Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პრობლემები


ბოლო 3 კვირაა, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენის პრობლემატიკამ.

ამის მიზეზი კი 12 ოქტომბერს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილში, კერძოდ კი, ”ჩიჩხიტურის” კოშკის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენა გახდა. მესაზღვრეებმა ”ბერთუბნის” მონასტრის ბერთა საძმოს ”ჩიჩხიტურის” ტერიტორიის კუთვნილების თაობაზე პრეტენზიები გამოუცხადეს. მოგვიანებით პრობლემები შეექმნათ დავით გარეჯში ჩასულ ტურისტებსაც. რას ეფუძნება აზერბაიჯანის მესაზღვრეთა პრეტენზიები?

დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, 300 კილომეტრის, თითქმის 70 პროცენტია შეთანხმებული. დარჩენილ 30 პროცენტში შედის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი. ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე მომუშავე კომისია ბოლო დრომდე უშედეგოდ ცდილობდა დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტას.

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] ”მე წინასწარ ზუსტ თარიღებზე არ დავიწყებდი ლაპარაკს, მაგრამ საკმაოდ მალე შევძლებთ ამ საკითხების მოგვარებას, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ მეგობარი ხალხი და სტრატეგიული მოკავშირეები.”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის მიერ ნახსენები მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული მოკავშირე საზღვრის განსაზღვრისას საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებულ რეალობას ეყრდნობა. საბჭოთა დოკუმენტებისა და რუკების მიხედვით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ორ ნაწილად ყოფს. ეს სერგო ორჯონიკიძის დამსახურებაა, რომელმაც 1928 წელს დავით გარეჯის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს აჩუქა და საქართველოს საზღვარი 40 კილომეტრით შიგნით გადმოსწია. ბოლო დრომდე გამართულ მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანულ მხარეს 40 კილომეტრით უკან დახევის სურვილი არ გასჩენია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის კომენტარი:

[ხალაფ ხალაფოვის ხმა] ”საკითხის არსი იმაშია, რომ სადაც გადის სახელმწიფო საზღვარი, ზუსტად იქ გადის. რაც შეეხება რაღაც საკითხებს და ასე შემდეგ, მათ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა ჩარჩოებში განვიხილავთ და ვაგვარებთ.”

ასეთი პრინციპულობის გამო ქართული მხარე იძულებული გახდა აზერბაიჯანისთვის საზღვრის დელიმიტაციის კომპრომისული ვარიანტი შეეთავაზებინა. 31 ოქტომბერს, ბაქოში გამგზავრებამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა: შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკით ვიხელმძღვანელოთ და, საქართველოს ტერიტორიაზე შეუთანხმებელი მონაკვეთების დაბრუნების მიზნით, გარკვეული ტერიტორიები ურთიერთკომპრომისების ხარჯზე გაიცვალოსო.

ჯერჯერობით თბილისის ამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიციალური ბაქოს პოზიცია უცნობი რჩება. 31 ოქტომბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედოვმა თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

[ელმარ მამედოვის ხმა] ”ორი თვის წინ გაიმართა აზერბაიჯან-საქართველოს დელიმიტაციის კომისიის სხდომა, რომელიც საკმაოდ შედეგიანად ჩატარდა თბილისში. ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ რამდენიმე საკითხზე და შევთანხმდით, რომ ნოემბერში გაიმართება ამ კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ბაქოში ჩატარდება.”

საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივის მიმართ გამოკვეთილი პოზიცია არც საპარლამენტო ოპოზიციას გააჩნია.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”თუკი მე მივიღებ დამაკმაყოფილებელ...

ასეთი პოზიცია აქვს ზვიად ძიძიგურს, საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” ლიდერს. მისი ინიციატივით, 31 ოქტომბერს დავით გარეჯისა და აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხებზე დახურული საპარლამენტო მოსმენა უნდა გამართულიყო, მაგრამ შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის სამშობლოში დაბრუნებამდე გადაიდო.
XS
SM
MD
LG