Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოუსმინა


11 ივლისს საღამოს საქართველოს პარლამენტმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ჭოლაძეს მოუსმინა.



მან დეპუტატებს კონტროლის პალატის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო. პარლამენტში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მისვლას ოპოზიციის განსაკუთრებული მოლოდინი უძღოდა წინ, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს სურდათ მისგან მოესმინათ პასუხები მწვავე შეკითხვებზე, შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

[ლევან ჭოლაძის ხმა] ”თქვენ მიერ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარედ არჩეული ვიყავი 2007 წლის 11 მაისს. შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიშის არც ერთი მონაკვეთი არ ასახავს ჩემს საქმიანობას. მინდა გითხრათ თავიდანვე, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია..”

ასე დაიწყო კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ჭოლაძემ გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. საპარლამენტო ტრიბუნიდან მას კონტროლის პალატის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში არ წაუკითხავს. ანგარიში დეპუტატებს წერილობითი სახით დაურიგდათ. ლევან ჭოლაძემ ისაუბრა კონტროლის პალატის ფუნქციებზე და იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ამ უმნიშვნელოვანესი სამსახურის მუშაობა თავისი ხელმძღვანელობის პერიოდში. ასე რომ, ჭოლაძე პარლამენტის წინაშე სამომავლოდ გასაწევი საქმიანობის წინასწარი ანგარიშით წარდგა - თქვა, რომ მაქსიმალურად იზრუნებს კონტროლის პალატის მთავრობის მაკონტროლებელ ორგანოდ ჩამოყალიბებისთვის, ორგანოდ, რომელიც პარლამენტს წარუდგენს ხოლმე ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანმიმართულად ხდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვა.

ლევან ჭოლაძის აზრით, კონტროლის პალატა უნდა იყოს ისეთი მაკონტროლებელი სახელმწიფო სამსახური, რომელიც მარტო ფაქტებზე რეაგირებით კი არ იქნება დაკავებული, არამედ საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციით. კონტროლის პალატაში მაღალი კვალიფიკაციის კადრები უნდა მუშაობდნენ, მისი ეფექტიანობა კი კადრების ოპტიმიზაციისა და შიდა რეფორმის პირობებში უნდა გაიზარდოს. ასეთი შინაარსის იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლა - ზოგადი ხასიათის, მომავალ საქმიანობაზე ორიენტირებული. საპარლამენტო ოპოზიციაში კი მომავალზე მეტად თუ არა, არანაკლებად წარსულიც აინტერესებდათ - უფრო ზუსტად, აინტერესებდათ განმარტებები კონტროლის პალატის მიერ 2006 წელს გაწეული საქმიანობისა და ამავე წელს დაწერილი დასკვნების შესახებ, მათ შორის, იმ ადამიანების მიერ დაწერილი დასკვნებისა, რომლებიც კონტროლის პალატაში უკვე აღარ მუშაობენ.

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”არსებობს კანონის მოთხოვნა - თქვენ კი არ იღებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ კანონი ავალდებულებს საქართველოს პარლამენტს მოისმინოს ეს მოხსენება.. ”

მაგრამ ჭოლაძე კონტროლის პალატის თავმჯდომარედ 2007 წლის მაისში დაინიშნა, - ასეთი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის, გამოსვლაზე. ოპოზიციის წარმომადგენლებმა წარსულთან დაკავშირებით შეკითხვები მაინც ერთმანეთის მიყოლებით დასვეს, ისაუბრეს კონტროლის პალატიდან თავის დროზე სასამართლოს ძალით გამოთხოვილ მასალებში აღმოჩენილ ასეთ ფაქტებზე:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”თავისუფლების ქანდაკება! მისი მოპირკეთება და შადრევნის დაყენება დაჯდა 7 მილიონ 200 000 ლარი. აშკარად ფული არის მოპარული ამ თავისუფლების ქანდაკების დადგმაში. ”

ზვიად ძიძიგურმა იერიში მერიის სამსახურებზე მიიტანა, თქვა ისიც, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დედაქალაქში დადგმულ ახალ ნაგვის ურნებში, ერთ ცალში 600 ლარია გადახდილი, როცა ასეთი ურნის საბაზრო ღირებულება შეიძლება 30-50 ლარი იყოს. ძიძიგურის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენელთა
მითითებებს პასუხი უმრავლესობის წევრებმა გასცეს და არა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ. გიგა ბოკერიამ ოპოზიცია წარსულზე მოტირალად დაახასიათა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ყველა განაწყენებული, ვისაც ამხელენ კორუფციაში, თქვენთან არ მორბის და თქვენი თანამოაზრე არ ხდება? დღევანდელი საღამო იყო იმის დადასტურება, რომ თქვენ მართლა მისტირით იმ დროს.”

პარლამენტში კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ იყო ნახსენები განათლების სამინისტროც - ისტორია, რომლის გამოც ოპოზიცია კახა ლომაიას 40 მილიონის გაფლანგვაში სდებს ბრალს და რასთან დაკავშირებითაც სიმართლის დადგენა პარლამენტის თავმჯდომარემ კონტროლის პალატისა და განათლების სამინისტროს ღირსების საკითხად მიიჩნია. ამ და სხვა
თემებზე პარლამენტში განმარტებების მიცემა ჭოლაძეს მომავალში მაინც მოუწევს.
XS
SM
MD
LG