Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


დასავლეთის პრესა ფართოდ ეხმაურება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესებას,

რაც მოჰყვა მოსკოვისგან დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას გადმოსცეს მას უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის ალქსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. “თაიმსი” წერს, რომ ლიტვინენკომ გაიზიარა ბედი პუტინის რეჟიმის კიდევ ერთი ოპონენტისა, ანა პოლიტკოვსკაიას, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოკლეს. “მაგრამ ამჯერად მსხვერპლი აღმოჩნდა ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც საშინელი მეთოდით მოკლეს ჩვენს დედაქალაქში. მთავრობამ უნდა მოითხოვოს ლუგოვოის გადმოცემა, პირველ ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების გამო და, მეორეც, იმიტომ რომ მართლმსაჯულების მიღწევა სხვაგვარად წარმოუდგენელია,” - წერს 19 ივლისის “თაიმსი”.

“ინდეპენდენტი” კი ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის გადმოცემის მოთხოვნაზე რუსეთის მიერ 4 ბრიტანელი დიპლომატის გაძევების ფაქტს უკავშირებს კრემლის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთმა ცალმხრივად შეაჩერა “ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებაში” მონაწილეობა.
“პოსტსაბჭოთა რუსეთი არასოდეს ყოფილა იოლი ქვეყანა, რაც განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოჩნდა. თუმცა დასავლეთსაც ძალიან არ გამოუდვია თავი, რომ დახმარებოდა რუსეთს,” - წერს “ინდეპენდენტი” და განაგრძობს: “რუსეთში თვლიდნენ, რომ დასავლეთი ხელს უწყობდა ცივი ომის დროინდელი ალიანსის, ნატოს, გაფართოებას მის საზღვრებამდე, ეხმარებოდა ანტიპუტინურ ძალებს რუსეთში და საზღვარგარეთ ანტირუსული განწყობილებების პროვოცირებას ახდენდა. მოსკოვმა ამ კვირაში გადაწყვიტა პროტესტის ნიშნად გამოსულიყო ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებას უფრო მეტად სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, ეს ჟესტი ურთიერთობის მკვეთრ გაციებას მოასწავებს,”- წერს “ინდეპენდენტი”.

რუსეთის პრობლემას ეხება “ბოსტონ გლობიც”, ოღონდ ამჯერად -კოსოვოს სტატუსის კონტექსტში. როგორც ცნობილია, 20 ივლისს შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, რუსეთისა და სერბეთის წინააღმდეგობის გამო, უარი თქვეს მცდელობაზე, გადაეწყვიტათ კოსოვოს სტატუსის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს კედლებში. “ბოსტონ გლობი” წერს: “კოსოვოელებმა კომფორტულად იგრძნეს თავი, როდესაც ალბანეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ბუშმა გაიმეორა, რომ ამერიკა ესწრაფვის კოსოვოს დამოუკიდებლობას. მაგრამ ითვალისწინებდა რა რუსეთისა და სერბეთის მჭიდრო კავშირებს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას “საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ” პრობლემები შეხვდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოში.” კოსოვო არის ბოლო მსხვერპლი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებისა, წერს ”ბოსტონ გლობი” და ასკვნის, რომ “კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერა არამხოლოდ დემოკრატიის განვითარების ამერიკისეულ ხანგრძლივ ტრადიციას შეესაბამება. უპირატესად მუსლიმებით დასახლებული კოსოვოს მიმართ სწორად მოქცევა ასევე წარმოადგენს ამერიკის ინტერესს,”–წერს “ბოსტონ გლობი.”
XS
SM
MD
LG