Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არნოლდ შვარცენეგერი და „კუნთის კულტი“


არნოლდ შვარცენეგერი იუბილარია

- 30 ივლისს იგი 60 წლის გახდა. ოცდამეერთე საუკუნის ისტორიაში შვარცენეგერი შევა როგორც კალიფორნიის შტატის გუბერნატორი, რომელმაც ორჯერ მოიგო არჩევნები, მეოცე საუკუნისაში კი - როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობი, რომელმაც წარმატება თავისი კუნთებით, 58 სანტიმეტრიანი ბისეფსებით მოიპოვა.


[შვარცენეგერის ხმა. ფიცს დებს]

ასე დადო ფიცი არნოლდ შვარცენეგერმა 2003 წელს, როცა ჰოლივუდის ვარსკვლავი, რესპუბლიკური პარტიის აქტივისტი და ამერიკის უმდიდრესი ადამიანი, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი გახდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ასტალავისტა ბეიბი“, - თქვა არნოლდმა და კალიფორნიას ჩაუდგა სათავეში.

ტერმინატორიდან გუბერნატორამდე შვარცენეგერმა ხანგრძლივი გზა განვლო - წარმატებას, ფულს ხანდახან მარცხი და სკანდალი ახლდა. გულმაც უმტყუნა, ოპერაციის გაკეთება მოუხდა, მაგრამ მითი, რომელიც შვარცენეგერმა თავისი ცხოვრებით შექმნა, მაინც არ დაინგრა - წარმატების მითი, წარმატებისა, რომელიც ადამიანმა თავისი სხეულით, უფრო სწორად, ”კუნთებით” შეიძლება მოიპოვოს. სხვათა შორის, 70-იან წლებში ამ მითზე ვერც განახლებულმა ”ცივმა ომმა” იმოქმედა. უფრო პირიქით, აქეთ, საბჭოთა კინოში, და იქით, ჰოლივუდში, პოპულარულები ხდებოდნენ კუნთმაგარი მსახიობები, რომლებიც არაადამიანური ძალისა და ფიზიკური შესაძლებლობების პერსონაჟებს ქმნიდნენ ეკრანზე - ამ ახალ ეკრანულ გოლიათებს მაყურებლის წარმოდგენაში ქვეყანა მტრისგან უნდა დაეცვათ. არ არის შემთხვევითი, რომ საბჭოთა იდეოლოგიური პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ 70-იან, 80-იან წლებში მიწასთან ასწორებდა თითქმის ყველაფერს, რაც ამ დროს დასავლურ კულტურაში იქმნებოდა, შვარცენეგერზე ნაკლებად ქილიკობდა. უფრო მეტიც, 1987 წელს არნოლდი უპრობლემოდ ესტუმრა მოსკოვს, რათა საბჭოთა მილიციელის სახე შეესწავლა ფილმის, ”წითელი სიცხის”, გადაღების წინ. ხომ გახსოვთ ეს სურათი? რუსული მაფიის ლიდერს, იური როსტას, იქ მეტსახელი აქვს - ”შოთა რუსთაველი”... არ არის გამორიცხული, რომ ასეთი სახელი ფილმის ავტორებს მოსკოველმა მასპინძლებმა შესთავაზეს, ”წითელი სიცხის” ავტორებს კი - მათ შორის, არნოლდ შვარცენეგერს - ქართული კულტურის ცოდნას ვერავინ მოსთხოვდა. თანაც, სახელი და ფული შვარცენეგერისთვის ცოდნასა და ინტელექტს არ მოუტანია. ავსტრიის პატარა სოფელში დაბადებულმა არნოლდმა ოდიბილდინგში სცადა ბედი. 15 წლის იყო, როცა მტკიცედ გადაწყვიტა „მისტერ სამყარო“ გამხადარიყო, ყველა შეჯიბრი მოეგო ბოდიბილდინგში და, რაც მთავარია, შეერთებული შტატები დაეპყრო. 1967 წელს მონაწილეობა მიიღო შტუტგარტში გამართულ „მისტერ ევროპას“ შეჯიბრში. აქ შეამჩნია იგი ჯო უედირემმა და ამერიკაში წაიყვანა.

კინოში მისი კარიერა 1969 წელს დაიწყო ფილმით „ჰერკულესი ნიუ-იორკში“ - ინგლისური ცუდად იცოდა, მაგრამ ჰოლივუდში იმედი ჰქონდათ, რომ ახალგაზრდა მსახიობი კუნთებით დაიპყრობდა პუბლიკის გულებს. უარყოფით გმირებს იშვიათად ათამაშებდნენ, რადგან ასეთი პერსონაჟები შვარცენეგერი-გოლიათის იმიჯზე იმოქმედებდნენ. მეოთხე ბეტმენში განსახიერებული უარყოფითი როლის შემდეგ თავად განაცხადა, რომ მის პერსონაჟებს მხოლოდ და მხოლოდ მიბაძვის სურვილი უნდა აღეძრათ კაცებში... ქალებს კი ეგრძნოთ, რომ იდეალური მამაკაცის სახეს აზიარეს.

[შვარცენეგერის ხმა] “35 წელი ვიყავი შოუ-ბიზნესში. თუკი კინოში რამე არ მომწონდა, ადვილად ვიშორებდი თავიდან... ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გავწმინდოთ ჩვენი სახლები, მოვიშოროთ ნაგავი, თავიდან მოვიშოროთ ბიუროკრატია და მისი ინტერესები.“

ეს სიტყვა შვარცენეგერმა თავისი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოთქვა. 2003 წელს კი უკვე ძალიან მდიდარი ადამიანი იყო - ფლობდა ”პლანეტა ჰოლივუდის” რესტორნების ქსელს და უზარმაზარ თანხას, რომელიც 80-იან წლებში ”ტერმინატორმა” მოუტანა. ჯეიმს კამერონის ამ ფილმში განსახიერებული როლის შემდეგ შვარცენეგერზე, ტყავის კოსტიუმითა და შავი სათვალით, ფსიქოანალიტიკოსები და კულტუროლოგებიც ალაპარაკდნენ. აღნიშნავდნენ, რომ არნოლდმა ჰომოეროტიკული სახე შექმნა, რამაც, ძალიან გააღიზიანა მსახიობი. შემთხვევითი არ არის, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე შვარცენეგერმა განაცხადა, რომ არასდროს დაუშვებდა გეების ქორწინებას, მოგვიანებით კი მხარი დაუჭირა კანონს, რომლის თანახმადაც კალიფორნიელ მოქალაქეებს მოეთხოვებათ თავიანთი პირადი ცხოვრების აღიარება.

[შვარცენეგერის ხმა] „მე არ ვარ კმაყოფილი უმნიშვნელო პრობლემების მოგვარებით. მე მაწუხებს მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთანაც ბრძოლას პოლიტიკოსები სარისკოდ მიიჩნევენ. მე არ მეშინია ამ რისკის. ყოჩაღად ქცევა პოლიტიკაში თვითმკვლელობას არ ნიშნავს. უნდა შევეჭიდოთ ამ პრობლემებს, ვილაპარაკოთ მათზე, ხალხი უნდა შემოვიკრიბოთ. ამაში მჭირდება თქვენი დახმარება.“

არნოლდ შვარცენეგერი არასდროს მალავდა, რომ მისი იდეალი პოლიტიკაში რონალდ რეიგანი იყო და ყოველთვის ოცნებობდა გაევლო რეიგანის გზა - მსახიობიდან პოლიტიკოსამდე... არა, პრეზიდენტობაზე იგი არაფერს ამბობს... არ უყვარს, როცა ამაზე ეკითხებიან. მისი მტკიცებით, გუბერნატორის პოსტზე იმდენი საქმე აქვს, რომ მომავალზე არ ფიქრობს. სამაგიეროდ, სიამოვნებით საუბრობს ფილმზე ”ტერმინატორი” და იხსენებს მაყურებელთან შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით მშობლიურ ავსტრიაში. ”ტერმინატორის” პრემიერის შემდეგ ავსტრიელი ტელეკომენტატორის კითხვას, მართალია თუ არა, რომ იგი დუბლიორის გარეშე იღებდა ტრიუკებს, არნოლდმა ასე უპასუხა:

[შვარცენეგერის ხმა] „მართალია. ჩემს შემცვლელად ვერ იპოვეს კასკადიორი და დუბლიორი, რადგან ჩემნაირი დაკუნთული ადამიანი, სამწუხაროდ, არ არსებობს.“


ასე გამოდის, რომ თქვენ უნიკალური პერსონაჟი ხართო, - აღნიშნა სატელევიზიო შოუს წამყვანმა. არნოლდმა სიამოვნება ვერ დამალა სახეზე. მას, მართალია, უნდა, რომ მიბაძონ, მაგრამ ისიც კარგად ახსოვს, რომ უნიკალურია.

[მუსიკა. ”ტერმინატორი”]

”ტერმინატორის” ეს მუსიკა საბჭოთა კავშირში 80-იანი წლებში ჯეიმს კამერონის ფილმის არალეგალური ვიდეოჩანაწერებით მოისმინეს. დიდი ხნის მერე, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრევა და კიბორგები (რობოტები, რომლებმაც ქვეყანა ”მტრისგან” უნდა გაათავისუფლონ) ახლა უკვე რუსული ფილმების პერსონაჟები გახდებიან, ამის მსგავსი მელოდიები დაიწერება რუსული, ეგრეთ წოდებული, ”ბოევიკებისთვის”. მოდა გოლიათზე, რომელსაც თავისივე კუნთები და ტესტოსტერონი აწვება, ისევ მკვიდრდება - ახლა უკვე რუსულ კინოში. ამერიკაში კი ასეთ ფილმებზე დიდი ხანია ეცინებათ - მაყურებელსაც და ფილმების ავტორებსაც. შვარცენეგერი კი მხოლოდ და მხოლოდ გუბერნატორია. თუმცა ხანდახან შეახსენებს ხოლმე თავის ამომრჩეველს სახელგანთქმულ ფრაზას ”ტერმინატორიდან”: ”მე დავბრუნდები!”

[შვარცენეგერის ხმა] „მე დავბრუნდები!“
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG