Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას მესამე მოსმენითაც მხარი დაუჭირა


საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ.


კანონის თანახმად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული, სადაც სახელმწიფო მმართველობას პრეზიდენტის მიერ შერჩეული პირები და პოლიტიკური ძალები განახორციელებენ. კანონის სახით, ქვეყნის პარლამენტმა მოიწონა პრეზიდენტის ინიციატივა და მას კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის შექმნაზე თითქმის ერთსულოვანი თანხმობა განუცხადა. ახლა ჯერი კვლავ პრეზიდენტზეა– მასზეა დამოკიდებული, რა საზღვრებში მოექცევა ადმინისტრაციული ერთეული და რომელი ჯგუფი განახორციელებს სახელმწიფო მმართველობას.

ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონის დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის საზღვრების შესახებ ჯერჯერობით, ძირითადად, იმის თქმა შეიძლება, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმონაქმნის მაქსიმალური ტერიტორიული საზღვრები არ უნდა აღემატებოდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას. რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ჯგუფს, მასზეც მხოლოდ მინიშნება კეთდება. ერთ–ერთი პირველი მინიშნება თავად მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. 15 მარტს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას მან ბრძანა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიმიტრი სანაკოევის მოძრაობასთან ოფიციალურ მოლაპარაკებასა და ურთიერთობას იწყებს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოს ხალხთან ერთიანობა აღადგინოს. პრეზიდენტის ინიციატივამ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ კანონის სახე 13 აპრილს შეიძინა.
კანონი აღიარებს და იცავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებებს და ქართულ–ოსური დაპირისპირების აღმოფხვრის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას პრიორიტეტად ასახელებს. თუმცა ერთია მოსახლეობა და მეორე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც პოზიციების დათმობას არ აპირებს და საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის ახალ სამშვიდობო გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებს.

[დავით გამყრელიძის ხმა]“ გვაქვს სურვილი შევხვდეთ ბატონ კოკოითის, ჩავიდეთ ცხინვალში, ვესაუბროთ მის გარემოცვას. ჩვენთვის არ არის დღეს რომელიმე ერთი მხარე პრივილეგირებული და რაღაცნაირად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული. გვაქვს ყველასთან დიალოგის სურვილი და ვფიქრობ, რომ დიალოგს არაფერი არ უნდა დაუდგეს წინ, არაფერს არ ვავალდებულებთ, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სწორედ გამომდინარე ამ საუბრებიდან, ამ შეხვედრებიდან და ამ კონსულტაციებიდან.“

ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი კანონის თანმდევი და კანონით გათვალისწინებული მორიგი პროცესუალური ნაბიჯების მხარდასაჭერ გადაწყვეტილებას გულისხმობს. კერძოდ, კონფლიქტის ზონაში დროებით ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სპეციალური დადგენილებით საქართველოს პარლამენტი ქმნის. ამ დადგენილების მიღებამდე პრეზიდენტთან საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური სპექტრის კონსულტაციები გაგრძელდება. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პოლიტიკური დიალოგის მხარეებად უმრავლესობისთვისაც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში მოქმედი ორივე არაღიარებული პრეზიდენტი და მთავრობა მოიაზრებიან:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ბატონ კოკოითის, ბატონ სანაკოევს, აქტიურად ჩაერთონ კონსულტაციებში, მიიღონ მონაწილეობა კონსულტაციებში და მართლაც ერთობლივად იქნეს გამოძებნილი გზა პოლიტიკური დარეგულირებისაკენ. მე იმედი მაქვს, რომ არც ერთი გონივრული ძალა ამ შეთავაზებაზე არ განაცხადებს უარს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ძალები, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელობით და ინიციატივით, ვადასტურებთ მზადყოფნას კონფლიქტის მხარეებთან საუბართან დაკავშირებით.“(სტილი დაცულია)

რაც შეეხება არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს,13 აპრილს საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ ცხინვალის რეგიონში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის დაწყების მიზანშეწონილობისა და მზაობის შესახებ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა. „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოველგვარი შუამავლის გარეშეც შესაძლებელია საუკუნეების მანძილზე არსებული ურთიერთობების აღდგენა“ - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები მიიჩნევენ, რომ დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა რეგიონის მოსახლეობის დაახლოებასა და ერთიანი სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG