Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა თბილისში ვიზიტის დაწყებისთანავე საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა


საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები და სამხრეთ ოსეთის ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თემები განიხილეს საპარლამენტო ოპოზიციისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მეთიუ ბრაიზას შეხვედრაზე.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ძირითადად, კმაყოფილნი დარჩნენ ბრაიზასთან გამართული დიალოგით. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა გახდა ამ კმაყოფილების მიზეზი და რაზე ისაუბრეს, უფრო კონკრეტულად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან შეხვედრაზე.

თბილისში ვიზიტის დაწყებისთანავე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეთიუ ბრაიზა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან სტუმრობამდე, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. აქამდე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს, ძირითადად, ურთიერთობა მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდათ. მეთიუ ბრაიზას ამჟამინდელი ნაბიჯით კი ოპოზიციონერები კმაყოფილნი დარჩნენ და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის საქართველოს ოპოზიციის აზრი სულ უფრო ფასეული ხდება. თავად მეთიუ ბრაიზას მოსაზრება მოვისმინოთ:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს პარტიები პარლამენტში არიან წარმოდგენილი. საქართველო მართლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო ახლა განვითარების სტადიაში მყოფი დემოკრატიაა, რომელსაც ჯერაც გასავლელი აქვთ გზა რეფორმების გასაღრმავებლად, პარლამენტის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არ არსებობს. ”

როგორც მეთიუ ბრაიზას განცხადებიდანაც ჩანს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საკითხები და სასამართლოს დამოუკიდებლობა შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო. ოპოზიციამ ამ პრობლემების მოსაგვარებლად აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობა სთხოვა. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის კომენტარი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელებს, რომ მათ გვიშუამავლონ ხელისუფლებასთან, რათა ამ საკითხს ერთად მოვუაროთ. ეს ის თემაა, რაზეც ოპოზიციას და ხელისუფლებას შეუძლია ერთად ვიმუშაოთ.”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის დიალოგის კიდევ ერთი მთავარი თემა საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა იყო. ლაპარაკია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ. ეს იდეა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს 28 მარტს გააცნო. ოპოზიციური პარტიები ახალ ინიციატივას კონსტრუქციულად მოეკიდნენ, რაც მეთიუ ბრაიზასთან გამართულ შეხვედრაზეც გამოჩნდა. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერს დავით გამყრელიძეს მოვუსმინოთ:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მე ვერ ვიტყვი, რომ ამერიკის მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ან კატეგორიულად ემხრობა. ისინი ცდილობენ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ და თუ ეს არ იქნება გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ეს იქნება საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მათთვის ეს მისაღები იქნება.”(სტილი დაცულია)

ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემატიკასთან დაკავშირებით თავად მეთიუ ბრაიზას, აი, ასეთი პოზიცია აქვს:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”ვფიქრობ, ზოგადად, საქართველოს მთავრობა საკითხისადმი კონსტრუქციულ მიდგომას ამჟღავნებს. ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარია, მას წარმოდგენილი აქვს გეგმა, რომელიც ჩვენ დამაიმედებლად მიგვაჩნია. და ვფიქრობ, დროა, მხარეებმა დაიწყონ დისკუსია, რომელიც ურთიერთნდობას დაეფუძნება და კონსტრუქციული იქნება - ისეთი, როცა ორივე მხარე რეალისტურ, პერსპექტიულ გზებს წარმოადგენს. რაც გააკეთა ეუთომ ეკონომიკური დახმარებით, წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის სტაბილიზაციასა და რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლობის ზრდას. ასეთი ზომა კიდევ მეტი გვჭირდება.”

როგორც რეპორტაჟის დასაწყისში ვთქვი, საპარლამენტო ოპოზიცია კმაყოფილი დარჩა მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრით. ამის მიზეზი კი ისიც არის, რომ აშშ-ის წარმომადგენელი ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარი ქვეყნის პრობლემების დაძლევის პროცესში დახმარებასა და თანადგომას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG