Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვებრძოლოთ რასიზმისა და შეუწყნარებლობის გამოვლინებას?


საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა.

სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად კი, რასობრივი დისკრიმინაციის გამოვლინება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე. მაგრამ, ამგვარი საჯარიმო სანქციების მიუხედავად, ირკვევა, რომ საქართველოში, ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე, ადამიანებს კვლავ აყენებენ შეურაცხყოფას. როგორ ებრძვიან რასიზმისა და შეუწყნარებლობის გამოვლინებას საქართველოში?

თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრები ევგენია კაზარიანი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო დავისას მეზობლად მშენებარე რესტორნის პატრონმა მას ქსენოფობიური და შოვინისტური გამონათქვამებით შეურაცხყოფა მიაყენა:

[ევგენია კაზარიანის ხმა] „სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი აღშფოთება. რეზოსნაირი ხალხი,ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდეს, რომ ერთი მიწის შვილები ვართ და სამშობლოც ერთია... თუ უკანონოდ იქცევი, რა მნიშვნელობა აქვს ერს? ყველა უნდა მოიქცეს კანონის ფარგლებში.“

ევგენია კაზარიანის თქმით, კამათისას მისმა ოპონეტმა განაცხადა, რომ ქართველია და საქართველოში, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. განმარტების თანახმად, რასიზმი არის კანის ფერის, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა და დისკრიმინაცია. რასიზმი ასევე არის რწმენა ან მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანის ქმედობაუნარიანობა, მიღწევები ან ინტელექტუალური შესაძლებლობები დამოკიდებულია რასობრივ კუთვნილებაზე. სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თქმით, გასული საუკუნის 90-იან წლების პირველ ნახევარში, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ადამიანები სწორედ რომ ეთნიკური ნიშნით იდევნებოდნენ:

[სოზარ სუბარის ხმა] „ჩვენს სასამართლოებში არის სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომლებშიც პირდაპირ წერია, რომ გათავისუფლებულია სამსახურიდან იმის გამო, რომ ის არის ოსი! ამ სასამართლო გადაწყვეტილებებმა გაიარა ყველა სასამართლო ინსტანცია და არა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში, არამედ მოგვიანებითაც დატოვეს ძალაში. ეს არის ჩვენი სირცხვილი და ეს უნდა გამოსწორდეს.“(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, უკანასკნელი წლების განმავლობაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა: იკლო როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ეთნიკური ქართველების სამშობლო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „საქართველო არის სახელმწიფო ქართველების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელების და ყველა სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანის, რომლებიც, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ყველანი ქართველები არიან და ჩვენი ყველაზე ძვირფასი მოქალაქეები არიან.“(სტილი დაცულია)

მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად ეთნიკური უმცირესობები იმ ვითარებაზე, რომელიც, შემწყნარებლობის თვალსაზრისით, საქართველოშია შექმნილი. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ამბობს, რომ საჯარო გამოსვლებსა თუ პრივატულ საუბრებში პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები სულ უფრო ხშირად იყენებენ რასისტულ გამონათქვამებს:

[არნოლდ სტეფანიანის ხმა] „ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გვინდა თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ პოლიტიკოსს შევახსენოთ, რომ ეს გზა არ არის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი გზა. ჩვენ ყველას უნდა დავანახვოთ და ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ვაშენებთ პრინციპულად ახალ საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანის უფლებები არის დაცული, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა.“

„მრავალეროვან საქართველოში“ ამბობენ, რომ იწყებენ მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც, მიღების შემთხვევაში, გააადვილებს რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქმე ის არის, რომ მოქმედი კანონმდებლობა არატირაჟირებული რასისტული გამონათქვამებისთვის სასჯელს არ ითვალისწინებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე განმარტავს:

[ელენე თევდორაძის ხმა] „როგორ უნდა დაისაჯოს, როცა ეს არის ორი ადამიანის ერთმანეთში წაკიდება და ეს არსად არ გასულა, რომ იტყვიან, დარჩა „ნა ბიტავომ უროვნე“ და ეს არ გაჟღერდა საქვეყნოდ. რა თქმა უნდა, არ ისჯება. ეს იქნებოდა სისულელე... მაგრამ თუ იგივე ითქმება საჯაროდ და მივა საზოგადოების ყურამდე, ამ შემთხვევაში კანონი სჯის. ეს უკვე რასიზმია.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG