Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში გამოეთხოვნენ ექსტრემისტის მიერ მოკლულ ჟურნალისტს - ჰრანტ დინკს


რვაკილომეტრიანი სამგლოვიარო პროცესია, მიცვალებულისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად შეკრებილი 10 000-მდე ადამიანი:

ეს რიცხვებიც ცხადჰყოფს, რამდენიმე დიდია რეზონანსი, რომელიც თურქეთში მოჰყვა ცნობილი ჟურნალისტის, ეროვნებით სომეხი ჰრანტ დინკის მკვლელობას.

ჰრანტ დინკი გასულ კვირაში, 19 იანვარს გამოასალმეს სიცოცხლეს, რის შემდეგაც დააპატიმრეს 17 წლის ეჭვმიტანილი. ამ უკანასკნელმა, ცნობების თანახმად, უკვე აღიარა დანაშაული.

“ჩვენ, ყველა, ჰრანტ დინკები ვართ”, “ჩვენ, ყველა, სომხები ვართ” - აი, ამ შინაარსის ლოზუნგები აღემართათ სტამბოლში, მოკლული ჟურნალისტის გაზეთ “აგოსის” ოფისთან შეკრებილებს.

[ისმის ტაშის ხმა] ათიათასამდე მგლოვიარემ ასე, ტაშით გააცილა ჰრანტ დინკი, როცა მის ცხედარს მისსავე ოფისთან მიასვენებდნენ - იქ, სადაც ჟურნალისტს პარასკევს ესროლეს. როგორც ირკვევა, მას ესროლა ვინმე ოგუნ სამასტმა- ცნობების მიხედვით, ექსტრემისტმა ნაციონალისტმა, თუმცა მას არ ჰქონია კავშირი რომელიმე ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან. მოკლულ ჟურნალისტს მთელს თურქეთში ჰქონდა სახელი განთქმული გაბედული განცხადებებით. 2005 წელს ჰრანტ დინკი გაასამართლეს კიდეც გასული საუკუნის დასაწყისში ოსმალეთში სომხების გაჟლეტის “გენოციდად” მოხსენიებისთვის.

ამდენად, შესაძლოა გასაკვირი არ იყოს, რომ დინკის დაკრძალვაზე უმაღლესი რანგის თურქი ოფიციალური პირები, ან სამხედრო წარმომადგენლები არ მისულან. თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთი შეძრა ჟურნალისტის მკვლელობამ და ყურადღების ცენტრში მოაქცია მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ.

[თურქი მამაკაცის ხმა] “ვფიქრობ, ამდენი ხალხის თავმოყრა იმას ნიშნავს, რომ თურქეთს გულში მოხვდა ტყვია. დღეს ყველანი სომხები ვართ. ეს გასროლა მთელს თურქეთს მოხვდა, არა მარტო ერთ სომეხს”.
ეს იყო ერთ-ერთი თურქი, რომელიც დღეს სტამბოლში, სომეხი ჟურნალისტის დაკრძალვაზე იყო მისული. როგორც იუწყებიან, ძაძებში შემოსილმა ათასობით მგლოვიარემ მდუმარედ გაიარა 8 კილომეტრი და ცხედარი სტამბოლის სომხურ ეკლესიამდე მიაცილა. [ისმის ღვთისმსახურების ხმა]

თურქეთს ახლა მეტი ზეწოლა მოელის ევროკავშირისაგან, რომელში გაწევრიანებისაკენაც ის მიისწრაფვის. ანკარას მეტი ზომის მიღება მოუწევს ბრიუსელისთვის იმის საჩვენებლად, რომ აგრძელებს რეფორმების განხორციელებას.

თურქეთს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან, მაგრამ დინკის მკვლელობის შედეგად, თითქოს, ცვლილება გამოიკვეთა: ანკარამ სომეხი ოფიციალური პირები და სომხური დიასპორის წარმომადგენლები მიიწვია დაკრძალვაზე. როგორც სტამბოლიდან იუწყება ჩვენი რადიოს სომხური სამსახურის კორეპსონდენტი, რუბენ მელოიანი: [რუბენ მელოიანის ხმა] “სომხურ დელეგაციას სათავეში უდგას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არმენ კირაკოსიანი. სომხეთიდან სტამბოლშია ჩამოსული ჯურნალისტებისა და ხელოვანების მცირე ჯგუფი. არის აგრეთვე სომხების დიდი დელეგაცია საფრანგეთიდან. ეს დელეგაცია საფრანგეთში სომხების სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შედგება”.

სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა ერევანშიც - ცენტრალურ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ჰრანტ დინკისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.
XS
SM
MD
LG