვანელოებზე ვმუშაობთ”.

გამომცემლობა ”ლოგოს პრესის” დამფუძნებელი ლაშა ბერაია აღიარებს პრობლემას და დასძენს, რომ გასულ წელს ახალი სასწავლო პროგრამების გამოქვეყნება იყო გამოწვევა ამბიციური გამომცემლობებისათვის: სახელმძღვანელოების მომზადებამ დიდი მოგება შეიძლება მოიტანოს, ამიტომაც ბევრი გამომცემელი ჩაერთო საგანმანათლებლო აქტივობაში. ჩემს შეკითხვის პასუხად, თუ ფიქრობენ გამომცემლები ასეთი მოგებიდან შემოსული თანხის რეინვესტირებას თავიანთ ბიზნესში სიმძლავრეების გასაზრდელად და არასასკოლო წიგნების უფრო ინტენსიურად გამოცემისათვის, ლაშა ბერაია ამბობს, რომ ერთმნიშვნელოვანი მიდგომა აქ არ არსებობს; თითოეულ გამომცემლობას ხომ თავისი მიზნები და გემოვნება აქვს:

[ლაშა ბერაიას ხმა] ”გამომცემლობების ნაწილი, ცოტა რომ გამოთავისუფლდება ამ საგანამანათლებლო პროექტებისაგან, ალბათ, რეინვესტირებას მოახდენს და ფულს სხვა წიგნებსაც დაახარჯავს. მაგრამ ნაწილი შეიძლება დარჩეს წმინდა საგანმანათლებლო გამომცემელად, ნაწილმა კი არავითარი რეინვესტირება არ მოახდინოს: ეს ბიზნესი - საგანმანათლებლო წიგნების გამოცემა - დაკავშირებულია არა მხოლოდ დიდ მოგებასთან, არამედ ძალიან დიდ რისკებთან: უკვეთავენ დიდ ტირაჟებს და თუ ვერ ”მოარტყი” და ზედმეტი დაბეჭდე, შესაძლოა, ამან ძლიერად დააზარალოს გამომცემელი”.

რა თქმა უნდა, არიან გამომცემლები, რომელთაც უარი თქვეს სასკოლო წიგნების გამოცემაზე და, ჯერჯერობით, ადრე არჩეულ გზას ერთგულებენ. ასეთია, მაგალითად, გია ქარჩხაძე, რომელიც უპირატესად საბავშვო ლიტერატურას გამოსცემს. ”გია ქარჩხაძის გამომცემლობა” წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მიიწვიეს და, როგორც თავად ამბობს, ცალკე სტენდი დაუთმეს.

[გია ქარჩხაძის ხმა] ”იყო ჩემი სტენდი და იყო საქართველოს კოლექტიური სტენდი: ანუ ორი სტენდი ჰქონდა მთელ საქართველოს. ჩემს სტენდზე, ბუნებრივია, ჩემი წიგნები ეწყო, ხოლო მეორე სტენდზე წარმოდგენილი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა, ”დილა” და გამომცემლობა ”ელფი”.

რაც შეეხება გია ქარჩხაძის საგამომცემლო აქტივობას, ის ახსენებს ორ წიგნს, რომელიც ახლახანს გამოსცა: საქართველოს ატლასსა და საბავშვო ბიბლიას. წლის ბოლომდე გამოსაცემ წიგნებზე კი თვითონ გეტყვით:

[ქარჩხაძის ხმა] ”წლის ბოლომდე უკვე თავის გზაზე დგას და გამოიცემა ანუ დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება ორი წიგნი, ორივე საბავშვო: ორივე არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრები, მაგარ ყდაში ჩასმული, პატარა წიგნი, მთლიანად, თავიდან ბოლომდე ფერადი ილუსტრაციებით და ა.შ.”

გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელმა, თამარ ლებანიძემ ბოლო ერთი თვის მანძილზე რამდენიმე ახალი წიგნი წარუდგინა მკითხველს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ”დიოგენემ” არაერთი სასკოლო სახელმძღვანელოც გამოსცა ამ სასწავლო წლისათვის. ბოლო პერიოდში ”დიოგენემ” გამოსცა ”ვინი პუჰი” ორ წიგნად, მისი ინგლისური ორიგინალის ვიზუალური ასლი, სექტემბრის მიწურულს მოაწყო პრეზენტაცია გელა ჩქვანავას ვრცელი მოთხრობისა ”ტორეადორები”. ის აფხაზეთში კონფლიქტის თემაზეა დაწერილი და ერთ წიგნად, პარალელური - ქართული და რუსული ტექსტებით გამოიცა. ოქტომბრის დასაწყიში დიოგენემ ერთი წიგნი შემატა ქართულ მემუარულ ლიტერატურას - აწ განსვენებული ქართველი მეცნიერის, ცნობილი ლექსიკოგრაფის, ქართულ ენაზე უცხო სიტყვათა ყველაზე სრული ლექსიკონის ავტორის, მიხეილ ჭაბაშვილის ”მოგონებები”. და ბოლოს, გასულ კვირაში, კინოთეარტ ”ამირანში”, პატრიკ ზიუსკინდის რომანის მიხედვით შექმნილი ფილმის პრემიერას დაამთხვიეს მისი ლიტერატურული პირველწყაროს, ”პარფიუმერის” ქართული თარგმანის პრეზენტაცია. ”დიოგენეს” ვერსიით, მას ”სუნამო” ეწოდება. აქვე ვიტყვით, რომ ეს პატრიკ ზიუსკინდის ყველაზე ცნობილი რომანის მეორე ქართული თარგმანია. პირველი გია ჭუმბურიძეს ეკუთვნის და ”ნელსურნელება” ეწოდება.

”დიოგენეს” ხელმძღვანელი, თამარ ლებანიძე სამომავლო განზრახვებზეც მელაპარაკა:

[ლებანიძის ხმა] ”რამდენიმე დღეში მივიღებთ უცხოეთში დაბეჭდილ წიგნს ”პალომა - უცნაური მეფის ასული”. წიგნი ილუსტრირებულია რუსუდან ფეტვიაშვილის არაჩვეულებრივი ფერადი ილუსტრაციებით და, რაც მთავარია, ორენოვანი გამოცემა გახლავთ - ქართულ და ინგლისურ ენებზე. ავტორია თეა ლომაძე, ინგლისურად თარგმნა რუსუდან იმნაიშვილმა. ნოემბრის ბოლოს მზად იქნება ”ჰერალდიკის ისტორია (ავტორი მალხაზ აფრიდონიძე) და პიერ ბურდიეს ”განსხვავება”, რომლის გამოცემა, დარწმუნებული ვარ, მოვლენა იქნება ქართული სამეცნიერო წრეებისთვის”.

ზემოთ პატრიკ ზიუსკინდი ვახსენეთ და გეტყვით, რომ მხოლოდ გასული კვირის პრეზენტაცია არ ამოწურავს ქართველი გამომცემლების დაინტერესებას ამ ავტორით.
”ლოგოს პრესის” დამფუძნებლის, ლაშა ბერაიას მომდევნო ორი თვის გეგმებიც ნაწილობრივ უკავშირდება ცნობილ გერმანელ მწერალს.

[ბერაიას ხმა] ”გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაზე, ანუ საგანამანათლებლო პროექტებზე, სხვა წიგნებიდან ვაპირებთ პატრიკ ზიუსკინდის ”სამი მოთხრობის გამოცემას. ასე ჰქვია მისი მოთხრობების ერთ-ერთ კრებულს”. მკითხველი ასევე იხილავს არისტოფანეს კომედიების მესამე ტომს - მართალია, ცოტა დაგვიანებით. ამ ტომში შედის არისტოფანეს ორი ცნობილი კომედია: ”მშვიდობა” და ”ფრინველები”.

”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” სამომავლო გამოცემებს შორის ადრეც გვიხსენებია ლაშა ბუღაძის რომანი ”ოქროს ხანა” და აკა მორჩილაძის ორი წიგნი: ბოლო ორი-სამი წლის მოთხრობების კრებული და მცირე რომანი ”აჰმედ კაია”, რომელიც წელს დაწერა. აქაც, როგორც აკა მორჩილაძის ბოლო ორი რომანის შემთხვევაში, გამომცემელი პოლიგრაფიულ ნოვაციებს გვპირდება.

”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” იმთავითვე აიღო გეზი საბავშვო წიგნებზეც და არც ახლა აპირებს გადახვევას. გამომცემლობის ხელმძვანელი, თინა მამულაშვილი ასახელებს წიგნს, რომელიც უკვე მზადაა და საქართველოში ჩამოტანაღა სჭირდება:

[მამულაშვილის ხმა] ”ჩეხეთში დაიბეჭდა ”არქეოლოგია მოსწავლეთათვის”. ეს წიგნი თარგმანია მთლიანად, გარდა ქართული არქეოლოგიის გვერდებისა, რომლებიც ჩვენ თვითონ მოვამზადეთ ქართველ სპეციალისტებთან ერთად. ამით არის აქტუალური და საინტერესო, რადგან მთლიანად ქართულ არქეოლოგიაზე ცალკე საბავშვო წიგნის მომზადება ძალიან რთული და შრომატევადი საქმე იქნებოდა”.

თინა მამულაშვილმა გაგვაცნო კიდევ ერთი წიგნის პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა. ეს გახლავთ ინგლისურიდან გადმოთარგმნილი საბავშვო ლექსები. დღევანდელ ბიბლიოთეკაში ისე გამოვიდა, რომ გამომცემელთა დიდი ნაწილი საკუთარ პროდუქციას სწორედ ბავშვებზე - პატარებსა და მოზარდებზე გამიზნავს. თან იმათ გარდა, ვინც დღეს გვესაუბრებოდა, საქართველოში არაერთი გამომცემელია, რომელიც ან ბავშვებისთვისაც, ან მხოლოდ ბავშვებისთვის გამოსცემს წიგნებს. შეიძლება ითქვას, ეს უკვე ტენდენციაა და ცალკე ანალიზს იმსახურებს.
XS
SM
MD
LG