Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კოსოვოში მდგომარეობის გასარკვევად კომისიის გაგზავნის მომხრეა


რუსეთი გამოდის წინადადებით, კოსოვოში ვითარების შესასწავლად გაეროს საგანგებო კომისია გაიგზავნოს, სანამ ამ პროვინციის დამოუკიდებლობის გეგმის განხილვა მოხდებოდეს.

მოსკოვი ეწინააღმდეგება ამ გეგმას და აცხადებს, რომ იგი არ ითვალისწინებს სერბების ინტერესებს.

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა სამშაბათს არ ისურვა კოსოვოს საკითხში გაეროს საგანგებო წარგზავნილის, მარტი აჰტისაარის გეგმის კომენტირება.

[ჩურკინის ხმა] "მე არ მინდა ბატონ აჰტისაარის გეგმის კრიტიკა მის ზურგს უკან. რუსეთს მასთან წარსულში მთელ რიგ საკითხებში ჰქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ როლში მის ძალისხმევას უკანასკნელი 18 თვის მანძილზე. არსებობს საკითხები, რომლებზეც მინდა მარტი აჰტისაარის თანდასწრებით ვიმსჯელო, როცა იგი შიშროების საბჭოში მოვა."

აჰტისაარის გეგმა კოსოვოსთვის "კონტროლირებად დამოუკიდებლობას" ითვალისწინებს. მას მხარს უჭერენ დასავლეთის ქვეყნები, მაგრამ რუსეთი, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლება მოეპოვება, ეწინააღმდეგება მას.

მოსკოვი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს გეგმას, თუკი არ იქნება გათვალისწინებული სერბების ინტერესები. იგი გამოვიდა მოწოდებით, მოლაპარაკებების გზით იქნეს მიღწეული პროვინციის ეთნიკური ალბანელებისა და სერბებისთვის მისაღები გადაწყვეტილება.

სამშაბათს ჩურკინი გამოვიდა წინადადებით, უშიშრობის საბჭოს წევრები ესტუმრონ კოსოვოს და შეისწავლონ გაეროს 1244-ე რეზოლუციის განხორციელებასთან დასაკავშირებული საკითხები.

ამ რეზოლუციით, გაეროს 1999 წელს დაეკისრა პროვინციის მართვის პასუხისმგებლობა მას მერე, რაც ნატოს მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დასრულდა სერბიის სამხედრო ოპერაცია კოსოვოელი ალბანელების წინააღმდეგ.

[ჩურკინის ხმა] "ჩვენთვის ლოგიკური და, ფაქტობრივად, აუცილებელიცაა იმის ნახვა, როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია 1244-ე რეზოლუციის განხორციელების საქმეში. ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ჩვენ - საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღჭურვილნი - განვიხილავდეთ ბატონ აჰტისაარის გეგმას."

ჩურკინმა თქვა, რომ მის წინადადებაზე რეაქცია დაინტერესებული და დადებითი იყო. გაეროში სამხრეთი აფრიკის ელჩმა, დუმისანი კუმალომ თქვა, რომ, მისი აზრით, უშიშროების საბჭომ შეიძლება მოგება ნახოს კოსოვოში მოგზაურობით. მაგრამ, მისი სიტყვებით, საბჭოს სხვა წევრები მიიჩნევენ, რომ დროა, სხვა საკითხებს მიეხედოს.

აჰტისაარის გეგმას უშიშროების საბჭო აპრილში განიხილავს დახურულ კარს მიღმა.
XS
SM
MD
LG