Accessibility links

როგორ აღნიშნავენ საქართველოში ნატოს დაარსების დღეს?


საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - ნატოს - შექმნის დღე, 4 აპრილი, სხვადასხვა აქციებით აღნიშნეს. მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა,

სტუდენტთა შორის გამოვლინდნენ ნატოს თემაზე შექმნილ საუკეთესო ნაშრომთა ავტორები, მოეწყო ფილმის ჩვენება და სხვ. ამ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობით საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას ნატოსკენ სწრაფვის მნიშვნელობა აუხსნან.

ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის თემატიკას თბილისის სკოლის მოსწავლეებმა მიუძღვნეს ნახატების გამოფენა, რომელიც ბავშვთა მხატვრული ხელოვნების გალერეაში 4 აპრილს გაიხსნა. მოსწავლეთა ნახატებში უხვადაა ჯარისკაცები, სამხედრო ტექნიკა და ქოლგები, ნატოს ემბლემით.

[მედეა ბეჟუაშვილის ხმა] ”გამოვხატე ქართველი ხალხი, რომელიც ძალიან დიდი სიხარულით შედის ნატოში და უერთდება ნატოს ქვეყნების მხირულებას. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი, როგორც ყოველთვის, ცდილობს ზეგავლენა იქონიოს საქართველოზე და იჭერს იმ კარებს, რომელმაც ევროპაში უნდა გაგვიყვანოს.”

აი, ასე აღწერს თავის ნახატს მედეა ბეჟუაშვილი, 129-ე სკოლის მოსწავლე. მისი თანატოლი ლაშა ამირეზაშვილიც ნატო-საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ასახავს საკონკურსო ნამუშევარში.

[ლაშა ამირეზაშვილის ხმა] ”საქართველომ გადალახა ბარიერები და შემდეგ შედის ნატოში. ნატო არის ქვეყნების გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი საშიში ქვეყანაა და, თუ გავერთიანდებით, ნატო დაგვეხმარება თავისი ჯარებით.”

მოსწავლეთა ნახატების ასეთი სულისკვეთება მოიწონა და შეაქო გამოფენაზე მისულმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”... ძალიან კარგია. დიდი ხანია ხატავ? ეს ქოლგაა? გვიფარავს ნატო?.. შეხედეთ, ბავშვები ისე აღიქვამენ ამ ორგანიზაციას, აბსოლუტურად ისე, როგორც არის საჭირო, რისთვისაც არის შექმნილი ეს ორგანიზაცია - იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატიული ქვეყნების, წევრი ქვეყნების, უსაფრთხოება და მშვიდობა, რისთვისაც გვინდა ჩვენ ვიყოთ ამ ორგანიზაციის წევრი.”

ამ ნამუშევრებისთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ 150-მდე ბავშვი ფუნჯებითა და საღებავებით დაასაჩუქრა. იქვე დასახელდა 3 სტუდენტი, რომლებმაც თანატოლთა შორის ნატოს თემაზე საუკეთესო კვლევა მოამზადეს. მესამე პრიზი წილად ერგო ირაკლი ღლონტს, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსელს, რომელმაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციაში ეკონომიკური სარგებელიც დაინახა:

[ირაკლი ღლონტის ხმა] ”ეკონომიკურადაც ბევრი შესაძლებლობები შეიძლება მოგვცეს, ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, ქართველ მეწარმეებს და ბიზნესმენებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ნატოს ღონისძიებებში.”

პირველი პრიზი წილად ერგო ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს მაკა ბურდილაძეს.

[მაკა ბურდილაძის ხმა] ”მე დავწერე, რატომ მინდა საქართველო ნატოს წევრი გახდეს. იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ეს არის ნაბიჯი დემოკრატიულობისკენ. მე მგონი, ამაზე ერი და ბერი ერთსულოვანია უკვე...”

ერს და ბერს, როგორც ეს სტუდენტი ამბობს, სულ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს, მართლაც უნდა საქართველოს ნატოში ინტეგრირება, თუმცა კი ნაკლებად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნატო. საქართველოს მთავრობა აპირებს მსგავსი პროპაგანდისტული ღონისძიებები მომავალშიც მოაწყოს, რათა, როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, საზოგადოებამ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს.
XS
SM
MD
LG