Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად გამსახურდიას ნეშტს საქართველოში დაკრძალავენ


13 წლის წინ გროზნოში დაკრძალული საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავის ადგილსამყოფლის შესახებ ბოლო დრომდე ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა.

საქართველოსა და რუსეთის მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ ზვიად გამსახურდიას საფლავი დაიკარგა. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად კი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი ოჯახის წევრებმა ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე საქართველოში გადაასვენეს. ვითარებას ნათელი მოეფინა 2007 წლის 3 მარტს, როცა გროზნოში ჩასულმა ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ, რუსეთის ხელისუფლების დახმარებით, მამის საფლავს მიაკვლია. საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავის პოვნისა და შესაძლო გადმოსვენების ცნობამ ავტომატურად წამოჭრა კითხვა: სად დაკრძალავენ ზვიად გამსახურდიას? დასახელდა სამი სავარაუდო ადგილი: მთაწმინდის პანთეონი, სამების ტაძარი და კოლხური კოშკის ეზო.

ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთის დედაქალაქში 1994 წლის 23 თებერვალს დაკრძალეს. თუმცა სტუმართა რეზიდენციის ეზო, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი მდებარეობდა, 1998 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე საომარი კამპანიისას, ფედერალურმა ნაწილებმა თითქმის მიწასთან გაასწორეს, საქართველოში ნეშტის აღმოჩენამდეც სჯეროდათ, რომ გამსახურდიას ნეშტი საიდუმლო ადგილას იყო გადასვენებული.

[მამაკაცის ხმა] „ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი საფლავის იქ დატოვება, რადგან რუსეთის ავიაცია სიღრმისეულად ბომბავდა იმ ადგილს, სადაც ჯოხარ დუდაევის სასახლე და ზვიად გამსახურდიას რეზიდენცია იყო. ჩეჩნებს საფლავებიდან წინაპრების ძვლები ამოუყარეს. ზუსტად ის ადგილები იბომბებოდა. ასე რომ, იქ მას არავინ დატოვებდა.“

გამსახურდიას ნეშტი, მართლაც, გადაასვენეს. ეს ინფორმაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ემიგრაციაში მცხოვრებმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ ზაკაევმა დაადასტურა ინტერვიუში, რომელიც მან რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჩეჩნურ განყოფილებას მისცა. ზაკაევის თქმითვე, მას საფლავის მოძებნაში დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა სთხოვეს.

[ზაკაევის ხმა] “ჩვენ ვთხოვეთ მათ: არ არის საჭირო ამაში აჩქარება, თქვენ ხომ იმ ხალხს უთანხმდებით, ვინც მამათქვენი მოკლა, ეს ხომ მათი შეურაცხყოფაა, ვინც, უფრთხილდებოდა რა მამათქვენის პატივს და ქართველი ხალხის ღირსებას, ამ ვითარების შენარჩუნებას ცდილობდა. ისტორია ამას არ გაპატიებთ, ჩეჩენ ხალხსაც ნაწყენს დატოვებთო. - მაგრამ არ გვისმინეს. საქართველოს მთავრობა პოპულისტურად მოქმედებს, ოჯახის წევრებს კი სურთ, რომ მათზე ილაპარაკონ.“

ახმედ ზაკაევის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზვიად გამსახურდიას საფლავს მაინც მიაკვლიეს. დევნილობაში მყოფი ჩეჩენი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურს მტრის მხარეს გადასულმა ჩეჩნებმა მიაწოდეს.

[ახმედ ზაკაევის ხმა] “ადრინდელ საუბრებში გვითქვამს, რომ ჯერ გამსახურდიას საფლავის ადგილსამყოფლის გამხელა არ შეიძლება. მაგრამ დღევანდელი ჩეჩნეთის პირობებში ძნელია იმის დამალვა, რაც ორმა-სამმა კაცმა იცის. თუმცა იქ ეს საფლავი დიდად არც არავის უძებნია. უბრალოდ, ჩეჩნეთის ხელისუფლებაში ბოლო გადააგილების შემდეგ, როცა ერთი მოაშორეს, ხოლო მეორე მის ადგილზე დასვეს, გადაწყვიტეს გაეზარდათ ახალი ხელმძღვანელის წონა ადგილობრივი მოსახლეობისა და კავკასიის ხალხების თვალში. ეს არის ამ აქციის მიზანი. და ეს პოლიტიკური თამაშებია.”

ზვიად გამსახურდიას საფლავი 3 მარტს გათხარეს. ნეშტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ამოიცნო. ცოტნე გამსახურდიას თქმით, დახმარების თხოვნით მან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ შარშან მიმართა:

[ცოტნე გამსახურდიას ხმა] „მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების ყველა ორგანოს დახმარებისა და ხელის შეწყობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პირადად რამზან კადიროვს იმ თანადგომისა და დახმარებისათვის, რაც მან აღმომიჩინა.“

ცოტნე გამსახურდიას თქმით, პირველი პრეზიდენტის ნეშტი ამჟამად რუსეთის ფედერაციაში, დონის როსტოვშია გადასვენებული, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი მას საქართველოში დაკრძალავენ, თუმცა საკითხავია - სად? ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას, კომენტარი:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] „მე შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობასთან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ჯერ კიდევ 2004 წლის მარტში და მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია დაკრძალულიყო ზვიად გამსახურდია წმინდა ილია მართლისა და მერაბ კოსტავას გვერდით.“

ანუ დაკრძალულიყო მთაწმინდის პანთეონში. უნდა ითქვას, რომ ამ მოსაზრებას ბევრი თბილისელი იზიარებს, თუმცა ნაწილი იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მე ქუჩაში გამოველაპარაკე, სხვაგვარად ფიქრობს:

[მამაკაცის ხმა] „კარგია, რომ გადმოასვენებენ. საპატიო ადგილზე უნდა დაასაფლაონ, რამეთუ პირველი პრეზიდენტი იყო.“

[ქალბატონის ხმა] „უნდა გადმოასვენონ სამების ტაძართან.“

ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის წინააღმდეგია პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია:

[მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხმა] „ზვიად გამსახურდია დაიკრძალება სამების ტაძრის ტერიტორიაზე, არავის აქვს უფლება თავი დააყენოს ცოტნე და გიორგი გამსახურდიებზე მაღლა. მათი ყეფა ამაოა. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.“

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საკუთარი პოზიცია არ ჩამოუყალიბებია ზვიად გამოსახურდიას გადმოსვენების სახელმწიფო კომისიას, ხოლო საპატრიარქო, როგორც მეუფე დავითი ამბობს, გადაწყვეტილებას საერო ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

[მეუფე დავითის ხმა] „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განსასვენებლის განსაზღვრა აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფოს პირველ პირთან. რაც შეეხება მის საბოლოო განსასვენებელს, საპატრიარქო თვლის, რომ აუცილებელია, გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები იქნებიან დაკრძალული.“

თუმცა, სამუდამო განსასვენებლის ადგილმდებარეობის გარდა, ჯერჯერობით ასევე გაურკვეველია ზვიად გამსახურდიას საქართველოში გადასვენების ზუსტი თარიღი. დაკრძალვამდე დონის როსტოვის ლაბორატორიაში მოთავსებული ნეშტი რუსმა, ქართველმა და ამერიკელმა ანატომებმა უნდა გამოიკვლიონ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG