Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


692-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გესაუბრებით რიყის წარსულსა და სავარაუდო მომავალზე; მოგითხრობთ იმაზე, ირღვევა თუ არა საზოგადოებისათვის დახურულ დაწესებულებებში მყოფი ადამიანების საარჩევნო უფლება; შემოგთავაზებთ სიუჟეტს მომღერალ მანანა მენაბდეზე; ვისაუბრებთ ეკოლოგიური საწვავის პრობლემებზე.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

რიყე - წარსული და სავარაუდო მომავალი

ბიძინა რამიშვილი:
რიყეზე უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკა რესტორნების დემონტაჟს ახორციელებს. ეს რესტორნები დაახლოებით 10-15 წელია აშენდა რიყეზე, მანამდე კი, როგორც ცნობილია რიყემ არაერთხელ იცვალა იერსახე. როგორ ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე რიყე, როგორ იცვლებოდა მისი განაშენიანება და ფუნქცია თბილისში, რა გეგმები გააჩნია რიყესთან დაკავშირებით დედაქალაქის ხელმძღვანელობას - ამის შესახებ უფრო დაწვრილებით რადიო ”თავისუფლების” თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

ალექსანდრე ელისაშვილი:
ისტორიულად რიყე ხან შემოდიოდა თბილისის ფარგლებში, ხან მის მიღმა იყო. ეს ძირითადად დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად თავდაცვისუნარიანი იყო ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცნობა რიყის შესახებ მეჩვიდმეტე საუკუნისაა. ამ ცნობის თანახმად ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთე შაჰ ნავაზი დაესწრო სამკვდრო სასიცოცხლო ორთაბრძოლას თავადებს თუმანიშვილსა და ბარათაშვილს შორის და ეს შერკინება რიყეზე გამართულა. მოგვიანებით ლეკების თარეშის შედეგად თბილისის შემოგარენში მდებარე სოფლები კუკია, ჩუღურეთი, ვერე, სოღანლუღი, ასევე რიყის, ავლაბრის და ნავთლუღის ტერიტორია ხშირად დარბეული და დაუსახლებელი იყო. ვითარება შეიცვალა მეცხრამეტე საუკუნიდან, აღმსავლეთ საქართველოს რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ. როგორც ცნობილია საქართველოს აღმოსავლეთმა მართალია დამოუკიდებლოობა დაკარგა, თუმცა ლეკების ორსაუკუნოვანი თავდასხმები შეწყდა. ამის შედეგად პირველ რიგში განაშენიანება დაიწყო თბილისმა და მისმა შემოგარენმა. თანდათან სამეურნეო ნაგებობები გაჩნდა რიყეზეც. სიონის ეკლესიის გადასწვრივ წარმოიქნა ბზის მოედანი, სადაც ძირითადად თივით ვაჭრობდნენ. გაჩნდა ორი ქუჩა რიყეზე. უმეტესწილ რიყეზე ლუდხანები, სავაჭროები და სასტუმროები გახსნეს ვიუტენბერგიდან ჩამოსახლებულმა გერმანელებმა. აქვე იყო მართლმადიდებლური ე.წ. მისიონერული ეკლესიაც. რიყის მთავარი თავსატეხი წყალდიდობა იყო. ალექსანდრე როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვისა, თუ სხვა თბილისელი ფოტოგრაფების ფოტოებზე არაერთხელ არის აღბეჭდილი მტკვრის წყლით დატბორილი რიყე. ამ უბნისათვის გამანადგურებელი აღმოჩნდა მეოცე საუკუნის 70-იანი წლების წყალდიდობა, როდესაც ადიდებულმა მდინარემ უკვე საკმაოდ ძველი შენობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. ამის შემდეგ რიყე შენობებისაგან მთლიანად გაწმინდეს და ”თბილისობის” აღნიშვნის ეპიცენტრად აქციეს. ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლადო ვარდოსანიძე ქალაქის ხელმძღვანელობის ბოლო ძალისხმევას რიყეზე მდებარე რესტორნების დემონტაჟის თაობაზე ფორმით მიუღებელს და შინაარსით გამართლებულს უწოდებს:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] "ის რაც დღეს ხდება ფორმების მიხედვით მიუღებელია, მთუმცა უნდა ვთქვათ, რომ ის ობიექტები, რომლებიც მწკრივად იყო ჩარიგებული, რესტორნებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა, არანაირად არ პასუხობდა დედაქალაქის მოთოვნებს. ეს იყო ტიპიური ლათინური გამოთქმა არსებობს ”რუს ინ ურბე”, ანუ სოფელი ქალაქში, ისიც არა ტრადიციული ფორმით, არამედ მუტანტი სახით. ასე, რომ ეს მწკრივი უთუოდ ასაღები იყო, მაგრამ სრულიად სხვაგვარად."

ლადო ვარდოსანიძისათვის ახლა მთავარი პრობლემა ისაა, თუ რა აშენდება და რა სახეს მიიღებს თბილისის ცენტრში მდებარე დღემდე უფუნქციო უზარმაზარი ტერიტორია. მოარული ხმების მიხედვით რიყის განაშენიანების გეგმა მსოფლიოში სახელოვან იაპონელ არქიტექტორს შინ ტაკამაცუს უკვე შემუშავებული ჰქონია, თუმცა ეს მხოლოდ მოარული ხმებია და ეს გეგმა საჯაროდ არავის წარმოუდგენია:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] "საჯარო განხილვა ამისა არ ყოფილა, ჩვენთვის უცნობია ამის გეგმარებითი დავალება და საპროექტო დავალება უცნობია. ვფიქრობ თქვენმა, მასმედიის ინიციატივამ გამოიწვიოს ინტერესი ტალღა ყიყის მიმართ, რომლის გარეშეც ამგვარი უმნიშვნელოვანესი ზონის განვითარება დედაქალაქის ცენტრში წარმოუდგენელია. კულისებს მიღმა არ უნდა ხდებოდეს რიყის ბედის გადაწყვეტა."

ჯერჯერობით ჩვენთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი და შესაბამისად მისგან ვერ მოვახერხეთ რიყის სამომავლო ბედთან დაკავშირებით რაიმეს შეტყობა. თუმცა იმედია, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა რიყეზე მდებარე რესტორნების დემონტაჟის კვალდაკვალ გაამხელს ამ ტერიტორიის განვითარების გეგმებსაც.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

თუნდაც ერთი დაკარგული ხმა...

ბიძინა რამიშვილი:
"საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება... " - ამბობს საქართველოს კონსტიტუცია. თუმცა ეს უფლება არც თუ იშვიათად ირღვევა. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ხმა აიმაღლოს ამ დარღვევებზე, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისი ხმაც ძალიან იოლია დაიკარგოს. ისეთები ვისაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება. მაგალითად ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისათვის დახურულ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იმყოფებიან - არჩევნებიდან არჩევნებამდე. ირღვევა თუ არა მათი საარჩევნო უფლება, რა პრობლემები არსებობს და როგორ შეიძლება მათი მოგვარება, ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

მარინა ვაშაყმაძე:
თუ რას ნიშნავს როდესაც არჩევნებისას ხმის უფლებას გართმევენ - საქართველომ უკვე იცის...
თუ რა მოჰყვება ამას ისიც.

საქართველოს კონსტიტუცია... 28-ე მუხლი

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუველყოფილია ამომარჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

2. არჩევნებსა და რეფერედუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.

ყველა დანარჩენ მოქალაქეს ეს უფლება აქვს და ეს არის ხელშეუხები უფლება, რომლის შელახვასაც ის ადამიანები უფრო მტკივნეულად განიცდიან, ვისაც საარჩევნო ყუთთან მისვლა არ შეუძლია... მათ შორის ისინიც, ვინც ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

[სოზარ სუბარის ხმა] "კანონით ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა მაგრამ პრაქტიკაში ეს უფლება ხშირად ირღვევა.” (სტილი დაცულია)

მიიჩნევს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. სწორედ სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნა ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭო, რომელმაც ამ პრობლემის შესწავლა დაიწყო.

[არჩილ თალაკვაძის ხმა] "ხაზი მინდა გავუსვა ფაქტს, რომ ამაზე რომ დაიწყო ლაპარაკი, პრობლემაზე - რომ არჩევნებში მონაწილეობა ამ კონტიგენტმა უნდა მიიღოს, აუცილებლად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეხედულებები და ის სტიგმა, რომელიც იყო ამ კონტინგენტის მიმართ, ნელ-ნელა უკვე დაძლევადი ხდება და იცვლება ის მოდგომები, რომლებიც ადრე არსებობდა.“ (სტილი დაცულია)

ამ თემაზე საუბარი მავანს შესაძლოა ღიმილის მომგვრელადაც მოეჩვენოს. - იმდენი რამ არის საფიქრალი, ნეტა ამაზე დიდი პრობლემა არ გვქონდესო. მავანი კი პირიქით, ჩათვლის, რომ სწორედ ამგვარი ადამიანების ღირსებაზე ფიქრი გვაახლოებს ღირებულებებთან, რომლებსაც ქართული საზოგადოებისგან ის თანამეგობრობა ელის რომლისკენაც ასე მიისწრაფის საქართველო.

რა უნდა გაკეთდეს ამისათვის და რა ვერ გაკეთდა...

[გიგა გიორგაძის ხმა] "აღმოჩნდა რომ არის სისტემური პრობლემები, რომ პირადობის მოწმობები არ არის მითითებული სიებში, რომლებიც უნდა გადააგზავნოს ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში. და საბოლოო ჯამში დამატებითი სიები და გადასატანი ყუთი აღარ მიდის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც ხმა უნდა მისცენ იმ პაციენტებმა, რომლებიც ქმედუუნაროდ არ არიან აღიარებული.“ (სტილი დაცულია)

ამბობს გიგა გიორგაძე, სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

რას ფიქრობენ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. იქნებ სიტუაცია, მართლაც გაზვიადებულია.
ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ზურაბაშვილი ამბობს:

[დავით ზურაბაშვილის ხმა] "რასაკვირველია, ნებისმიერ ადაიანს აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მიუხედავად მისი ფსიქოფიზიკური მდგომარეობისა ეს არის ადამიანის უფლება, რომელიც მან პირადად უნდა გამოიყენოს. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია მას ყველა პირობა შეუქმნას. წინა არჩევნებში ალბათ გაურკვევლობა მოხდა, რამაც ტექნიკურად გამოიწვია ის, რომ მათ ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა.” (სტილი დაცულია)

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი ვახტანგ ამირანაშვილი კი სიტუაციას ასე განმარტავს:

[ვახტანგ ამირანაშვილის ხმა] "ახლა წინა არჩევნებთან დაკავშირებით როგორც ვიცოდით ოფიციალურად ჩვენ წარვადგინეთ სიები საარჩევნო ოლქში, ხაშურის რაიონში. ოფიციალურად ჩვენ რეგისტრირებული გვქონდა სამსახურში, იურისტს გავატანეთ, მაგრამ ადგილზე შეიძლება არასერიოზულად მოეპყრენ ამ საკითხს. ჰოდა არავინ არ მოსულა და ამიტომ ჩაიშალა ჩვენთან." (სტილი დაცულია)

მაშ მთავარი პრობლემა აქაც საარჩევნო სიებია. ცენტრალური სააჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ნინო ხარიტონაშვილი კი ამბობს რომ:

[ნინო ხარიტონაშვილის ხმა] "ამ შემთხვევაში ყველაფერი უკვე დამოკიდებულია თვითონ სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომლებმაც უნდა მისცენ საშუალება ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულონ, რომ ამ პირების სია სათანადოდ იყოს მოწოდებული, საარჩევნო კომისიის მხრიდან მათ არ ექნებათ პრობლემა, ეს ყველაფერი კანონით გათვალისწიბნებულია და შეძლებენ ამ უფლების განხორციელებას.” (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი პრობლემა, პირადობის მოწომობებია. მონიტორინგმა აჩვენა, რომ საავადმყოფოების მიერ გადაცემულ სიებს პირადობის მოწმობის ნომრები არ ახლდა. ექიმები კი ამბობენ, რომ ამგვარი ტიპის დაწესებულებებში პაციენტებს უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ აქვთ პირადობის მოწმობა. ის კი არა და, ხშირად მათი მისამართიც კი უცნობია.

[ნანა ზავდარაშვილის ხმა] "...და ამისთვის არ არის დიდი ხარჯი საჭირო, შეიძლება ერთი თანამშრომელი სრულიად საკამარისი იყოს, ისეთი ჯგუფი ყავდეთ, როგორიც ადვოკატურის ჯგუფია. რომელიც არც თუ ისე მაღალი ანაზღაურებით ხელს შეუწყობს იმას, რომ მოუგვარებს პაციენტებს, რომელთაც აქვთ პირადობის მოწმობის პრობლემები, შესაზლოა მეურვეობის პრობლემები და მე მგონი დადგა ის დრო, რომ სოცმუშაკი ყავდეს საავადმყოფოებს, და ბათუმს ყავს...” (სტილი დაცულია)

ამბობს ნანა ზავრადაშვილი საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასიციაციიდან. იგი ბათუმს ახსენებს, სადაც უკვე არსებობს საავადმყოფოში სოციალური მუშაკის მუშაობის პრეცედენტი.

[ნინო მახაშვილის ხმა] "მთავარი ექიმი ისეთი მადლიერი იყო, რომ არ ვილაპარაკოთ პაციენტებზე, რომ ამბობდა, მეორე სოცმუშაკიც ხო მარ ამეყვანაო, იმდენად ეფექტურად მუშაობს ეს გოგონა, ანუ, მაგალითია, პრეცედენტია, რომელიც მიანიშნებსა, რომ საავადმყოფოს სჭირდება ხელი, რომლითაც გამოვა საავადმყოფოს გარეთ, რომელიც დააკავშირებს საზოგადოებასთან ამ თავის პაციენტებს. უამრავი პაციენტი არის უპასპორტო, უამრავი პაციენტი წლების განმავლობაში არის საავადმყოფოში როგორც მდგმური, როგორც მაცხოვრებელი...” (სტილი დაცულია)

ამბობს ნინო მახაშვილი დახურული ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგის საბჭოს კოორდინატორი.
ეს, ცხადია სულაც არ არის გადაუჭრელი პრობლემები, უბრალოდ სურვილი და ნება სჭირდება. რადგან როგორც სოზარ სუბარი ამბობს:

[სოზარ სუბარის ხმა] "თითოეული მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია განახორციელოს თავისი ხმის მიცემის უფლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა ეხება საქმე გარკვეული შეზღუდვების მქონე პირებს. იმიტომ რომ მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ მათ ამ საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.” (სტილი დაცულია)

მითუმეტეს, რომ როგორც ექიმი ამბობს თურმე:

[ექიმის ხმა] "მიუხედავად სტიგმისა, რომელიც არსებობს, ჩვენი პაციენტები ყოველთვის სწორ და კარგ არჩევნებს აკეთებენ." (სტილი დაცულია)

აი, "სწორი და კარგი არჩევანი" კი უკვე სულ სხვა თემაა...

მარინა ვაშაყმაძე, რადიო "თავისუფლება", თბილისი.


მანანა მენაბდე თბილისში

ბიძინა რამიშვილი:
ახლა ერთ მომღერალზე გიამბობთ, რომელიც, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, თბილისში ბევრს უყვარს და რომელიც ბოლო წლებია, საქართველოდან შორს - ჯერ გერმანიაში, ახლა კი რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მანანა მენაბდემ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამი კონცერტი გამართა - ერთი - ყველასთვის, ორი კი ახლო მეგობრებისთვის, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ის თბილისში მოსკოვიდან ახალი დისკის ჩასაწერად ჩამოვიდა. რა გეგმები აქვს მომღერალს - ამის შესახებ მან თამარ ჩიქოვანს უამბო.

[მღერის მანანა მენაბდე]

[მანანა მენაბდის ხმა] ”არის ასეთი რადიო ტალღა ”ეხო მოსკვი”. ეს ტალღა ხშირად ჩემს სიმღერებს ატრიალებს და ეს სპონსორი მოდიოდა მანქანით, ჩართული ჰქონდა ”ეხო მოსკვი”. რომ მომისმინა - იმ დღეს მქონდა კონცერტი. მოვიდა და თვითონ შემომთავაზა. მას ახლა ძალიან უნდოდა, ჩამოსულიყო თბილისში, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ძალიან დაკავებულია. უაღრესად განათლებულია, რაც ძალიან იშვიათია.
[ჟურნალისტის ხმა] ძალიან სასიამოვნოა, როცა სპონსორი თავად გთავაზობს დახმარებას.
[მანანა მენაბდის ხმა] თანაც, სპონსორი ქართველი არ არის. აზერბაიჯანელი გახლავთ და რატომღაც აზერბაიჯანელს მოუვიდა აზრად, გახდეს ჩემი სპონსორი. მოეწონა, რასაც ვაკეთებ ქართულ მუსიკაში. პარადოქსებით არის სავსე ცხოვრება.”

თამარ ჩიქოვანი:
მანანა მენაბდის ცხოვრება მართლაც პარადოქსებით არის სავსე. მაგალითად, მას ძალიან უმართლებს კარგ ადამიანებზე - 1993 წელს, როცა თბილისიდან მიუნჰენში წავიდა, მისი აზრით, ცოტა ხნით, იქ კიდევ ერთ კარგ ადამიანს შეხვდა:

[მანანა მენაბდის ხმა] ”მე შემახვედრა ბედმა კარგ პიროვნებას და კარგ კერამიკოსს დანიელა შულცს, რომელიც შემდგომში გახდა ჩემი მენეჯერი. აქ ჩამოვიდა საქართველოში, ჩამაწერინა ნიკა მაჩაიძესთან და გოგი ძოძუაშვილთან დისკი ”სამი” - ელექტრონული მუსიკა, გერმანიაში ჩამაწერინა ორი დისკი - ეს იყო ”ბულატ ოკუჯავას სიმღერებს მღერის მანანა მენაბდე” და დისკი ”სიზმრები საქართველოზე”. მერე მითხრა - მანანა, მე ჩემი საქმე გავაკეთე, ახლა ისევ კერამიკას მინდა დავუბრუნდე, თუ არ გეწყინება და დაუბრუნდა კერამიკას.”

კერამიკას მანანაც ასე ვთქვათ გაუშინაურდა გერმანიაში ყოფნისას. კიდევ - წერა დაიწყო - ლექსების, იგავ არაკების. გამოსცა რამდენიმე წიგნიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღარ ცხოვრობს, თავს ემიგრანტად მაინც არ თვლის:

[მანანა მენაბდის ხმა] ”სხვა რაღაცაა, როცა იცი, რომ ვერ დაბრუნდები. მაგრამ როცა იცი, რომ ყოველ წამს შეგიძლია დაბრუნება - ეს რაღა ემიგრაციაა? უბრალოდ, წასული ხარ სულ ცოტა ხნით და დაბრუნდები უკან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.”

მანანა მენაბდის ბოლო წიგნს, რომელიც მოსკოვში გამოიცა, სახელად ”დრო მიდის” ჰქვია. საით მიდის დრო?

[მანანა მენაბდის ხმა] ”არ ვიცი, დრო საით მიდის, მაგრამ ვიცი, რომ მოვედი და ამ დროს ვაგრძელებ. მოვა კიდევ ვიღაცა და გააგრძელებს ამ დროს. გზაში ვარ. სულ გზაში ვარ.”

[მანანა მენაბდის სიმღერა]

გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მიზნით ეკოლოგიური საწვავის გამომუშავებისთვის გაწეულმა სამუშაომ, შესაძლოა, ახალი პრობლემები გააჩინოს

ბიძინა რამიშვილი:
გასულ თვეში მეხიკოში ათიათასობით ადამიანი ქუჩებში გავიდა და საპროტესტო აქციები გამართა. ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ სიმინდზე ფასის ზრდის გამო ოჯახების გამოკვებას ვეღარ ახერხებენ. მეხიკოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით - მალაიზიასა და ინდოეთში - ორანგუტანგის სახეობის მაიმუნებს განადგურება ემუქრებათ იმის გამო, რომ ტროპიკულ ტყეებს პალმების პლანტაციათა გაშენების მიზნით ჩეხენ. რა საერთო აქვს ამ ორ მოვლენას? შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მოვლენებს ერთმანეთთან ალტერნატიული, ე.წ. ”ეკოლოგიური საწვავის” გამომუშავებისთვის გაწეული შრომა აკავშირებს. დავით კაკაბაძეს მოუსმინეთ.

დავით კაკაბაძე:
ამ ბოლო ხანებში, ალბათ, კვირა არ გადის ისე, რომ პოლიტიკოსებმა თუ გარემოს დამცველებმა გლობალური დათბობის პრობლემა არ განიხილონ - იქნება ეს კონფერენციებზე თუ მედიის საშუალებით.

მაგალითად, მოისმინეთ შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის, განცხადება, რომლითაც ის გასულ თვეში კონგრესის კომიტეტის წინაშე გამოვიდა:

[გორის ხმა] ”პლანეტას სიცხე აქვს. როდესაც თქვენს შვილს აქვს სიცხე, ის ექიმთან მიგყავთ ხოლმე. და თუკი ექიმი გეტყვით, რომ ჩარევაა საჭირო, თქვენ არ უპასუხებთ, რომ წაკითხული გაქვთ ფანტასტიკის ჟანრის რომანი, სადაც ნათქვამია, რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუ ბავშვის საწოლს ცეცხლი უკიდია, იმაზე ფიქრს არ დაიწყებთ, ბავშვი ცეცხლგამძლეა თუ არა. მაშინვე იმოქმედებთ.”

6 აპრილს გაეროს ექსპერტ-კლიმატოლოგებმა 1,400 გვერდიანი გამოკვლევა გამოაქვეყნეს იმ გავლენების შესახებ, რომელსაც გლობალური დათბობა უკვე ახდენს და მომავალში მოახდენს. ექსპერტების თანახმად, გლობალური დათბობა პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეზე უკვე ამ საუკუნეში მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ამით განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა დაზარალდება. აზიისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში ძლიერი გვალვა დაიწყება, განადგურდება მოსავალი. ანგარიშს მალე გამოეხმაურნენ გარემოს დამცველი ორგანიზაციები. “გრინპისის” განცხადებით, ანგარიში შოკის მომგვრელია. ორგანიზაცია მოწოდებას გამოთქვამს, რომ საჭიროა მოქმედება, რათა არ იქცეს რეალობად ის, რაც ანგარიშშია ნაწინასწარმეტყველები.

მოკლედ, ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას: რამდენიმე სკეპტიკოსის გარდა, იმის შესახებ, რომ გლობალური დათბობა მიმდინარეობს, უკვე ყველა თანხმდება და ყველამ იცის, რომ თუ ადამიანები სათბურის გაზების შემცირების გზას ვერ მონახავენ, - პირველ რიგში, ეს მრეწველობის და მანქანების მიერ გამომუშავებულ გაზებს ეხება, - შედეგი ძალიან მძიმე იქნება: დადნება პოლარული ყინული, ადიდდება ოკეანეები და გახშირდება ცუდი ამინდი.

მაგრამ რაში მდგომარეობს ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების გზები?

ორი მაგალითი აჩვენებს, რომ ეს რთული საკითხია და ზოგჯერ გამოსავალმა შეიძლება იმაზე უფრო დიდი პრობლემები წარმოშვას, რომელსაც ვებრძვით.

როგორც განვითარებულ, ისე განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებში მსუბუქი მანქანების რაოდენობა იზრდება და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ასეც გაგრძელდება.

საკუთრივ მანქანების რიცხვის შემცირება არ გამოდის. ამიტომაც ვითარებიდან ლოგიკურ გამოსავალს ბევრი იმ საწვავის რაოდენობის შემცირებაში ხედავს, რომელსაც ეს მანქანები მოიხმარენ.

ამ თვალსაზრისმა კი, თავის მხრივ, ე.წ. ”ეკოლოგიური საწვავის” ცნება წარმოშვა.

ევროპის ქვეყნებში მთავრობებმა და გარემოს დამცველებმა ახლახან ბენზინის ალტერნატივად პალმის ზეთისგან დამზადებული საწვავის გამოყენების კამპანია წამოიწყეს. პალმის ზეთს პალმის ხის ნაყოფისგან იღებენ. ეს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ წარმოებული მცენარეული ზეთია. ამ ცხიმის გამოყენება საკვებშიც შეიძლება და მანქანის საწვავადაც.

ევროპამ, რომელსაც მიზნად აქვს დასახული 2020 წლისთვის სათბურის გაზები 20 პროცენტით შეამციროს, ამ ზეთის საწვავად გამოყენების იდეა ენთუზიაზმით აიტაცა.

თუმცა თანდათან გამოჩნდა, რომ ამ პროექტს მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ჰოლანდიის მთავრობის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდონეზიასა და მალაიზიაში ტროპიკულ ტყეებს და ტორფნარს ანადგურებენ ამ ტერიტორიებზე პალმების პლანტაციების გაშენების და ევროპაში ”ეკოსაწვავზე” გაჩენილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით.

ყოველივე ამის შედეგი კი მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა, რის შესახებაც უკვე გლობალური მედიაც ლაპარაკობს. ნახშირბადის შთანმთქმელი ბუნებრივი სისტემის განადგურების გზით, ინდონეზიამ დიდი საფრთხე შეუქმნა საკუთარ ველურ ბუნებას და ძალიან სწრაფად მოხვდა ყველაზე მეტი ნახშირორჟანგის გამომმუშავებელი სამი ქვეყნის სიაში.

”ბიოლოგიური საწვავის” საკითხმა შეერთებულ შტატებში სხვაგვარი დატვირთვა შეიძინა. გარემოს დამცველთა და ფერმერთა ინტერესების გამომხატველთა ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბენზინის ალტერნატივად სიმინდისგან მიღებული ეთანოლის გამოყენება დასახა. აქვე გეტყვით, რომ ეთანოლი იგივეა, რაც ღვინის სპირტი. საწვავად მისი გამოყენება პირველად ავტომრეწველობის ერთ-ერთმა პიონერმა, ჰენრი ფორდმა, დაიწყო.

ეთანოლის ფართოდ დანერგვის მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს არაერთ დადებით შედეგს მოიტანს: ადგილობრივი ფერმერები მოგებას ნახავენ, შემცირდება ამერიკის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნავთობზე და შემცირდება სათბურის გაზების რაოდენობა.

ერთი შეხედვით, თითქოს არავინ უნდა იყოს ინიციატივის წინააღმდეგი.

მაგრამ, პალმის ზეთის შემთხვევის მსგავსად, როგორც ირკვევა, შესაძლოა, ამ ინიციატივასაც მასშტაბური ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.

სიმინდი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურაა. სიმინდის გლობალურ ბაზარზე ლიდერის პოზიცია კი შეერთებულ შტატებს უჭირავს. მსოფლიოში სიმინდის ექსპორტის დაახლოებით 70 პროცენტს შეერთებულ შტატებში მოწეული მოსავალი შეადგენს.

ეს, შესაძლოა, გაგიკვირდეთ - ერთი შეხედვით, თითქოს ადამიანი ბევრ სიმინდს არ უნდა ჭამდეს. თუმცა სინამდვილეში ვითარება სხვაგვარია. სიმინდს უამრავ პროდუქტში მოიხმარენ - საქონლის საკვებიდან დაწყებული, ნაყინით და გაზიანი სასმელებით გათავებული.

შეერთებულ შტატებში ეთანოლის გამოყენებასთან დაკავშირებული კამპანიის დაწყების შედეგად, სიმინდზე ფასები გასულ წელს ორჯერ გაიზარდა და, როგორც ვარაუდობენ, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება

შეერთებულ შტატებში უამრავი ახალი საწარმო შენდება, რომელმაც სიმინდი ბიოლოგიურ საწვავად უნდა გადაამუშაოს:

[ბრაუნის ხმა] ”სიტუაცია კონტროლიდან თანდათან გადის. ამჟამინდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ წელს, როდესაც ამ გამოსახდელი სადგურებიდან უმეტესობა აშენებული იქნება, ჩვენი ვარაუდით, შეერთებულ შტატებში 2008 წელს მოწეული მარცვლეულობის მოსავლის ერთი მესამედი ეთანოლის წარმოებას მოხმარდება.”

ეს იყო ლესტერ ბრაუნი - ვაშინგტონში განთავსებული გარემოს დამცველი ორგანიზაციის, ”დედამიწის პოლიტიკის ინიციატივის”, ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ეთანოლთან დაკავშირებულ კამპანიას ადევნებს თვალს.

სიმინდზე ფასების მომატებამ გასულ თვეში ათიათასობით მექსიკელი ქუჩებში გაიყვანა. მთავრობა იძულებული გახდა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტზე - ტორტიიად წოდებულ სიმინდის პურზე - ფასის კონტროლი დაეწესებინა.

ბრაუნის თქმით, სიმინდის ფასის მატება სხვა მარცვლეულის ფასის ზრდასაც იწვევს:

[ბრაუნის ხმა] ”ეს ფასები ყოველთვის ერთად იცვლება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხორბალი ნაწილობრივ შინაური საქონლის გამოსაკვებად გამოიყენება, ნაწილობრივ კი ადამიანების საკვებ პროდუქტად. ევროპაში ხორბალი ცხოველების საკვებში გამოყენებული მთავარი მარცვლეულია. ამდენად, მსოფლიო ბაზრის კონტექსტში, თუ, ვთქვათ, სიმინდზე ფასი დრამატულად მოიმატებს, ფერმერები აიღებენ და მეტ ხორბალს დათესავენ. აზიის ორ უდიდეს ქვეყანაში, ინდოეთსა და ჩინეთში, სადაც, თუ ერთად ავიღებთ, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი ცხოვრობს, ხორბალი მთავარი მარცვლეულია ჩრდილოეთში, ბრინჯი კი მთავარი კულტურაა სამხრეთში. და თუ რომელიმე ამ კულტურაზე ფასი გაიზრდება, მისი მეორით ჩანაცვლების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ყოველთვის არის. ყოველივე ამის შედეგი კი ის არის, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, ბრინჯის და სიმინდის ფასები ერთად იცვლება.”

ეს კი ნიშნავს, რომ თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, ეს განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებს საკვების უკმარისობას და დესტაბილიზაციას მოუტანს.

ახლახან კუბის ლიდერმა, ფიდელ კასტრომ, შეერთებული შტატებს ეთანოლთან დაკავშირებული ინიციატივის გამო წაუყენა ბრალდება, რომ ამერიკა მსოფლიოს 3 მილიარდზე მეტ ღარიბ ადამიანს ”ნაადრევი სიკვდილისთვის წირავს, შიმშილის და წყურვილის გზით”.

ეს, ცხადია, გადაჭარბებული განცხადებაა. მაგრამ, ლესტერ ბრაუნის თქმით, ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ეთანოლზე მოთხოვნილების ზრდას მოაქვს, სათანადოდ უნდა იქნეს შეფასებული.

ძალიან მარტივად რომ ითქვას, სიმინდის რაოდენობა, რომლითაც ერთი მანქანის ბენზინის ავზის ავსებას სჭირდება, ერთ ადამიანს მთელი წელი გამოკვებავს. და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მოხმარებული სიმინდის უდიდესი წილი შეერთებულ შტატებში მოდის, ჩნდება შეკითხვა: ვინ იქნება ის, ვინც გადაწყვეტს, ამ სიმინდის რა რაოდენობა მოხმარდება საკვებს და რა რაოდენობა გადამუშავდება საწვავად?

[ბრაუნის ხმა] ”შეერთებულ შტატებში რისკი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ნავთობთან დაკავშირებულ გაურკვევლობასთან ვცდილობთ გამკლავებას ქვეყნის ფარგლებში, ამით, შესაძლოა, საკვებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოს ვუქმნიდეთ გაურკვევლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი პრობლემის მოგვარების მცდელობით ჩვენ კიდევ უფრო დიდ პრობლემას შევქმნით. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საკმარისი საჭმელი არა აქვთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში ნელ-ნელა მცირდებოდა. თუმცა რამდენიმე წლის წინ ეს ტენდენცია შეიცვალა და მათი რიცხვი ახლა იზრდება. და თუ მსოფლიო ბაზარზე მარცვლოვანი კულტურების ფასები მოიმატებს, რაც ახლა უკვე შეინიშნება, მშიერი ადამიანების რაოდენობა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს.”

დენის ეივერის, რომელიც რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს სოფლის მეურნეობის სტრუქტურათა მაღალჩინოსანი იყო, მემარცხენეს ნამდვილად ვერ უწოდებთ. მეტიც - მას საერთოდ არ სჯერა, რომ გლობალურ დათბობას ადამიანების ქმედებები იწვევს.

თუმცა ეთანოლის საკითხთან დაკავშირებით, ის იმ გარემოს დამცველთა მოსაზრებას იზიარებს, რომლებიც ამ ინიციატივის კრიტიკით გამოდიან:

[ავერის ხმა] ”იმის მიუხედავად, იზიარებთ თუ არა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის, მოსაზრებას, - რომ გლობალურ დათბობას ჩვენ ვიწვევთ, - ტყეების განადგურება იქ მარცვლეულობის დათესვის მიზნით მაინც გაუმართლებელია.”

ეივერის თქმით, იმისათვის, რომ მძღოლებმა სიმინდისგან გამომუშავებული ეთანოლის მოხმარება ფართოდ შეძლონ, შეერთებულ შტატებში მთელი ტყე უნდა გაიჩეხოს.

მოკლედ, კლიმატის ცვლილებებსა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე დისკუსიამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა ის, თუ როგორ მჭიდროდ არიან ქვეყნები ერთმანეთთან დაკავშირებულნი ჩვენს გლობალიზებულ მსოფლიოში. ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა ნამდვილად არ იქნება ადვილი...

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს სალომე ასათიანმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა.

ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - იულია საიკო, თბილისში - ლევან გვარამაძე.

მომავალ შეხვედრამდე რადიო "თავისუფლების" ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG