Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭის ოლიმპიადის სამზადისში აფხაზეთის ჩართვა - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მორიგი გამოცდა


რუსეთი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადება.

უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში სოჭის ინფრასტრუქტურის გასაახლებლად, სპორტული კომპლექსებისა და ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად რუსეთის მთავრობა 1,5 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს, თუმცა კრემლში იმედოვნებენ, რომ, მთლიანობაში, თამაშებიდან მიღებული ამონაგები ხარჯზე მეტი იქნება. იმავდროულად, რუსეთის გარდა, სოჭის ოლიმპიური თამაშებიდან სარგებლის მიღებას მეზობლად მდებარე აფხაზეთშიც ელიან. რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოლიმპიადის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ობიექტების აგებას აპირებს. მე შევეცადე გამერკვია, როგორც შეხვდნენ თბილისში სოჭის ოლიმპიადის სამზადისში აფხაზეთის ჩართვის შესახებ გავრცელებულ ცნობას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ, რომელიც 5 ივლისს გვატემალაში კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგიმ გამოაცხადა, რუსეთში მცხოვრები მილიონობით ადამიანი გაახარა. გაირკვა, რომ ზამთრის მორიგ ოლიმპიადას ქალაქი სოჭი უმასპინძლებს.

[ჟაკ როგის ხმა] „საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზამთრის 22-ე ოლიმპიადა 2014 წელს გაიმართოს სოჭში...“

მოგვიანებით ასევე გაირკვა, რომ მეზობელი ქალაქის ამგვარი წარმატება არც სოხუმში სწყენიათ. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამბობს, რომ ოლიმპიადის სამზადისში აფხაზეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული. კერძოდ, აფხაზეთი იქნება სოჭში გაჩაღებული მშენელობის ძირითადი მომმარაგებელი:

[სერგეი შამბას ხმა] ”შეგვიძლია მივაწოდოთ მშენებლობისთვის საჭირო აგური, ინერტული მასალა და ცემენტი. კომუნიკაციის სფეროშიც შეგვიძლია თანამშრომლობა, მაგრამ ყოველივე ამისათვის საჭიროა სათანადო ინვესტიციები, რადგანაც ისინი ჩვენგან მასშტაბურ მიწოდებას მოითხოვენ.”

სერგეი შამბას თქმით, რუსული ინვესტიციებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ცემენტისა და აგურის ქარხნების მშენებლობაც იგეგმება, თუმცა, შესაძლოა, ყველა ეს გეგმა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, ქაღალდზე დარჩეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველო არ აპირებს მშვიდად უყუროს საკუთარი ტერიტორიის ექსპლუატაციას:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „თუ საუბარია იმაზე, რომ ამ ტიპის ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლების თანხმობისა და შეთანხმების გარეშე და აფხაზეთში უნდა მოიქცნენ ისე, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენ შევახსენებთ ჩვენს რუს კოლეგებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარებულია საერთაშორისო არენაზე და, თუ რუსეთი გადაწყვეტს ამის იგნორირებას, ანუ გადაწყვეტს საერთაშორისო ნორმების იგნორირებას, ასეთ შემთხვევაში სოჭის ოლიმპიადამ შეიძლება გაიზიაროს მოსკოვის ოლიმპიადის ბედი.“

ნინო ბურჯანაძის თქმით, თბილისის გვერდის ავლით თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში ინვესტიციის დაბანდება რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად გაართულებს. თუმცა საკითხავია, რა ბერკეტი აქვს თბილისს მოსკოვის შესაჩერებლად. მე ამ შეკითხვით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კოტე გაბაშვილს, მივმართე.

[კოტე გაბაშვილის ხმა] „ყველანაირი, მაგრამ, უპირველეს ყოფლისა, დიპლომატიური და, მათ შორის, ისიც, რაც თქვა ქალბატონმა ბურჯანაძემ. ასევე ის, რომ ყველა საერთაშორისო ორგნიზაციაში შეგვიძლია დავაყენოთ ეს საკითხი... და, საერთოდ, რა ბერკეტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? როცა 7 კილომეტრში შენი ტერიტორიიდან ტარდება ოლიმპიადა და იმ 7 კილომეტრს მიყოლებული ტერიტორია, შენ კი არა, ჩვენ გვეკუთვნისო, ნებისმიერი ბერკეტის გამოყენების უფლება აქვს ქვეყანას.“

პოლიტიკოსების მსგავსად, მიმდინარე პროცესებისადმი გულგრილი ვერც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა დარჩება. გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის კომენტარი:

[ემზარ ზენაიშვილის ხმა] „ის, რომ ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ფაქტია. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. არც ოლიმპიური ქარტია და არც გვატემალის სესია განსხვავებულს არ მოიაზრებს... თუ ასე არ მოხდა, მაშინ პროტესტსაც გამოვთქვამთ და სხვა ზომებსაც მივიღებთ.“

თუმცა, ყველა ამ განცხადების პასუხად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ჩართვა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებში ამ ეტაპზე არ განიხილება. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ გამორიცხულია აფხაზეთის ტერიტორიის სოჭის ოლიმპიურ ზონაში გაერთიანება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი კი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აფხაზეთის ჩართვა ოლიმპიადის სამზადისში უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „უფრო აფხაზეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის სურვილი იყო გახმიანებული და ცოტა პროვოკაცია დამატებული. ვნახოთ, რა იქნება.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG