Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მამუკა ხაზარაძე გასულ კვირაში სადღიურო ჩანაწერებს,

ჩვენი თხოვნით, "თი-ბი-სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აწარმოებდა.

კვირა
გვიან დავიძინე, სადღაც 2 საათზე, 4-ზე კი მე და ირინა მივფრინავთ ჰარვარდის კურსდამთავრებული ჯგუფელების ყოველწლიურ შეკრებაზე, ამჯერად - პერუში. საინტერესო უნდა იყოს, თუმცა დიდი მანძილის გავლა მოგვიხდება, დაახლოებით 18 საათი ჰაერში. გზად მადრიდში ვჩერდებით, ზურა გვხვდება, პოლოლიკაშვილი, ჩვენი ელჩი ესპანეთში, ყოფილი თიბისელი. მიხარია მისი ნახვა და ის წარმატებები, რასაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში მიაღწია. მიხარია ისიც, რომ ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელია. მოკლედ, კარგი ქართველი კაცია. ბევრს ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებზე, მერე კი ჩემთვის ვფიქრობ, რამდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ბევრი მუშაობა გვჭირდება...
მერე - რესტორანი, ქართული სადღეგრძელოები, შემწვარი გოჭი. ისე, ესპანელები და ქართველები ამაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს: გოჭს დაღორებას არ ვაცლით.
მართლა საოცარია, პირველად ვწერ დღიურს, თუ არ ჩავთვლით ირინას დღიურის შევსებას მეხუთე კლასში. მახსოვს ვეცადე, კარგი რამეები ჩამეწერა...

ორშაბათი
თვითმფრინავი, პერუ, ლიმა. შავგრემანი გიდი, რომელსაც სასტუმრომდე მივყავართ და რომელიც გაუთავებლად ლაპარაკობს თავის ქვეყანაზე. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს უნდა, რომ 5 წუთში შეგვაყვაროს აქაურობა (ალბათ, ჩვენც ასე ვიქცევით, როცა სტუმარი გვყავს).
სასტუმრო ოკეანის პირას; რბილი, ცოტა ტენიანი ჰავა და ფანტასტიკური ხედი მე-8 სართულიდან. ცოტას ვისვენებ და მალე ჩემს ჯგუფელებთან ერთად ვსადილობთ. ბობ მანდელა, ბერი, პილარი... დანარჩენები ხვალ შემოგვიერთდებიან.
ქალაქი. კოლონიალური სტილის არქიტექტურა, მყვირალაფერებიანი სახლის ფასადები, კათოლიკური ტაძრები, მუზეუმები და სურათების გალერეა; სამხედრო სასულე ორკესტრი პრეზიდენტის სასახლის წინ. რომელიღაც წიგნი მახსენდება, ბავშვობაში წაკითხული - მეკობრეებზე და ოკეანისპირა ასეთ ქალაქზე.
ხალხი მხიარული და გახსნილი ჩანს. შემდეგ ვიგებ, რომ პერუში 60 პროცენტი სიღარიბის ზღვარზეა, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი დედაქალაქში ცხოვრობს, როგორც ჩვენთან. საღამოს პილართან, სახლში ვართ მიწვეულები ვახშამზე. იქ ყველაზე დიდი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტი გვხვდება, სურათებს გვიღებს და ინფორმაციას იღებს ჩვენგან - როგორც პილარმა მითხრა, ხვალინდელი ნომრისთვის. სტუმრებს შორის ადგილობრივი მედიამაგნატიც არის ახალგაზრდა მეუღლით, რატომღაც "ლუკოილზე" და ელცინის სიკვდილზე მელაპარაკება, შუა ვახშმისას ოფიციანტები იტალიურ არიას ასრულებენ, ადგილობრივ ქალებს ცრემლები მოსდით, მე კი ერთ-ერთ ლათინურამერიკულ კინოსერიალში მგონია თავი.
მოკლედ, კარგი დრო გავატარეთ.

სამშაბათი
დილიდან მუზეუმებში ვართ, ინკების შესახებ უამრავ მასალას ვეცნობით, მათ წეს-ჩვეულებებს, ყოფას, ტრადიციებს... ძალიან საინტერესოა! ყველაფერი ეს კერძო მუზეუმებში ვნახეთ, რამაც ძალიან დამაინტერესა. აქ კერძო მუზეუმების დიდი ტრადიციაა. ალბათ, ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამაზე.
პილარი გვჩუქნის თავის დაწერილ წიგნს, რომელიც ესპანურიდან თარგმნა ინგლისურად. დიდი გამოხმაურება აქვს როგორც ჰარვარდში, ასევე ბიზნეს-წრეებში. ძალიან ენერგიული და თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული ქალბატონია. რაც მთავარია, წარმატებული "ბიზნესვუმენია"! რამდენიმე ათეული ბაგა-ბაღის და სკოლის მეპატრონეა პერუში, ახლახან თავისი ფილიალი ნიუ იორკშიც გახსნა. მეგობრები ვსაუბრობთ მომავალი შეხვედრის ადგილზე. ყველას საქართველოში ჩამოსვლა უნდა, უკვე მერამდენე წელია ვეპატიჟები. იმედია, 2008-ში ჩამოვლენ. ხვალ კუსკოში მივფრინავთ, ასევე მაჩუ-პიჩუსაც ვნახავთ.

ოთხშაბათი
ჩავფრინდით კუსკოში. ეს არის ინკების ქალაქი - საოცრად ლამაზი! რაც მთავარია, არ არის დარღვეული ძველი ქალაქის იერსახე უაზრო მშენებლობებით, რასაც ჩვენთან ვერანაირად ვერ მივაღწიეთ. ყველა სახლი კრამიტითაა გადახურული, როგორც მე-15-მე-16 საუკუნეებში. აქაც იგივე სიტუაციაა: გიდი თავგამოდებით გვიყვება აქაურ ისტორიას. ახლა კი ვხვდები, რომ ნამდვილი პროფესიონალები არიან და კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს. ჩვენც გვჭირდება პროფესიონალი გიდები, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა.
ვსხდებით ძველებური დიზაინის მატარებელში. თავი მე-19 საუკუნეში გვგონია და მივემგზავრებით ხეობაში - ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე. კარგი სანახაობაა. ჩემთვის ვფიქრობ ბორჯომი-ბაკურიანის "კუკუშკაზე", ძალიან საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. მაჩუ-პიჩუ, ინკების იდუმალი ქალაქი, მთის მწვერვალზეა აშენებული. საოცარია, სულ 100 წელი იარსებეს და ამდენი საინტერესო რამ შექმნეს! საოცარია მათი გაქრობის ამბავიც. ბევრი ვერსიის მიუხედავად, არავინ იცის, სად ან რატომ წავიდა ეს ხალხი. ვარძია მახსენდება, ეს განსაკუთრებული ძეგლი! ვფიქრობ, რომ სულ სხვანაირად უნდა იყოს იქაურობა მოწყობილი, რათა ბევრ ტურისტს შეეძლოს მისი ნახვა. აუცილებელია, რომ იქვე არსებობდეს პატარა მუზეუმიც. ასეთი იდეა დათოს ჰქონდა, ლორთქიფანიძეს, დმანისთან დაკავშირებით. რომ ჩავალ, აუცილებლად დაველაპარაკები და იმედია, განხორციელებასაც შევუდგებით.

ხუთშაბათი
საქართველოში მინდა სასწრაფოდ დაბრუნება. ჩემთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა დგება: სულ ასე ვარ მას მერე, რაც ვმოგზაურობ. არა აქვს მნიშვნელობა, საქმეზე ვარ წამოსული, თუ დასასვენებლად - ვიწყებ ბორგვას და იმაზე ფიქრს, რომ თუ სასწრაფოდ არ განვახორციელე ის იდეები, რომელიც უცხოეთში ყოფნის დროს მომდის თავში, მერე გვიან იქნება. ამას კიდევ ის ემატება, რომ საქართველოში ყველაზე ბედნიერი ვარ, მიუხედავად უცხოეთის მომხიბვლელობისა და კომფორტისა. მოკლედ, თბილისში მინდა!

პარასკევი
დილით 5 საათზე ავდექით მზის ამოსვლის სანახავად. შემდეგ ინკების ქალაქის კარიბჭისკენ დავიძარით: 8 კილომეტრამდე უნდა გავიაროთ ფეხით მთის წვერისკენ. ბევრმა უარი განაცხადა, ჩემსა და ირინაში კი ქართული ჟინი იღვიძებს! შემართებით შევუდექით აღმართს და გავიმარჯვეთ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან ჩქარა ავედით, თითქოს ვიღაცა მოგვდევდა...
ისევ ლამაზი და სუფთა მატარებელი. უკან ვბრუნდებით, კუსკოში. წამოსვლის წინ მათი ფოლკლორული შემოქმედება გვანახეს. სხვის კულტურას ნამდვილად ვაფასებ, მაგრამ სხვა გრძნობა მეუფლება, ძალიან მიხარია, რომ ქართველი ვარ. უცებ იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენსას, ქართულს, კარგად ვერ მოვუარეთ და ვერ შევინარჩუნეთ. დიდი ფიქრი და ძალისხმევა გვმართებს. არ ვიცი, იქნებ გამქრალი 12 მილიონი ინკა გამახსენდა და ამიტომ გადავედი ასეთ ფიქრებში. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ხალხი...

შაბათი
ბევრი ახალი იდეით ვბრუნდები უკან. ჩემს ჰარვარდელ ჯგუფელებთან გატარებული ერთი კვირა ყოველთვის ახალ ენერგიას და იდეებს მაძლევს, ესენიც ამასვე ამბობენ. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გულწრფელი და გულახდილი საუბრები გვაქვს თითქმის ყველაფრის შესახებ, რაც თითოეულ ჩვენგანს გვეხება.
მახსენდება დიდი ქართველის, ბატონი რეზო თაბუკაშვილის სიტყვები: ყველაზე დიდი პატრიოტიზმი პროფესიონალიზმიაო.
გენიალური სიტყვებია! მოკლედ უფრო მეტი უნდა ვიმუშავო...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG