Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა


გასულ კვირაში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო პაკისტანის ხელისუფლების მიერ დედაქალაქ ისლამაბადში

რადიკალი ისლამისტების დასარყდენის, წითელი მეჩეთის იერიში.

აი, რას წერდა საფრანგეთში გამომავალი გაზეთი "ლა ვუა დუ ნორდი": "ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ალ-ყაიდის მოსამარაგებელ ბაზად აღიქმებოდა, დღესდეობით ტერორისტული ქსელის ნამდვილ დასაყრდენად იქცა ავღანეთის მოსაზღვრე რაიონებსა და თავად დედაქალაქშიც. რეგიონში წონასწორობა დამოკიდებულია ქვეყნის 'თალიბანიზაციის' წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამბოხება ფართოვდება როგორც ფუნდამენტალისტებს, ისე პროგრესულ ფენას შორის. შემოდგომისთვის დაგეგმილია არჩევნები, რომლის შედეგი ძნელი განსაჭვრეტია. წითელი მეჩეთის შტურმი უკიდურესად სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ამით სახელმწიფოს მეთაური აჩვენებს შეერთებულ შტატებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პაკისტანი მოწინავე ფრონტზე იბრძვის და რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დიქტატორის მხარდაჭერას," ვკითხულობთ "ლა ვუა დუ ნორდში".

მადრიდში გამომავალი "ელ პაისი" მიიჩნევს, რომ წითელი მეჩეთის აღება პრეზიდენტ მუშარაფის მიერ ქვეყანაში ექსტრემისტების წინააღმდეგ იერიშის დასაწყისს მოასწავებს.
"თუკი ეს ასეა, მაშინ ეს ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლა იქნება. მართალია, მუშარაფს პაკისტანის სახალხო პარტია უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. წითელი მეჩეთის აღება აუცილებლად გამოიწვევს რადიკალი ისლამისტების განრისხებას, რომლებიც ძლიერად არიან წარმოდგენილი არმიასა და ძლევამოსილ უშიშროების სამსახურში. თუკი მუშარაფი დაჰყვება ცდუნებას და საგანგებო ვითარებას გამოაცხადებს, არ არის ნათელი, მართლაც გაიმართება თუ არა საშემოდგომოდ დაგეგმილი არჩევნები," ეჭვს გამოთქვამს "ლე პაისი."

"ისმის კითხვა: რატომ არ იმოქმედა მუშარაფმა ადრევე," წერს სტოკჰოლმში გამომავალი "სვენსკა დაგბლადეტი" და განაგრძობს: "წითელი მეჩეთი რომელიმე მიუვალ მთიან რეგიონში კი არ მდებარეობს, არამედ დედაქალაქის ცენტრში. იანვრიდან მოკიდებული ულტრა-რელიგი სტუდენტები ისლამაბადის ტერორიზებას ახდენენ, იტაცებდნენ სამოქალაქო პირებს, იკავებდნენ საზოგადოებრივ შენობებს და არბევდნენ მაღაზიებს. მათ შარიაზე დამყარებული საკუთარი სასამართლოც კი შექმნეს. ის, რომ მთავრობას სისხლისღვრის თავიდან აცილება სურდა, არ კმარა იმის გასამართლებლად, რომ მეამბოხეებს სრული თავისუფლება ჰქონდეთ და საფრთე შეექმნას მოქალაქეთა უსაფრთხოებას."

ხოლო დანიის გაზეთი "კრისტელიგტ დაგბლადეტი" შენიშნავს:
"ხანმოკლე პერსპექტივით აგრესიულ ისლამისტებთან შეიარაღებული კონფრონტაცია ერთადერთი სწორი სწორი გზაა. მაგრამ ხანგრძლივი პერსპექტივით შეუძლებელია რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც ამდენად არის სამხედროების მიერ მართული, როგორც ეს პაკისტანში ხდება. მუშარაფსა და შეერთებულ შტატებს შორის ალიანსი არის იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ხალხი ისლამისტების მხარეს გადადის. ხანგრძლივი პერსპექტივით მხოლოდ მართლაც დემოკრატიზირებულ პაკისტანს შეუძლია ისლამისტებისთვის საფუძვლის გამოცლა," დაასკვნის "კრისტელიგტ დაგბლადეტი" კოპენჰანგენიდან.

გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის იყო თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ერაყში ვითარების შესახებ.

გაგაცნობთ ბრიტანეთის გაზეთ "გადიანის" კომენტარს:
"შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს არ სურს ერაყში რეალობის აღქმა. ამით ის ყოველგვარ წინსვლას აფერხებს. იგი ამავე დროს ყველა მონაწილეს ხელს უშლის ჯარების გაყვანის დამაჯერებელი გეგმის წარმოდგენაში. პრეზიდენტი შეეცდება გააჭიანუროს აშკარად მოსალოდნელი კატასტროფა, სანამ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურებოდეს. მანამდე კი ერაყში კიდევ მრავალი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაიღუპება. ეს არის ბუშის ძეგლი," ასეთი განაჩენი გამოაქვს "გარდიანს".

ამავე თემას ეხება ციურიხში გამომავალი "ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი": "ბუშის ადმინისტრაციამ თავის შუალედურ ანგარიშში ერაყს ნიშნები დაუწერა. დამაკმაყოფილზე უკეთესი შეფასება იყო რვა სფეროში. არადამაკმაყოფილებელი - ასევე რვაში. დარჩენილ ორ სფეროში შეფასება შერეულია. გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ეს პედანტიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ ასე შეიძლება გამოიყურებოდეს საქმე, როცა კაპიტოლიუმზე სადავეებს 535 გენერალი გადაიბარებს დაბნეული პრეზიდენტისგან. როგორც ჩანს, ბუშმა ძალზე გვიან შენიშნა, რომ უიმედო მდგომარეობაშია."

ერაყთან დაკავშირებით თეთრი სახლის ანგარიშს ეხმიანება კიდევ ერთი თემა - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც საუბარია ალ-ყაიდის კვლავ გაძლიერებაზე.

მილანში გამომავალი "კორიერე დელა სერა" ერთობ პესტიმისტურად აფასებს სამომავლო პერსპექტივას:
"ეს იქნება გრძელი და ცხელი ზაფხული როგორც პოტომაკის ნაპირზე, ვაშინგტონში, ისე ტიგროსის პირას, ბაღდადში. და არა მხოლოდ იქ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექვსი წლის მანძილზე ალ ყაიდა კვლავ ორგანიზებულია.ბინ ლადენის ტერორისტული ქსელი კვლავ მომძლავრდა და მზად არის დარტყმისთვის. ეს გახლავთ ამერიკის დაზვერვის პირველი შეფასება. და ეს გახლავთ მხოლოდ ერთგვარი სინჯი სრული ანალიზისა, რომელიც სექტემბერში გახდება ცნობილი. ჰორიზონტზე ცა იქუფრება", წინასწარმეტყველებს "კორიერე დელა სერა".
XS
SM
MD
LG