Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უნდა ველოდეთ შეერთებული შტატების კონგრესის არჩევნებისგან?


სამშაბათს ამერიკელები ახალ კონგრესს ირჩევენ. კენჭისყრა გაარკვევს ასადგილიანი სენატის ერთი მესამედის და მთელი 435-ადგილიანი წარმომადგენელთა პალატის ბედს.

1995 წლის შემდეგ უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას პრეზიდენტ ბუშის რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. მაგრამ ოპოზიციური დემოკრატიული პარტია აცხადებს, რომ გამარჯვებას მოელის ორივეში თუ არა, ერთ პალატაში მაინც. რა შეიცვლება ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონში, კერძოდ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში?

სამშაბათის არჩევნები მართალია, არ წყვეტს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბედს, მაგრამ იგი ერთგვარი რეფერენდუმია მისი პოლიტიკის თაობაზე.

მოუსმინეთ ყოფილ რესპუბლიკელ კონგრესმენს, ბილ ფრენზელს:

[ფრენზელის ხმა] "ამ არჩევნების ერთ-ერთი საკითხია ჯორჯ ბუში. და თუკი დემოკრატები გაიმარჯვებენ კონგრესის ერთ ან ორივე პალატაში, დამარცხებული ბუში იქნება. მას არაჩვეულებრივად გაუჭირდება კონგრესში რაიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის გატანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგიერთს ვერ გაიტანს. გაიტას საშინაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონებს, თავდაცვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ კანონს და მსგავს კანონებს. მაგრამ თუკი რამე სხვა აქვს გადაწყვეტილი, არაჩვეულებრივად გაუჭირდება."

საქმე ის არის, რომ კონგრესი აკონტროლებს ფედერალური მთავრობის ბიუჯეტს, არა მარტო მის ხარჯვას, არამედ ამ თანხების გამოყოფის პროცესსაც. ბუშმა თავისი მომხრე კონგრესის წყალობით შეძლო არაერთი ცვლილების გატარება, მათ შორის გადასახადების შემცირებისკენ მიმართული კანონების მიღება.

მაგრამ თუკი დემოკრატები თუნდაც ერთ პალატაში მოიპოვებენ უმრავლესობას, გადასახადების შემდგომი შემცირება შეუძლებელი გახდება. ორივე პალატაში გამარჯვებით კი შესაძლოა ბუშის მიერ გატარებული ცვლილებები გააუქმონ.

მაგრამ ექსპერტების აზრით, ცვლილებები არ შეეხება საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით ერაყში სამხედრო ყოფნას. მოუსმინეთ პოლიტოლოგ ლერი საბატოს ვირჯინიის უნივერსიტეტიდან:

[საბატოს ხმა] "დემოკრატებს არავითარ შემთხვევაში არ სურთ ჯარებისთვის რაიმე პრობლემის შექმნა. ამიტომ ვერ შეწყვეტენ ვერავითარ დაფინანსებას, რამაც შეიძლება ერაყში განთავსებული ჯარები უფრო მოწყვლადი გახადოს და პრობლემები შეუქმნას მათ. ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცნენ. ამიტომ ეს ზღუდავს მათი მოქმედების არეს."

საბატოს თქმით, კოგრესში თუ დემოკრატებმა მოიპოვეს წარმატება, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ, რა მეთოდებით, აწარმოებს პოლიტიკას ბუში.

უპირველეს ყოვლისა კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი იქნებიან ერთმანეთისგან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები.

კიდევ ერთი სხვაობა პოლიტიკურ კულტურას დაეტყობა. გასული წლების მანძილზე კონგრესში დაპირისპირება ზოგჯერ ზღვარსგადასული მეთოდებით ხდებოდა. კვლავ ფრენზელს მოუსმინეთ:

[ფრენზელის ხმა] "ჩემის აზრით, ამ არჩევნებში - სულ ერთია, ვის ეყოლება უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში - დისკურსი უფრო ცივილიზებული იქნება და კონგრესის წევრები უფრო მეტად დაემსგავსებიან კონგრესმენებს, ვიდრე ხულიგნებს."

XS
SM
MD
LG