Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯებ ტაიპ ერდოანი – ისლამისტი, რომელიც პროევროპელად იქცა


22 ივლისს თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოქმედი პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოანის პარტიამ. პროევროპული იმიჯის მქონე რეჯებ ტაიპ ერდოანი თურქეთის ქარიზმატული და ძლიერი ლიდერია, რომელიც პოლიტიკური გზის დასაწყისში თავგამოდებული ისლამისტი იყო. თქვენთვის,ალბათ, არც ის იქნება ინტერესს მოკლებული, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის წინაპრები ბათუმიდან არიან.

53 წლის ერდოანი, რომლის მეუღლე საჯარო შეკრებებზე ისლამურ თავსაბურავში ჩნდება, თურქეთს 2003 წლიდან ხელმძღვანელობს. ბევრი თურქი ამაყობს ქვეყანაში სეკულარიზმის ინსტიტუციონალიზმით, რომელიც სათავეს იღებს 1923 წლიდან, როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქმა თანამედროვე თურქეთს ჩაუყარა საფუძველი. ერდოანი პირობას დებს, რომ ქვეყნის სეკულარობა არ შეიცვლება და რომ მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება პროდასავლური ორიენტაცია და ევროკავშირის წევრობა. ამ პოზიციის ურყეობა ერდოანმა კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა:

[რეჯებ ტაიპ ერდოანის ხმა] “თანახმად ჩვენი რესპუბლიკის მიზნებისა, ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ჩვენი ერის ინტერესი და სურვილი მიაღწიოს უკეთეს ცხოვრებას ჩვენთვის ყოველთვის სახელმძღვანელო იქნება.”

როგორც 2004 წელს საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, ერდოანის ოჯახი წარმოშობით საქართველოდან არის, ბათუმიდან, საიდანაც მისი წინაპრები თურქეთის ქალაქ რიზეში გადასახლებულან.
თურქეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი იზრდებოდა ისტამბულის ხმაურიან მუშათა რაიონში, თამაშობდა ფეხბურთს და ჰყიდდა ფუნთუშებს, რომ თავი გაეტანა და სწავლის ქირა დაეფარა. ერდოანი თავდაპირველად იმამ ჰატიპის რელიგიურ სკოლაში სწავლობდა და ახალგაზრდობაში ისლამური ხსნის პარტიის წევრი იყო. სწორედ ამ პარტიის ეგიდით გახდა ერდოანი ისტამბულის მერი 1994 წელს. სიმპათიები ისლამის მიმართ თურქეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს 1998 წელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად დაუჯდა. 1998 წელს ერთ-ერთ მიტინგზე ერდოანმა ლექსი წაიკითხა, რაც სასამართლომ ისლამისტური ამბოხის წაქეზებად ჩათვალა.

ერდოანი არ ეტანება ალკოჰოლს და როდესაც ისტამბულის მერი იყო, მკაცრად აკრძალა ალკოჰოლის გამოყენება რესტორნებში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობის მეთაური გახდა, ერდოანს ალკოჰოლის შეზღუდვა არც გახსენებია. ერთია მხოლოდ, რომ ალკოჰოლისა და თამბაქოს წარმოებაზე გადასახადი გაიზარდა.
რეჯებ ერდოანი თურქეთის პირველი პრემიერ-მინისტრია, ვინც 2004 წელს, 16 წლიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. ერდოანის დიპლომატიური გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ მისმა ბერძენმა კოლეგამ კოსტას კარამანისმა განაცხადა, საბერძნეთი მხარს დაუჭერს თურქეთის მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროკავშირშიო.
ერდოანის პრემიერ-მინისტრობის დროს თურქეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება. მაგრამ, ამავე დროს, ტაიპ რეჯებ ერდოანი მეტად წინააღმდეგობრივ პიროვნებად რჩება, თავისი შეხედულებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ურჩევნია ხელი არ ჩამოართვას ქალებს, მაგრამ ოფიციალური წესების გამო ამის გაკეთება უწევს, რისთვისაც შემდეგ უფალს შენდობას სთხოვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG