Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ვალიკო რაზმაძე განვლილი კვირის მანძილზე მიღებულ შთაბეჭდილებებს

სადღიურო ჩანაწერების სახით გაგვიზიარებს ვალიკო რაზმაძე, სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის წევრი, სოფელ თამარაშენის მკვიდრი.

19 აგვისტო, კვირა
დღეს თბილისიდან შვილებმა დამირეკეს. გათხოვების შემდეგ ისინი სულ ერთხელ იყვნენ ხეობაში და ამიტომ მინდა, განსაკუთრებულად დავხვდე. ხეობაში მათი შემოსვლა სირთულეებთანაა დაკავშირებული. დავუკავშირდი ლიახვის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ ვახტანგაშვილს. იგი ჩემს შვილებსა და სიძეებს სოფელ ერედვში დახვდა და შემოვლითი გზით შემოიყვანა აჩაბეთში. როგორც ყოველთვის, სტუმრებს გავუმასპინძლდი ჩემს გაკეთებულ წყაროსთან, რომელსაც ხალხი "ვალიკოს წყაროდ" იცნობს. შვილები და სიძეები ხეობაში ორი დღე დარჩნენ. მათ დავათვალიერებინე სიახლეები დიდი ლიახვის ხეობაში. ჩემს შვილებს განსაკუთრებულად მოეწონათ თამარაშენის კულტურის სახლი და აჩაბეთის სპორტული კომპლექსი – მინი-სტადიონი.

20 აგვისტო, ორშაბათი
ორშაბათი სამუშაო დღეა და დილიდანვე - ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე - სოფელ ქემერტიდან 12 რეზერვისტი გორში უნდა წავიყვანო. მოვძებნე მანქანა, მაგრამ ჯგუფი არ შედგა და ცუდ ხასიათზე დავდექი. მაგრამ იმედია, გეგმით გათვალისწინებულ მომზადებას გამოძახებული რეზერვისტები ეტაპობრივად შეუერთდებიან. შიდა ქართლში სამხედრო რეზერვი წელს 2500-მა კაცმა უნდა გაიაროს.
ქემერტიდან სამსახურში დავბრუნდი. ქურთის მუნიციპალიტეტის ვეტერანთა მოკვლევის რწმუნებულს ყოველდღე უამრავი ხალხი მაკითხავს. დღეს სხვებთან ერთად მოვიდა ქემერტელი ნიკოლოზ კახნიაშვილი. იგი 1991-1992 წლებში ოსურ-ქართული კონფლიქტის დროს მოხალისეთა რაზმში იყო გაერთიანებული და ვაჟკაცურადაც იბრძოდა. თუმცა, დღემდე არა აქვს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა. მისი საქმიანობის მოკვლევის საბუთები თბილისში, ვეტერანთა დეპარტამენტში, ჩემი ხელით ჩავიტანე. 1 სექტემბრიდან, იმედია, ნიკოლოზ კახნიაშვილიც ისარგებლებს ვეტერანის შეღავათებით. ცოტაა, მაგრამ მაინც. დიდი ლიახვის ხეობიდან, ჩემის აზრით, ვეტერანის წოდება ეკუთვნის ყველას, ვინც 1991-1992 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა.
კონფლიქტის ზონაში ვერც დღევანდელმა დღემ ჩაიარა მშვიდად. ის იყო, დაძინებას ვაპირებდი, რომ დასავლეთის მხრიდან აჩაბეთში ოსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სამშვიდობო ბატალიონსა და საშუალო სკოლას. ეუთოს დამკვირვებლებმა და რუსმა და ქართველმა მშვიდობისდამცველებმა ინციდენტი იმავე ღამეს დააფიქსირეს, მაგრამ რა... ხალხს მშვიდი ძილი მოენატრა.

21 აგვისტო, სამშაბათი
დღეს ბავშვები გავაცილე თბილისში. ისევ შემოვლითი გზით. დავურეკე. კარგად უმგზავრიათ. უგზოობა ძალიან გვაწუხებს. რაც კეთდება ხეობაში კარგია, მშენებლობის ბუმია, მაგრამ გზის პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. დღევანდელი დღე ხალხში, მეზობლებთან ერთად გავატარე. ჩვენ ძირითადად ხეობის პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე. დანარჩენი დრო კი საკარმიდამო ნაკვეთში ვიფუსფუსე. ხეობის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო ხილი და სოფლის მეურნეობის პროდუქციაა. ხალხს იმედი აქვს, რომ კონფლიქტი უახლოეს ხანში მოგვარდება.

22 აგვისტო, ოთხშაბათი
საკრებულოსა და გამგეობას შორის ბოლო დროს ვითარება ცოტა დაიძაბა. ჩემთვის არასასიამოვნოა, რაც ხდება. დილიდანვე უხასიათოდ ვარ. ჩემმა ძმამ დამირეკა. დახმარება მთხოვა. მის ნაკვეთზე ცენტრალური გაზსადენი გადის. მილია ასაწევი, რათა ავტომობილი ნაკვეთში თავისუფლად შევიდეს. მუშებმა ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთეს. ვიქეიფეთ. ისევ და ისევ ვალიკოს წყაროზე. ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი.

23 აგვისტო, ხუთშაბათი
ქურთის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გელა ჯულუხაძემ განცხადებით მოგვმართა, ვეტერანის წოდება მივანიჭოთ საავადმყოფოს კოლექტივის იმ წევრებს, რომლებიც 1991-92 წლებში პროფესიულ ვალს იხდიდნენ და დახმარებას უწევდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის საომარ მოქმედებებში დაჭრილებს - როგორც ოსებს, ისე ქართველებს. სამედიცინო პერსონალის გარდა, მოსახლეობიდანაც ბევრმა მოგვმართა. უკვე 250-მდე განცხადება დაგვიგროვდა.

24 აგვისტო, პარასკევი
ზაფხულის შვებულებები და ინეტრულობა ხეობასაც დაეტყო. არც მაღალი სტუმრები აქტიურობენ ხშირი ვიზიტებით. ძველებურად მუხლჩაუხრელად მუშაობენ გლეხები და მშენებლები. შემოდგომა კარსაა მომდგარი, ხილის დიდი მოსავალია, მაგრამ მისი რეალიზაციაა პრობლემა. ხალხს მთავრობის იმედი აქვს. მეც, რა თქმა უნდა. ბაღში შევედი, რამდენიმე მსხმოიარე ტოტი სიმძიმისგან ჩამომტვრეული დამხვდა. იძულებული გავხდი, ტოტებისთვის საყრდენები შემედგა. ძირითადად ამით დავკავდი, მაგრამ საღამოს გორში ჩასვლაც მოვახერხე. მეგობარი ლექტორი ვნახე, მაინტერესებდა, რა შედეგები აჩვენეს ეროვნულ გამოცდებში დიდი ლიახვის ხეობის აბიტურიენტებმა. ამაზე ლაპარაკი ჯერ ცოტა ნაადრევიაო, მითხრა, თუმცა უკმაყოფილო არ ჩანდა.

25 აგვისტო, შაბათი
თითქმის ერთი წელია, ცხინვალში აღარ ვყოფილვარ. კოკოითის ხელისუფლების ბრძანებით, დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობისთვის ქალაქში შესვლაზე მკაცრი სანქციები და ჯარიმებია დაწესებული იმ დღიდან, რაც ქურთაში სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული დაფუძნდა. ჩემზე, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის წევრზე, ეს სანქციები პირველ რიგში ვრცელდება. კომისიის შეკრება ამ ერთი კვირის წინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო. მოსახლეობის აზრია, რომ სტატუსში სამხრეთ ოსეთი არ ფიგურირებდეს და მხარეს ცხინვალის რეგიონი ეწოდოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებამდე მივალთ. კომისია, ალბათ, სექტემბერში დაიწყებს მუშაობას. კომისიის ერთ-ერთ წევრს დავუკავშირდი, შეკრების თარიღისა და კომისიასთან დაკავშირებული სხვა სიახლეეების გარკვევა მინდოდა. ახალი ჯერჯერობით არაფერია.
თბილისში წავედი, გზაში გორიდან მეგობრებმა დამირეკეს. აინტერესებდათ, ხეობაში ვიქნებოდი თუ არა. ერთმანეთთან სისტემატური კონტაქტი გვაქვს, რამე რომ არ გამოგვრჩეს. რადიო "თავისუფლებაში" მივედი. თბილისში, ალბათ, დიდხანს ვერ გავჩერდები. ორშაბათიდან ახალი საქმიანი კვირა იწყება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG