Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის შექმნას დაუჭირა მხარი


8 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო დადგენილება, რომელიც ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ ადმინისტრაციული ერთეული და მისი ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი კონფლიქტის ზონაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლიან. დადგენილების მიღებამდე ცხინვალის რეგიონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები - მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატებიც - სტუმრობდნენ. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა სურვილის მიუხედავად, კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა თბილისელ სტუმრებთან შეხვედრაზე. რა იმედებს უკავშირებენ დეპუტატები ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის შექმნას?

ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ორიოდე დღის წინ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა არა ხელისუფლების ცალკეული განშტოების ძალისხმევის, არამედ ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის შეთანხმების შედეგია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ეს დროებითი ადმინისტრაციული ერთეული არის გარდამავალი ფორმის ადმინისტრაციული ერთეული, რომლის საბოლოო მიზანი - თუ ყველაფერი სწორად წავა - არის სრულფასოვანი ავტონომიის ჩამოყალიბება და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირება.“

ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის დადგენილებას მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირეს. ფრაქცია „მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი,გიორგი ცაგარეიშვილი, ამბობს, რომ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა მიზნად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] „ეს გზა არის ალტერნატიული სამხედრო ჩარევისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა მეთოდი ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისა. პირველ რიგში,უნდა შეიქმნას ნორმალური ცხოვრების პირობები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიან მოლაპარაკებაზე საუბარი. ეს არის ალტერნატიული გზა სამხედრო ჩარევისა.“

სამხედრო ჩარევის წინააღმდეგი არიან ის თბილისელებიც, რომლებსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე, თუმცა რიგითი მოქალაქეების ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის წინააღმდეგია:

[მამაკაცის ხმა] „რასაც ახლა ამბობენ და წყვეტენ, რომ ცხინვალში შეიქმნა მთავრობა სანაკოევის თავმჯდომარეობით, მე ეს მიმაჩნია ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს არის როგორც ქართველების მიერ არჩეული, ასევე იქ მცხოვრები ოსებისა. კოკოითი კი არ არის ხალხის მიერ არჩეული.“

[მამაკაცის ხმა] „ამას ჩვენ მივესალმებით, თუ გააკეთებენ ეროვნულ საქმეს, მაგრამ ხომ არ ვთესავთ ისეთ თესლს, რომელიც მომავალში გაგვამწარებს... ავტონომია ისევ უნდა აღვადგინოთ?“

და მართლაც, როგორი იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი? აპირებს თუ არა ოფიციალური თბილისი ავტონომიის აღდგენას? ამ კითხვებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ასე უპასუხებს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? მოდით, დაველოდოთ ჯერ პირველ ნაბიჯს. მერე ვიფიქროთ, რამდენად მზად არის კონფლიქტში მონაწილე ჯგუფი, რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, იმისათვის, რათა სამშვიდობო პროცესი გაღრმავდეს.“ (სტილი დაცულია)

ჯგუფს, რომლის შესახებაც მიხეილ მაჭავარიანი ლაპარაკობდა, დიმიტრი სანაკოევი უდგას სათავეში. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ედუარდ კოკოითი დიდი ხანია რეალობას მოსწყდა:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] „მოლაპარაკების პროცესში მან თავი საფუძვლიანად ამოწურა. მისი დღევანდელი მიდგომები არასწორია. მიგვაჩნია, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და უფლება გვაქვს ხალხის სახელით ვაწარმოოთ მოლაპარაკება, რათა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. თავად კოკოითიმ არაერთხელ თქვა უარი ამ ფორმატზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით. სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთანაა საჭირო პირდაპირი დიალოგი, რასაც ჩვენ დღეს საქართველოს მთავარობასთან ერთად ვაკეთებებთ.“

დიმიტრი სანაკოევი და მისი გარემოცვა საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას ითხოვენ, თუმცა საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, როგორც ამას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, ამბობს, ჯერ არ ჩამოყალიბებულა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „ყოველგვარი საუბრები სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობაზე, რაც ქარქუსოვმა ბრძანა უმრავლესობასთან შეხვედრისას... ჩვენ შევთანხმდითო, თქვა, რომ იქნება დასახელება ”სამხრეთი ოსეთი” და ”სამხრეთ ოსეთს” ეყოლება პრეზიდენტიო... არავითარი პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში არ არის და ამ საკითხებზეც ჩვენ გვექნება მსჯელობა.“(სტილი დაცულია)

მსჯელობა საქართველოს პარლამენტში 11 მაისს გაგრძელდება. სწორედ ამ დღეს ელიან ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეპუტატები. წინასწარი ინფორმაციით, დიმიტრი სანაკოევი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე რეგიონის რეაბილიტაციის პროგრამითა და სამშვიდობო გეგმით წარდგება.


XS
SM
MD
LG