Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


7 მაისს საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში,

ე.ი. რკინიგზელთა სახლის ტერიტორიაზე, გაიმართება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ტრიოს, გერმანული ჯგუფის, ”ემის”, კონცერტი. ეს, შეიძლება ითქვას, უნიკალური მოვლენაა დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. უნიკალური - ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ჯაზის მოყვარულები მოუსმენენ მუსიკას, რომელიც არ ეყრდნობა ამერიკული ჯაზის ტრადიციებს და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ”სუფთა ევროპულია”... უნიკალური იმიტომაც, რომ კონცერტზე დასწრება თავისუფალია - თქვენ აღარ დაგჭირდებათ 100, 150 ლარის დახარჯვა იმისათვის, რომ კარგ ჯაზს მოუსმინოთ; გოეთეს ინსტიტუტის ეს პროექტი გაძლევთ საშუალებას უფასოდ მოუსმინოთ ანსამბლს, რომელსაც გერმანულმა პრესამ ”ეროვნული ჯაზის მხსნელი” უწოდა ჯერ კიდევ 2004 წელს, როცა მიხაელ ვოლნმა (ფორტეპიანო), ევა კრუზემ (ბას-გიტარა) და ერიკ შეფერმა (დასარტყამი ინსტრუმენტი) ერთდროულად ორი დისკი ჩაწერეს. ეს კომბინაცია - ფორტეპიანო, ბას-გიტარა და დასარტყამი - მეოცე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ კომბინაციად ითვლება ჯაზში, მაგრამ მუსიკის კრიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ანსამბლი ”ემი” სრულიად ახლებურად უკრავს, რაშიც დავრწმუნდებით, თუკი გერმანელი მუსიკოსების ერთი კომპოზიციის ნაწყვეტს მოვუსმენთ.

[მუსიკა]

”სიმებიანი კვარტეტის მსგავსად, ასეთი ტრიო ყოველთვის არსებობდა, - ამბობს მიხაელ ვოლნი. - სულ მიკვირს, როგორ შეიძლება ამ სამი ინსტრუმენტით მიაღწიო ისეთი რაოდენობის კომბინაციებს, რომ შეუძლებელი ხდება ზუსტად განისაზღვროს, თუ რა გამომდინარეობს ბასისგან, რა - დასარტყამი ინსტრუმენტისგან და რა -ფორტეპიანოსგან”. ერიკ შეფერი კი უმატებს, ჩვენს ტრიოში ზუსტადაა განაწილებული სოლისტისა და თანმხლების ფუნქცია, რადგან მრავალფეროვნება სიცოცხლის არსიაო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, ესაა კლასიკური ჯაზი - ყოველი ინსტრუმენტი თავის ”რიგს” ელოდება; მეორე მხრივ, ესაა გაერთიანებული ევროპის იდეა, რომელსაც ”ემის” მუსიკოსები ქადაგებენ - ერთიანობაში იდენტურობა არ იკარგება, როცა არსებობს თანასწორობის განცდა.

[მუსიკა]

სხვათა შორის, მიხაელ ვოლნი თავდაპირველად საქსოფონის ლეგენდასთან, გერმანული ჯაზის ფუძემდებელ ჰაინც ზაუერთან ერთად უკრავდა და, როგორც თავად ამბობს, მისი ანსამბლი არ არის ”ჯაზი, სუფთა გაგებით” .. იმპროვიზაციას რატომღაც მხოლოდ ჯაზს მიაწერენ, არადა, ექსპერიმენტი სხვა სახის მუსიკაშიც შეიძლებაო. ზაუერმა და ვოლნიმ ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს ჰესენის რადიოს მიერ მოწყობილ ერთ კონცერტზე. ამის შემდეგ დარმშტატში ლიტერატურულ საღამოში მიიღეს მონაწილეობა. პოეტები ლექსებს კითხულობდნენ, მუსიკოსები კი მხოლოდ ფონს ქმნიდნენ. მეორე დღეს მუსიკის კრიტიკოსები წერდნენ, რომ ამ მუსიკოსებმა პუბლიკას პოეზიაც უკეთ აგრძნობინეს, რადგან ზაუერისა და ვოლნის კომპოზიციები ჟღერდა, როგორც ლექსის კომენტარი... უფრო მეტიც, როგორც ცხოვრების კომენტარი; პოეზიასა და მუსიკაში რიტმი განუწყვეტლივ იცვლებოდა. ანსამბლ ”ემის” წევრები კი მიიჩნევენ, რომ სწორედ რიტმის მრავალფეროვნება და მოულოდნელობა განსაზღვრავს, საერთოდ, სიცოცხლის არსს.

[მუსიკა]

”ეს არის მუსიკა, რომელიც არ იქმნება არც ცნობილი შაბლონებისა და არც აბსტრაქტულ-ვირტუოზული კალკების მიხედვით”, - გვარწმუნებს გოეთეს ინსტიტუტი ჯაზ-ტრიო ”ემის” კონცერტის წინ გავრცელებულ პრესრელიზში. გარკვეული თვალსაზრისით, ასეთი სტილის ანსამბლის კონცერტის ჩატარება თბილისში, სადაც ჯაზს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, სადაც, უბრალოდ, კარგად ესმით ჯაზი, სარისკოა. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა მსმენელმა არ მიიღოს უკვე დამკვიდრებული ”ჯაზური ნორმების” ნგრევა ანსამბლ ”ემის” კომპოზიციებში... თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ 7 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული მუსიკალური კოლექტივის, ”ემის”, გასტროლებზე, საერთოდ არ ვიხილოთ მსმენელი, რომელიც თბილისის ჯაზ-ფესტივალის კონცერტებს არ აცდენს - მუქთა კონცერტი ზოგიერთ ქართველში უხარისხობის ასოციაციას აღძრავს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ გერმანიაში, რომელიც ჯაზის ტრადიციებით არასდროს გამოირჩეოდა, არც შეიძლება არსებობდეს მაღალი კლასის ჯაზ-ანსამბლი.

”ემის” კონცერტზე, რომელიც, როგორც ამბობენ, ეწყობა კარგად გარემონტებულ რკინიგზელთა სახლში, ძალიან კარგი აკუსტიკით, ალბათ, სულ სხვა ხალხი მოვა. გოეთეს ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კულტურულ ღონისძიებებზე, რომელზედაც შესვლა ყოველთვის თავისუფალია, ძირითადად, სტუდენტები დადიან. შესაძლებელია, ზოგიერთს პირველად მიეცეს ”ცოცხალი ჯაზის” მოსმენის საშუალება... და დარწმუნდეს, რომ ჯაზი ელიტარულ ხელოვნებად - უფრო სწორად, ”ელიტის ხელოვნებად” - ბოლო დროს უფრო აქციეს. სინამდვილეში კი, ჯაზი დემოკრატიული და ახალგაზრდული ხელოვნებაა.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG