Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჭდვითი მედიის საგადასახადო შეღავათების მოხსნის საკითხი კვლავ ღიად რჩება


2007 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, დარჩება თუ არა ბეჭდვით მედიას საგადასახადო შეღავათები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ბეჭდვითი გამოცემების დამფუძნებლებს შორის გამართული შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა - კანონმდებლებსა და პრესის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ბეჭდვით მედიას შეღავათების ძალაში დატოვების მართებულობის დასამტკიცებლად არგუმენტები არა აქვს.

ბეჭდვითი მედიის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში ჩაყენების გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა, პრეზიდენტისა და მაშინდელი პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, 2004 წლის დეკემბერში მიიღო. პრესის თავისუფლებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით, ბეჭდვითი გამოცემები მოგების, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2 წლის ვადით გათავისუფლდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ უკანასკნელ, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადზე შეღავათი მოხსნასა და რევიზიას არც კი ექვემდებარებოდა.

[ია მამალაძის ხმა] "ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო ყველაზე უფრო დიდი ტვირთი. ამაზე მიდიოდა საუბრები, კონსულტაციები იურისტებთან, ეკონომისტებთან. და მე გამაოცა ერთმა ფაქტმა, რომ ყველას გამორჩა მხედველობიდან ამ ყველაზე მთავარი გადასახადის ვადა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს იყო 2007 წლამდე, მაგრამ ჩანაწერში, საგადასახადო კოდექსში, ვადა არ იყო მითითებული. ამდენად მედია - ბეჭდვითი მედია - გათავისუფლებული იყო დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მუდმივად." (სტილი დაცულია)

ამბობს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, რომელიც აღიარებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები, მართლაც, მოუმზადებლები მივიდნენ. შესაბამისად, მათ ვერ შეძლეს საფუძვლიანი არგუმენტების წარდგენა იმის დასასაბუთებლად, რომ ბეჭდვითი მედიისთვის შეღავათების შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია. კოლეგების პასიურობას გარკვეულწილად ლოგიკურად მიიჩნევს გაზეთ “24 საათის” მმართველი რედაქტორი პაატა ვეშაპიძე:

[პაატა ვეშაპიძის ხმა] "ლაპარაკია მოგების გადასახადსა და ქონების გადასახადზე. პრესის 90 პროცენტზე მეტს ქონება - უძრავი ქონება - არ გააჩნია. ამიტომ აქ, ფაქტობრივად, აღარაფერზე არ არის ლაპარაკი. და რაც შეეხება მოგებას, ასევე დიდი უმეტესობა პრესისა, ბეჭდური მედიისა, ზარალიანია, ან მოგება არის ძალიან მიზერული. ასე რომ, ამ გადასახადზე, ფაქტობრივად, არ არის ლაპარაკი. ასე რომ, აღმოჩნდა, რომ არგუმენტები არც არის." (სტილი დაცულია)

პაატა ვეშაპიძე ვარაუდობს, რომ 2007 წლიდან პარლამენტი ბეჭდვით მედიას ქონებისა და მოგების გადასახადებზე შეღავათებს მოუხსნის. თუმცა საკითხი ჯერჯერობით მაინც ღიად რჩება.

[ირინა ენუქიძის ხმა] "თუ გადაწყვეტს ბეჭდვითი ორგანო, რომ რეინვესტიცია მოახდინოს, ან ხელფასები გაზარდოს, ან ბიზნესი გააფართოოს, ასევე არ დაიბეგრება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული შეღავათია. დღეს პარლამენტში ასევე იხილება მესამე მოსმენით სალარო აპარატების საკითხი გამავრცელებელი სტრუქტურებისთვის. ასე რომ, ეს დიდი შეღავათია. რეალურად შეღავათები ბეჭდვით ორგანოებს რჩებათ. საუბარია იმაზე, ქონების გადასახადი და მოგების გადასახადი რა გავლენას იქონიებს მათ ბიზნესზე." (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირინა ენუქიძის, განმარტების თანახმად, პრესის საშუალებების საგადასახადო შეღავათების თემაზე კონსულტაციები მედიაორგანიზაციებსა და საპარლამენტო ოპოზიციასთან ჯერ არ დასრულებულა.
XS
SM
MD
LG