Accessibility links

logo-print

საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარების ახალი ტენდენციები


თბილისში უკვე მეცხრედ გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სახელწოდებით ”კავკასიის ტურისტული ბაზრობა 2007”.


გამოფენის 14 სტენდზე ათამდე ქვეყნის 90 კომპანიაა წარმოდგენილი. ისინი მომხმარებლებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებას სთავაზობენ, დაწყებული საქართველოს მთაში მოგზაურობით თუ საზღვარგარეთის კურორტებზე დასვენებით და დამთავრებული ტურისტული სესხებით.

ტურისტული გამოფენა 12 აპრილს გაიხსნა და იმ დღეს ექსპო ჯორჯის პავილიონს არ აკლდა არც ოფიციალური პირები და არც ქართული ხალხური ცეკვა-მუსიკა. მეორე დღეს კი, მაშინ, როდესაც მე გამოფენის მონაწილეებს გავესაუბრე, შედარებით სიმშვიდე იყო.

[ვაჟა ჭინჭარაულის ხმა] ”შარშან უფრო მეტი უცხოელი მოდიოდა, წელს საერთოდ არავინ ჩანს, მაგრამ ცნობადი გავხდით და ვებგვერდთან ერთად ამაში გამოფენაც დაგვეხმარა.”

ეს არის ვაჟა ჭინჭარაული, კომპანია ”ალიონი ტურის” ხელმძღვანელი. მას იმედი აქვს, რომ წელს მისი ტურისტული მარშრუტების მომხმარებელთა, ანუ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამთვალიერებელთა, რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ოპტიმიზმის საფუძველი კი ის დინამიკაა, რაც 2006 წლის მანძილზე შეიმჩნეოდა. საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამარ მაისურაძის, კომენტარი:

[თამარ მაისურაძის ხმა] ”ერთი წლის მანძილზე, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, უცხოელი ვიზიტორი არის 86 პროცენტით მომატებული.”

ამ დინამიკის გათვალისწინების შედეგად, წელს თბილისის ტურისტულ გამოფენაზე უცხოური კომპანიების რაოდენობის მატება შეიმჩნევა. მათ შორის არის ავიაკომპანია ”აირბაკტიკა”.

[კარლის მილტონცის ხმა] ”საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩვენ დავიწყეთ ფრენა გასულ წელს და ვხედავთ, რომ მგზავრები ინტერესს იჩენენ. დიახ, ბაზარი ვითარდება - დავიწყეთ 2 რეისით და ახლა უკვე 3 გვაქვს. მომავალში უფრო მეტი ფრენის შესაძლებლობასაც განვიხილავთ.”

კარლის მილტონცის მსგავსად, ქართული ბაზრით დაინტერესებულია თურქეთის მთავრობის ტურისტული უწყება, აგრეთვე, სომხეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. ამ ინტერესის შესაბამისად ვითარდება ტურისტული მომსახურების სხვადასხვა პროდუქტები.
წლევანდელ გამოფენაში მონაწილობას ღებულობს ”ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, ტურისტული დაზღვევით, და ”თი-ბი-სი ბანკი”, ტურისტული სესხებით. ბანკის წარმომადგენლის ირაკლი ნიორაძის განმარტება:

[ირაკლი ნიორაძის ხმა] ”ტურისტებისთვის ჩვენ შეგვიძლია გავცეთ სესხები...”

მიუხედავად ამ ახალი ტურისტული პროდუქტების დანერგვისა, ექსპერტთა აზრით, საქართველოში ტურიზმის განვითარების შემაფერხებლად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, გზები, სასტუმროები და სხვ. ამას გამოფენაზე მყოფი სტუდენტებიც კი აღნიშნავდნენ.

[სტუდენტების ხმა] ”რა თქმა უნდა, არ არის ისეთი დონე...”

ამ სტუდენტის მსგავსად, ბევრს სჯერა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე ტურისტული ბიზნესი შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო განვითარდება,რადგან, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ქართველი ტურისტების აქტივობაც იზრდება და უცხოელი სტუმრების რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. მაგალითად, თუ 2005 წელს საქართველოს 560 ათასზე მეტი უცხოელი ესტუმრა, 2006 წელს ამ რიცხვმა 983 ათასს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG