Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს “კარგი კაცი“?


გასული კვირის კულტურულ

მოვლენათა მიმოხილვას ერთი სარეკლამო კლიპის ნაწყვეტით დავიწყებთ.

[“ბადაგონის” რეკლამა] “თუ სწორად მახსოვს, კარგი კაცი სულ უნდა მუშაობდეს, ქალები უნდა უყვარდეს და ღვინოში უნდა ერკვეოდეს...ღვინის კომპანია “ბადაგონი”.

ვერ გეტყვით, ეს სარეკლამო კლიპი, რომელიც გასულ კვირას გავიდა საქართველოს ტელეარხებზე, მისი ავტორის ბასა ფოცხიშვილის მიგნებაა თუ თავად ღვინის კომპანია ”ბადაგონისა”, რომელმაც კახეთში თავისი საწარმო გახსნა... ფაქტია, რომ ტენდენცია უკვე გამოიკვეთა: ქართული ლუდის და ახლა უკვე ღვინის რეკლამებში პატრიარქატი ზეიმობს - ქალი წარმოდგენილია ხან როგორც ”მოხმარების ობიექტი” (გემრიელი, ერთი კათხა ლუდივით), ხანაც როგორც ”ქალისა და ღვინის” ნიუანსებში გარკვეულ მამაკაცზე მეოცნებე, ქალი, რომელიც იმ ტკბილ დროს იხსენებს, როცა კაცი კაცობდა... ქალები უყვარდა და კარგ ღვინოში ერკვეოდა (სარეკლამო კლიპში ყურადღებიანი მაყურებელი სოფიკო ჭიაურელის ახალგაზრდობის ფოტოსაც დაინახავს).

სხვათა შორის, ამ კლიპში კომპანია ”ბადაგონის” მესვეურიც მონაწილეობს - ღვინოს გემოს უსინჯავს... ასეთ ღვინოს, რომელიც ქალივით ათრობს შუახნის იტალიელ მამაკაცს (უხეშად რომ ვთქვათ, ”პოტენციას უბრუნებს”), კარგი...ბოდიში მომითხოვია, ”ნაშა” უნდა ”ასახიერებდეს”. შესაბამისად, ”ბადაგონის” სარეკლამო კლიპში ახალგაზრდა გოგოებიც ჩნდებიან. თუმცა ღვინის ნიუანსებში გარკვეული ხალხი, მოგეხსენებათ, სიძველეს უფრო აფასებს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ”ბადაგონმა” კახეთში, ქართულ-იტალიური ქარხნის გახსნაზე, ლამაზი, მაგრამ უკვე ასაკში შესული ფრანგი მზეთუნახავი კაროლ ბუკე ჩამოიყვანა - კინოვარსკვლავი, რომელიც რეჟისორმა ბერტრან ბლიემ გადაიღო ფილმში ”მეტისმეტად ლამაზი შენთვის?”... შეიძლება გახსოვთ ეს ფრანგული კომედია - კაროლ ბუკე იქ ჟერარ დეპარდიეს ცოლს განასახიერებს. ძალიან ლამაზია, ისეთი ლამაზი, რომ თვალს ვერ მოსწყვეტთ. მაგრამ დეპარდიე ცოლს თავის მდივანთან - ერთ ფუმფულა, დაგვაჯულ ქალთან - ღალატობს... სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქალები კი უყვარს, მაგრამ იმ პრინციპებში ვერ ერკვევა, რომელსაც თუნდაც კომპანია ”ბადაგონი” იზიარებს.

”ძველი ღვინო” და ძველი პრინციპი - ღვინო, დუდუკი, ქალები... გასული კვირის კულტურული ცხოვრება სწორედ ამ პრინციპზე აიგო. გასაგებიცაა, რატომ - 22 ოქტომბერს ხომ ”თბილისობა” ვიზეიმეთ.

[ხმა. მუსიკოსები]

წლევანდელი თბილისობა ნაკლებად მასშტაბური იყო - გრანდიოზული სანახაობა, გუნდით და ორკესტრით, ფაქტობრივად, არ გამართულა. ”სანახაობა” ამჯერად ”პურით” შეიცვალა - ქუჩაში გამოსულ თბილისელებს ავტობუსიდან მწვადსა და შარშანდელ თბილისობაზე დაწურულ ღვინოს სთავაზობდნენ.

[სადღეგრძელოები] ”ლამაზ თბილისობას დაგილოცავთ... გაგიმარჯოთ!”

კარგი განწყობა, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის განცდა მეორე დღეს გაგრძელდა ”სახალხო მედიაპროექტად” შეფასებულ კონკურსში ”ჯეოსტარი”... ”პროექტმა უკვე მიიღო სახალხო მედიაპროექტის სახე, რადგან მასში მონაწილეობენ სამაჩაბლოს, აფხაზეთის, იმერეთის, კახეთის, ხევსურეთის და სხვა რეგიონების წარმომადგენლები,” - გვარწმუნებს ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსის ორგანიზატორი ”ჯეოსელი”, ე.ი. კომპანია, რომელიც დასახელებულ რეგიონებში მცხოვრებს აძლევს შანსს გახდეს ”სტარი”... ჩვენებურად რომ ვთქვათ, ”ვარსკვლავი”.... და განა არ არის ბედნიერება ”პროვინციელი გოგოსთვის”, თბილისის ფილარმონიის სცენაზე დუტა სხირტლაძემ წარმოადგინოს და მისი ნიჭი პროფესიულმა ჟიურიმ - ნიკა მემანიშვილმა, ნატო მეტონიძემ, მარინე ბერიძემ - შეაფასოს?! აი, ასე:

[“ჯეოსტარი”. ნიკა მემანიშვილი] ”სპეციფიკური ხმა აქვს ჩვენს ნანას, ასეთი ხმა შეიძლება ყველა რეპერტუარს არ მოუხდეს, მაგრამ ხომ არსებობს მუსიკა კინოფილმიდან ”ჭრიჭინა”?”

ახლა კი დროა, ნანას ”სპეციფიკური ხმა” მოვისმინოთ...მით უმეტეს, რომ სწორედ ნანამ გაიმარჯვა იმ დღეს, ”ჯეოსტარის” მორიგ კონცერტზე.

[“ჯეოსტარი”, მუსიკა]

”ჯეოსტარზე” პუბლიკას საშუალება აქვს ცოცხლად შესრულებული მუსიკა მოისმინოს, რაც განსაზღვრავს კიდეც კონკურსის პოპულარობას. თუმცა მომღერლის წარმატებას განაპირობებს არა იმდენად ჟიური, რამდენადაც ”ესემესები”, რომელსაც ”ჯეოსელისა” და ”ლაილაის” აბონენტები თავიანთი რჩეულის სახელზე გზავნიან. ახლა შეიძლება წარმოვიდგინოთ კონკურსანტი, რომელიც ვარსკვლავობაზე ოცნებობს... სრულიად ბუნებრივია, რომ მან სთხოვოს თავის ნაცნობ-მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც არიან ”ჯეოსელის” აბონენტები, აუცილებლად უყურონ კონცერტს და ხმა მისცენ მას...უფრო მეტიც, ”ჯეოსელის” აბონენტები გახდნენ, რათა მათმა რჩეულმა რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვოს... შეიძლება სპეციფიკური ხმა გქონდეს, მაგრამ თუკი ბევრი ”ჯეოსელელი” ახლობელი გყავს, წარმატება გარანტირებული გაქვს - “სტარი” უსათუოდ გახდები.

[ხმა] „სამივეს ვთხოვ სცენაზე...მათი ბედი არ არის დამოკიდებული ჟიურიზე, მხოლოდ და მხოლოდ სრულიად საქართველოს შეუძლია გადაწყვიტოს აქედან ერთ-ერთის ბედი... მას ახლა თქვენი დახმარება სჭირდება...”

”სრულიად საქართველოში” წამყვანმა ”სრულიად ჯეოსელი იგულისხმა”. მოგვიანებით მეორე წამყვანმა გაასწორა - ”სრულიად საქართველო” ”სრულიად ჯეოაბონენტებით” შეცვალა. ”ჯეოაბონენტებმა” არჩევანი ”სპეციფიკურ ხმაზე” შეაჩერეს.

[ხმა] ”დღევანდელი ჩვენი გამარჯვებული გახდა... ნანა - სამეგრელო...”

ამ ტაშ-ფანდურმა ერთგვარად დაჩრდილა ფიროსმანისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა და საუბრები ”ფიროსმანის მაგიდასთან” - პროექტი, საერთო სახელწოდებით ”შეხვედრა ფიროსმანთან”, რომლის ორგანიზატორი საქართველო-გერმანიის საზოგადოებაა. პროექტში მონაწილეობდა 40-მდე ხელოვანი გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან. ”ხელოვნება არა ტვირთი, არამედ ხიდი მეწარმეებისთვის” - ასეთი იყო ”ფიროსმანის ფესტივალის” პრინციპი, რომელიც შეიძლება არაერთხელ გაუგიათ ქართველ (და არა მარტო ქართველ) მეწარმეებს... მაგრამ ყველაფერი მაინც ძველებურად გრძელდება - ჩვენ ისევ გვარწმუნებენ, რომ ნამდვილი მამაკაცი ”სულ უნდა მუშაობდეს”, ე.ი. ფული ჰქონდეს...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG