Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ნანა იაშვილი ამ კვირაში, რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

დღიური მოამზადა ნანა იაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" პრეზიდენტმა.

27 მაისი, კვირა
ნუთუ დამთავრდა დღევანდელი დღე? არ მჯერა! ვზივარ სავარძელში დაღლილ-დაქანცული და ვცდილობ აღვიგინო, რა ხდებოდა დღეს. სკოლის მერე დღიური არ მიწარმოებია, უხეირო რაღაც არ გამომივიდეს.
თუკი ვინმესთვის შაბათი და კვირა დასვენების დღეებია, ჩემთვის გინდ კვირა ყოფილა, გინდ ხუთშაბათი - საოჯახო საქმე არ მაკლდება: სამზარეულო, სარეცხი, დალაგება... ისე ვიცხოვრე, რომ ვერ ვისწავლე დროის სწორად განაწილება. რას ნიშნავს შინაარსიანი დასვენება, არ ვიცი.
შაბათ-კვირას ერთი დიდი ბედნიერების მოლოდინში ვარ – ესენი არიან ნინი, ნატა და მაომაო (ეს სახელი პატარა მარიამს მისმა 2 წლის დაიკომ შეარქვა) – ჩვენი უსაყვარლესი სამი შვილიშვილი გოგონა. დღის ბოლოსთვის ძალიან მღლიან, მაგრამ მაინც ყოველთვის მოუთმენლად მოველი მათ გამოჩენას. ნაზი, ლამაზი და ცნობისმოყვარე ნინი; დამოუკიდებელი, ორიგინალურად მოაზროვნე და ყველას მოსიყვარულე ნატა; მომღიმარი და კეთილმოსურნე მაომაო. მთელი დღე ერთად გავატარეთ – ჩვენთვის ეს ყველაზე უფრო სასიამოვნო და ბედნიერი წუთებია.
საღამოს მარტო დავრჩი – უნდა ვიმუშაო. ძალიან ცხელა!
ჩამეძინა. ღამის პირველის ნახევარზე მაღვიძებს ხათუნა ჩარკვიანის ტელეფონის ზარი. თურმე, ტელეპროექტში "იდეა, ფული და ერთი შანსი" ჩვენი პროექტის - "ტექსტილის ცენტრის" - წარდგენის ჩანაწერს აჩვენებდნენ. სასწრაფოდ ჩავრთე ტელევიზორი. ძალიან ვღელავდი ჩაწერის დროს, ახლა კი ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად ჩანდა.

28 მაისი, ორშაბათი
ალბათ აღარ მძინავს. მესმის მერცხლების ჭიკჭიკი და ფეხის ფრთხილი ხმა. სწორედ ეს ორი ხმაური მაღვიძებს ბოლო ხანს. მერცხლებს ჩემს ფანჯარასთან უკვე დიდი ხანია, ბუდე აქვთ გაკეთებული. ყოველი წლის აპრილის ბოლოდან მოფრინავენ და იწყებენ ჟრიამულს. წელს კი ცოტა შეაგვიანდათ. ყოველ დილით ისეთი ჭიკჭიკი გააქვთ, რომ რამდენიმე წუთი სულგანაბული ვუსმენ ხოლმე. ამ ხმას ემატება ფეხის ფრთხილი ნაბიჯების ხმა. ეს ჩემი ქმარი მიშაა. მართალია, ცდილობს, არ გამღვიძოს, მაგრამ არ გამოსდის. ასეთ დროს განსაკუთრებით მაწუხებს იმის შეგრძნება, რომ ბოლო წლების ცხოვრების რიტმი არ მაძლევს საშუალებას, მეტი დრო გავატაროთ ერთად. ის ყოველთვის მომთმენია, არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას. თუმცაღა ვგრძნობ, რომ მასაც სჭირდება ჩემი მხარდაჭერა.
თვალდახუჭული ვწევარ – ნეტა რომელი საათია? დავხედე საათს – 7:25, ადგომის დროა. ვახელ თვალებს და ვხედავ ჩემი პატარა სამი ანგელოზის ფოტოდან მომღიმარ სახეებს. საბოლოოდ ვფხიზლდები. მეუფლება სასიამოვნო მოლოდინის გრძნობა – ეს გრძნობა ჩემს პატარა ბაღს უკავშირდება. ახლა, როდესაც მთელი ბაღი ყვავის და დგას ვარდის სურნელი, სიამაყის გრძნობა მეუფლება, რომ ამაში გარკვეულად ჩემი წვლილიცაა. ძალიან მიყვარს ეს პატარა ოაზისი. ვცდილობ, რომ თითოეულ ხეს, ბუჩქსა და ყვავილს მოვეფერო, მაგრამ დრო გარბის და საქმე არ იცდის.
10 საათია. სამსახურში მივდივარ. დღეს ორშაბათია და ძალიან ბევრი საქმეა. ვცდილობ, დღის განრიგი ჩამოვწერო. დღის პირველი ნახევარი სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრებში გავატარე.
საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გავაგზავნეთ ჩვენი ბავშვების მართლაც შესანიშნავი, ანტინარკოტიკული შინაარსის ნახატები.
დღის მეორე ნახევარი განათლების სამინისტროში წარსადგენი პროექტების მომზადებას და USAID-ის პროექტის მეოთხე წლის დაგეგმვას მოვანდომეთ მე და ქეთინომ. 2008 წელს მთავრდება USAID-ის პროექტი. დონორისგან მოსულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას დიდი დრო დასჭირდა. კიდევ ორი შეხვედრა, უამრავი სატელეფონო ზარი გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით (ფული ჯერ არ მიგვიღია, მოლოცვებს კი უხვად ვიღებთ) და ისევ ვაგრძელებთ მუშაობას.
19:30. უკვე ძალიან დავიღალეთ და ნამდვილად სახლში წასვლის დროა.

29 მაისი, სამშაბათი
დილიდან გრძელდება პროექტებზე მუშაობა. 1 ივნისისათვის არის ჩასაბარებელი ყველაფერი. ამ დროს მოდის სხვადასხვა ხალხი - ნაცნობი თუ უცნობი - თავისი პრობლემებით და მთელი გეგმები მერევა. უარს ვერ ვეუბნები, უკან ვერ ვაბრუნებ. მაინც ძალიან არაორგანიზებულები ვართ ქართველები. მაგრამ ალბათ ამაშიც არის რაღაც თავისებური ხიბლი.
უნდა წავიდე პრეზიდენტის კანცელარიაში და გავიგო, რა ბედი ეწია ჩევნს თხოვნის წერილს პრეზიდენტის სახელზე ცენტრ "ბეღურებისთვის" შენობის ხანგრძლივ სარგებლობაში ან პირდაპირი მიყიდვის წესით გადმოცემის თაობაზე. წერილი მერიაში გადაუგზავნიათ. იმედი დავკარგე, რომ ჩვენს სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაღაც ჩაკეტილი წრეა. დავდივარ, როგორც ის რწყილი ზღაპრიდან, უწყებიდან უწყებაში, კაბინეტიდან კაბინეტში, მაგრამ გარკვეულ პასუხს ვერავინ მცემს. თითქოს ყველა თანაუგრძნობს ჩვენს ბავშვებს, მაგრამ საქმე ადგილზე დგას. არის სარემონტო ფული, შენობას არ გვიმტკიცებენ, დონორი კი გარანტიებს ითხოვს. ღმერთო, მომეცი მოთმინება და ძალა! მაინც იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ მიატოვებს ამ ყველაზე მეტად გაჭირვებულ და ცხოვრებაზე იმედგაცრუებულ ბავშვებს. თუ სამართალი სამართლობს, მათ უნდა ჰქონდეთ ნათელი, ლამაზი და ყველა იქ მყოფი ბავშვისათვის კომფორტული ცენტრი, სადაც მათ ექნებათ შეგრძნება, რომ ისინი აქ დაცული არიან.

30 მაისი, ოთხშაბათი
დღეს მარიკასთან მივდივართ გორში – ჩვენი პარტნიორი "ბილიკი" აწყობს კონფერენციას თემაზე "ბავშვისა და ოჯახის სამსახური – ადგილობრივ თემზე დაფუძნებული მოდელი". კონფერენცია "ბილიკის" მეათე წლისთავს ეძღვნება. მარიკა ძალიან კარგი ადამიანია და კარგი ორგანიზატორი. მანაც ჩვენსავით ნულიდან დაიწყო და დღეს "ბილიკი" ერთ-ერთი საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაციაა. გორიდან კონფერენციით კმაყოფილები დავბრუნდით.
კარგი რამაა მობილური ტელეფონი! გორში ყოფნის დროსაც კი ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე: ველაპარაკე სავარაუდო ამერიკელ დონორს "ბეღურების" შენობის რემონტის საკითხზე, ბავშვების საზაფხულო ბანაკსა და საბერძნეთის ფესტივალზე წაყვანის საკითხები გავარკვიე განათლების სამინისტროსთან, დავუკავშირდი ცენტრების უფროსებს 1 ივნისის აქციის მზადების თაობაზე.
საღამოს ვბრუნდებით თბილისში; გზაში ვსაუბრობთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თითოეულ ჩვენგანს ადარდებს. პრობლემები, პრობლემები, პრობლემები... რაღაც სევდა მოგვაწვა. გზის ბოლო მონაკვეთი უჩუმრად გავიარეთ, ყველა თავ-თავის ფიქრებში იყო წასული.

31 მაისი, ხუთშაბათი
ხვალ 1-ია და ვართ გამალებულ მზადებაში აქციისთვის. დილით გავიგე სასიამოვნო ამბავი – დამირეკა მაკომ და მითხრა, რომ ჩვენი პროექტი "მინანქრის სახელოსნო", რომელიც ამერიკის საელჩოში წარვადგინეთ, დაფინანსდა. მართალია, ბავშვებს კარგა ხანია, ასწავლის და ამუშავებს ჩვენი მოხალისე ლადო ფესვიანიძე, მაგრამ მუდმივად განვიცდიდით საჭირო მასალებისა და იარაღების უკმარისობას. იმედია, ახლა მაინც მოგვარდება ყველაფერი.
მე და ნატა ბურჯანაძე წავედით ლესელიძეზე ტექსტილის ცენტრისთვის საჭირო ფართის სანახავად. სანტექნიკა მძიმე დღეშია, სარემონტოა.
მოვამზადეთ რამდენიმე წერილი სხვადასხვა ორგანიზაციაში გასაგზავნად – ყველა ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი დახმარება.
მქონდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჩვენი ძირითადი პროექტის - "ახალი ცხოვრების დასაწყისის" - დირექტორთან მთავარი პარტნიორის "Save the Children"-ის მხრიდან მეოთხე წლის ბიუჯეტისა და საქმიანობის თაობაზე.
მთელი დღე სატელეფონო კავშირი მქონდა ცენტრების დირექტორებთან – შეკითხვები, პრობლემები, მათი გადაწყვეტის გზების ძიება...

1 ივნისი, პარასკევი
როგორც იქნა, დადგა 1 ივნისი. დღეს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - უნდა გამოჩნდეს "ბავშვი და გარემოს" საბავშვო ცენტრების ერთი თვის მზადების შედეგები. "ქარიშხალას" სტადიონზე დაგეგმილი გვაქვს სპორტული შეჯიბრება "მხიარული სტარტები".
დილიდანვე ვღელავ, როგორ ჩაივლის ღონისძიება. არც ისე ადვილია 120 ბავშვისა და დაახლოებით ამდენივე მაყურებლის მართვა. მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი მასწავლებლების, რომლებმაც ძალა და ცოდნა არ დაიშურეს ბავშვების ამ ღონისძიებისთვის მოსამზადებლად.
მარინას ჭიათურის ცენტრ "ჯეჯილიდან" სამარშრუტო ტაქსით მოჰყავს 20 ბავშვი. მარინას იმედი მაქვს, კარგი ორგანიზატორი და მზრუნველი ადამიანია, მაგრამ მაინც ვღელავ, როგორ ჩამოვლენ - საკმაოდ გრძელი მანძილია.
ნინოს რუსთავის ცენტრ "საპოვნელადან" ასევე მოჰყავს 20 ბავშვი. ნინო სულ სამი დღის წინ ჩამოვიდა ამერიკაში მივლინებიდან, მაგრამ, მძიმე მგზავრობის მიუხედავად, სწრაფად ჩაერთო საქმეში, ყოჩაღია.
ცენტრი "ბეღურები", როგორც ყოველთვის, ორგანიზებულია, ნანა ზრუნვას არ აკლებს ბავშვებს და მათ წარმატებაში ეჭვი არ მეპარება (ნეტა ასევე წარმატებით მოგვარდებოდეს შენობის საკითხიც! 7-ში ხელი უნდა მოეწეროს ცენტრის მშენებლობის კონტრაქტს იაპონიის მხარესთან; არადა საკუთრების საკითხი საბოლოოდ ჯერაც არ არის გარკვეული! აქვე, სტადიონზე ყოფნისას, გავიგე სასიხარულო ამბავი – ამერიკელ სამხედროებსაც აქვთ სურვილი, მშენებლობის საქმეში დახმარება გაგვიწიონ).
ცენტრ "ცისარტყელადან" თინას მოჰყავს შეჯიბრების მონაწილე 20 ბავშვი და მათი გულშემატკივრები. ძალიან მადარდებს, როგორ მოიქცევიან ახლად მიღებული ბავშვები – ტიპური ქუჩის ბავშვები, საკმაოდ აგრესიული და არაპროგნოზირებადი. ისინი სულ სამიოდე თვეა, რაც ცენტრში გამოჩნდნენ, ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნეს ბავშვებსაც და უფროსებსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ცენტრში სიარული მათთვის საკმაოდ ღირებულია. მათთან ჯერ ისევ ბევრია სამუშაო.
ძალიან კარგი ბავშვები მოჰყავს ლილოდან მობილურ ჯგუფს. როგორ მტკივა გული, რომ არ გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები, რომ ამ ბავშვებისთვის ერთი პატარა ცენტრი გაეხსნათ, რათა მათ და მათ მასწავლებლებს ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ არ უხდებოდეთ მეცადინეობა. აი, ბესოც მოსულა. თუმცა ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა, მაგრამ მაინც მონახა დრო და არ უღალატა ბავშვებს.
შეჯიბრებამ "მხიარული სტარტები", რომელიც 12 საათზე დაიწყო და 4-მდე გასტანა, ძალიან ხალისიან ვათარებაში ჩაიარა. ბოლოს გაიმართა საფეხბურთო მატჩი ჩვენს, "ბავშვი და გარემოს" აღსაზრდელებსა და "ქარიშხალას" სტადიონის საბავშვო გუნდს შორის. მართალია, 2:3 წავაგეთ, მაგრამ ბავშვები მაინც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მონაწილეები დავაჯილდოვეთ დიპლომებით და სხვადასხვა საჩუქრებით.
მატჩის შემდეგ ბავშვები ვასადილეთ და ექვსის ნახევარზე დავასწარით კონცერტს საქართველოს პროფკავშირების მოწვევით. ნეტა საიდან იღებენ ბავშვები ამხელა ენერგიას! მთელი კონცერტის განმავლობაში მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ჩვენ კი, უფორსები, ძლივს ვადგამდით ფეხს.
ყოველთვიურ ანგარიშში ეს აქცია, ალბათ, ერთ აბზაცს დაიკავებს. მის მიღმა არ გამოჩნდება დახარჯული დიდი ძალისხმევა და ემოციები...

2 ივნისი, შაბათი
დღეს მტკვრის დაცვის დღეს აღნიშნავენ. "წყლის გლობალური პარტნიორობა – საქართველოს" მიერ ჩატარებული აქციის ფარგლებში ცენტრ "ბეღურებს" გადაეცა სადეზინფექციო საშუალებები, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საჭირო. დიდი მადლობა! შეხვედრას დაესწრნენ მასმედია და არასამთავრობოები, ასევე, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იმედია, საღამოს სახლში გავატარებ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG