Accessibility links

სიკვდილით დასაჯეს სადამ ჰუსეინის ორი თანამებრძოლი


ერაყში სადამ ჰუსეინის კიდევ ორი თანამოაზრე დასაჯეს სიკვდილით.

დღეს დილით ჩამოახრჩვეს სადამ ჰუსეინის ნახევარძმა, უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ბარზან იბრაჰიმი, და ერაყის რევოლუციური სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, აფად ჰამედ ალ-ბანდარი. ისინი იმავე შენობაში დასაჯეს სიკვდილით, რომელშიც 30 დეკემბერს ჩამოახრჩვეს სადამ ჰუსეინი. ბარზანსა და ალ-ბანდარს 1982 წელს 148 შიიტის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

სასჯელის აღსრულება უსიამოვნო ინციდენით აღინიშნა. ერაყის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბასამ რიდამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე "ღვთის ნება" უწოდა მას.

[რიდას ხმა] "მოხდა ინციდენტი. ბარზანის თავი სხეულს მოწყდა. ეს იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ მოხდა და ეს ღვთის ნება იყო. ეს ჩვეულებრივი რამაა, რაც ადრეც მომხდარა."

რიდას თქმით, ბარზანისა და ბანდარის ცხედრებს ნათესავებს გადასცემენ:

[რიდას ხმა] "ავადისა და ბარზანის ცხედრებს სასჯელის აღსრულების შემდეგ მათ ოჯახებს გადასცემენ უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე."

საგანგებო სასამართლომ ბარზანსა და ბანდარს 5 ნოემბერს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი ექს-პრეზიდენტ სადამ ჰუსეინთან ერთად. ჰუსეინის სიკვდილით დასჯას კარიტიკა მოჰყვა იმის გამო, რომ განაჩენის აღსრულების პროცესი მობილური ტელეფონით იქნა ვიდეოფირზე აღბეჭდილი. ფირი ცხადყოფს, რომ სიკვდილით დასჯისას ჰუსეინს აბუჩად იგდებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

რიდას თქმით, ამჯერად მსგავსი ინციდენტები არ მომხდარა:

[რიდას ხმა] "ამჯერად სასჯელის აღსრულება მაღალ დონეზე მოხდა. არ აღრიცხულა არავითარი კანონდარღვევა. არ იყობინებიან არც გამოხდომებისა და არც სხვა რამე დარღვევის შესახებ."

ბარზანი და ბანდარი სადამ ჰუსეინის ნების უკომპრომისო გამტარებლები იყვნენ. ბარზანი ავადსახსენებელი უშიშროების სამსახურის, მუხაბარატის ხელმძღვანელი იყო 1980-იან წლებში.

მისი განსაკუთრებით ეშინოდათ იმ პერიოდში, როცა ჰუსეინი ძალაუფლების ზენიტში იმყოფებოდა. მის დასახასიათებლად იხსენებენ ერთ შემთხვევას, როცა იგი წამებას ესწრებოდა და მშვიდად მიირთმევდა ყურძენს.

ერაყის რევოლუციური სასამართლოს ყოფილი თავმჯდმარე ბანდარი დამნაშავედ ცნეს 148 შიიტის მკვლელობისთვის, რასაც 1982 წელს სადამ ჰუსეინზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ ჰქონდა ადგილი.

შარშან მარტში ბანდარმა სასამართლოზე გამოსვლისას თავი არ ცნო დამნაშავედ.

[ალ-ბანდარის ხმა] "ჩემო ბატონო, ერაყში მაშინ ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეორე მხრივ, ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტს დაესხნენ თავს და აღიარეს, რომ თავდასხმა ირანის მიერ იყო მომზადებული რეჟიმის დასამხობად."

ერაყის პრეზიდენტმა, რომელიც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, გასულ კვირაში თქვა, რომ ეგონა, ბანდარისა და ბარზანის სასიკვდილო განაჩენს მოგვიანებით აღასრულებდნენ.
ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, რომანო პროდიმ დაგმეს სადამ ჰუსეინის თანამებრძოლთა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება და განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან სიკვდილით დასჯას.
XS
SM
MD
LG