Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიშნავს თუ არა ბელორუსიასა და რუსეთს შორის გაზის გამო უთანხმოება ისტორიული მეგობრობის დასასრულს?


გასულ კვირაში ბელორუსიამ გადასახადი დააწესა მისი ტერიტორიით რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.

მინსკის ეს გადაწყვეტილება მორიგი ეტაპია ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობისა მას მერე, რაც ბელორუსია იძულებული გახდა რუსეთის გაზისთვის გაორმაგებული ფასის გადახდას დათანახმებულიყო და, ამავე დროს, რუსეთისთვის დაეთმო თავისი გაზსადენების სისტემის 50 პროცენტი. ენერგომატარებლების გარშემო წარმოქმნილმა დაპირისპირებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსეთისა და ბელორუსიის სტრატეგიულ ალიანსს.

გასაკვირი არ არის ბელორუსიელთა შიში, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ზარალი შეიძლება განიცადოს გაზზე გაზრდილი ფასების გამო. როგორც ჩვენი რადიოს მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბელორუსიაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.

მოსკოვსა და მინსკს შორის გაზის გარშემო ატეხილი დავა ძალზე ჩამოჰგავს ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოშობილ დაპირისპირებას.

რუსეთი ორივე მეზობელს, ბელორუსიაც და უკრაინასაც, დაემუქრა, რომ ახალი წლიდან შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას, თუკი არ დათანხმდებოდნენ გაზრდილი ფასის გადახდას.

ორივე შემთხვევაში ამ მუქარამ შეშფოთება გამოიწვია რუსეთის გაზის დასავლეთ ევროპელ მომხმარებელთა შორის. ორივე შემთხვევაში მოლაპარაკებებმა ერთობ აგრესიული სიტყვიერი შეტაკებების ფონზე ჩაიარა.

მაგრამ უკრაინასა და ბელორუსიას შორს არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. უკრაინასთან მიმართებით, ექსპერტების აზრით, რუსეთისთვის მთავარი იყო, დაესაჯა ამ ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლება. ბელორუსიის შემთხვევაში კი რუსეთი უპირისპირდება ქვეყანას, რომლის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ტრადიციულად ითვლებოდა კრემლის უახოლოეს მოკავშირედ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელორუსია რუსეთისთვის მთავარი პარტნიორი და ბუფერი იყო ნატოს წინააღმდეგ. საპასუხოდ მოსკოვი ლუკაშენკოს ავტორიტარულ რეჟიმს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას უწევდა.

დიდი ხანია, ორი ქვეყანა ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე ლაპარაკობს. მოსკოვი და მინსკი წელს ამ საკითხზე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდნენ. მაგრამ გაზის თაობაზე დავა ეჭვქვეშ აყენებს გაერთიანების პერსპექტივებს.

მოუსმინეთ ალექსანდრ სუზდალცევს, რუს პოლიტოლოგს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა ბელორუსიაში. მისი აზრით, მოსკოვს მობეზრდა ლუკაშენკოსთვის დახმარების აღმოჩენა:

[სუზდალცევის ხმა] "ორი ქვეყნის ელიტებს შორის ნდობა გაქრა. ალექსანდრ ლუკაშენკო არ არის პირი, რომელთანაც მოსკოვმა შეიძლება ხელი მოაწეროს რაიმე შეთანხმებას და გადაჭრას ესა თუ ის საკითხი. ბელორუსიის ამ ხელმძღვანელობის მიერ ინტეგრაციის პროცესი ნელ-ნელა იქნება მოშლილი. ამ ხელმღვანელობასთან არავინ ჩაატარებს გაერთიანების თაობაზე რეფერენდუმებს. საკავშირო სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე მთავარი წინაღობა არის ალექსანდრ ლუკაშენკო. აი, ეს არის მოსკოვის პოზიცია."

გაზპრომის ახალი სტრატეგია მართლაც მეტყველებს, რომ მოსკოვს მობეზრდა დახმარების აღმოჩენა ლუკაშენკოსთვის, რომელიც მედგრად ეწინააღმდეგება ბელორუსიის ეკონომიკაზე რუსეთის კონტროლს.

ლუკაშენკომ მოსკოვი იმითაც გაანაწყენა, რომ იგი აჭიანურებს გაერთიანების პროცესს, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს მის ხელისუფლებას.

ამიტომაც გაზის სფეროში რუსეთის უკანასკნელ იერიშს ექსპერტების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს მოსკოვის მცდელობად, მისთვის სასურველი პირობებით გაერთიანებაზე დაიყოლიოს ბელორუსია.

მათ შორისაა ბელორუსიელი პოლიტიკური მიმომხილველი, ანდრეი ფიოდოროვი, რომლის აზრით, გაზის გარშემო დავას პოლიტიკური სარჩული უდევს.

[ფიოდოროვის ხმა] "მოსკოვი არ თმობს ბელორუსიის პოლიტიკური შთანთქმის იდეას. რომ დაეთმო იგი, ამას გამოაცხადებდა. როცა მოსკოვი გაზის საფასურს უზრდის უკრაინასა და საქართველოს, საკითხს არ აყენებს ასე: ან შეხვალთ რუსეთის შემადგენლობაში, ანდა გაზი გაგიძვირდებათო. აქ კი საკითხი ასე დგას. ამიტომ, ჩემი აზრით, გაზის საფასურის გაზრდის მთავარი მიზეზი პოლტიკური ხასიათისაა."

რუსეთსა და ბელორუსიას შორის დავის შედეგები ევროპელებმა უკვე იწვნიეს საკუთარ თავზე. ორშაბათს მინსკმა გამოაცხადა, რომ ამცირებს პოლონეთისა და გერმანიისთვის რუსეთის ნავთობის მიწოდების მოცულობას.

პოლონეთმა დაადასტურა ნავთობის მიწოდების შემცირება. ევროკავშირის კომისარმა ენერგიის საკითხებში, ანდრის პიებალგსმა თქვა, რომ ექსპორტის შემცირება უშუალო საფრთხეს არ უქმნის ევროკავშირის ენერგომომარაგებას, მაგრამ მან სასწრაფო და დეტალური ახსნა-განმარტება მოითხოვა ბელორუსიისა და რუსეთისგან.
XS
SM
MD
LG