Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შემფასებელთა მისია საქართველოში - ძველი შემადგენლობითა და დღის წესრიგით


19 თებერვალს საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო ნატოს შეფასების მისიამ, რომელიც 5 დღის განმავლობაში შეისწავლის, თუ როგორ ხორციელდება საქართველოს მიერ

ალიანსში გაწევრიანების ინდივიდუალური გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. ისევე როგორც შარშან მარტში, ძველი წევრებით დაკომპლექტებულ შეფასების ჯგუფს ამჯერადაც ალიანსის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ფრენკ ბოლანდი ხელმძღვანელობს. თუმცა ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა თავად საქართველოში, სამხედრო უწყების ხელმძღვანელის შეცვლით დაწყებული და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეთა ზრდით დამთავრებული, რაც საქართველოსათვის, გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კიდევ ერთი დადებითი შეფასების მისაღებად.

საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ნატოს შტაბბინის წარმომადგენლებმა შარშან მარტში თავისებურ ”რენტგენზე” გაატარეს, თუმცა ყველა შეხვედრა დახურული იყო პრესისთვის. კომენტარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ. შეხვედრის კულმინაცია იყო სახელმწიფო კანცელარიაში გამართული ბრიფინგი, რომელზეც მასპინძლებმა ჟურნალისტებს სთხოვეს სტუმრისათვის, ნატოს შეფასებითი ჯგუფის ხელმძღვანელის ფრანკ ბოლანდისათვის, შეკითხვები არ დაესვათ. შალვა ფიჩხაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”, ფიქრობს, რომ ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასება ამჯერადაც უცნობი დარჩება საზოგადოებისათვის. თუმცა გარკვეული ინდიკატორები, საქართველოს ალიანსში გაწვერიანების მხრივ, მაინც არსებობს.

[შალვა ფიჩხაძის ხმა] ”თუ, როგორც ბატონმა სხეფერმა აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ 2009 წელს საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდება ნატოს, ამის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით ამჟამად. ფაქტია, რომ IPAP-ი (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა) დასრულებული არ არის. და იყო დანაპირები ძალიან სერიოზული და ჟღერადი, რომ 2008 წელს გავხდებით ნატოს წევრები. ადრეც ვამბობდით, რომ ეს არარეალისტურად მიგვაჩნია. და დღეს ნათლად ჩანს, რომ ეს არარეალისტური იყო.”

ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის მიერ თებერვლის დასაწყისში მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ხელისუფლებამ აღიქვა, როგორც სიგნალი, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ხელისუფლების ოპტიმიზმი კიდევ უფრო გააძლიერა ზუსტად ერთი კვირის წინ ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებულმა კანონპროექტმა. დოკუმენტი, რომელსაც მხარი ”რესპუბლიკელებმაც” დაუჭირეს და ”დემოკრატებმაც”, საქართველოსთვის, ალიანსში გაწევრიანების დასაჩქარებლად პირდაპირი დახმარების სახით, 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის კვალობაზე, საქართველოც სულ უფრო ცდილობს დაუმტკიცოს ალიანსის ხელმძღვანელობას, რომ იგი არა მხოლოდ სხვათა დახმარების მომხმარებელია, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი იმ სამშვიდობო ოპერაციებში, რომლებშიც ნატოს წევრი სახელმწიფოები მონაწილეობენ. როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, კოსოვოსა და ერაყის გარდა, წელს ქართველი სამხედროების გაგზავნა იგეგმება ავღანეთშიც, სადაც სამხედრო ოპერაციას უშუალოდ ნატოს სარდლობა ხელმძღვანელობს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ, რომ, ისევე როგორც ერაყში, ავღანეთშიც კონტრიბუცია - და თანაც სერიოზული - მოვახდინოთ. იმიტომ რომ, ეს, ჯერ ერთი, შედის ჩვენი მოკავშირეების ინტერესებში და, მეორე, ეს შედის ცივილიზებული კაცობრიობის ინტერესებში. ამიტომ საქართველო ყოველთვის დგას ცივილიზაციის გვერდზე, მით უმეტეს, როდესაც ის უპირისპირდება ველურობას.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება სხვა მხრივაც მომზადებული ხვდება ნატოს შეფასების მისიას, რომლის დასკვნაზეც დიდად იქნება დამოკიდებული, შემოკლდება თუ არა მანძილი ნატომდე. ხელისუფლებამ გაითვალისწინა უცხოელი ექსპერტების შენიშვნები და შარშან თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებული ფონდი გააუქმა. თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომლის საომარი რიტორიკა ბრიუსელში ბევრს აღიზიანებდა. ნატოელ ექსპერტებზე შესაბამის შთაბეჭდილებას მოახდენს მათი ჩამოსვლის წინ ოპერატიულად ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვაც. კომპანია ”ბალტიკ სერვისისა” და გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 83% ნატოში გაწევრიანების მოხრეა. მაშინ როცა ეს მაჩვენებელი საქართველოში შარშან 74-%-ს შეადგენდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG