Accessibility links

რატომ მოუხსნეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ნაწილს პენსია?


საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსით, დაახლოებით, 18 ათასი ადამიანი სარგებლობს.

1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც, რეპრესირებულ პირებსა და მათ შთამომავლებს დაენიშნათ ომის ვეტერანის პენსიასთან გათანაბრებული ფულადი უზრუნველყოფა. მაგრამ 2006 წელს „საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილების მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მქონე იმ მოქალაქეებს, რომლებიც საბიუჯეტო სექტორში საქმიანობენ, ხელფასთან ერთად აღარ ეძლევათ პენსია. ცვლილებას, რეპრესიების მსხვერპლთა გარდა, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიაც აპროტესტებს.

კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ პერიოდში - დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. კანონი ასევე ვრცელდება რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული მოქალაქის ოჯახის წევრებზე. ილამაზ მიწიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მემორიალის” თავმჯდომარე, ამბობს, რომ რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მქონე მოქალაქეებმა პირველი პენსია სულ რაღაც ოთხი წლის წინ მიიღეს:

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] „ჩვენ უნდა მიგვეღო პენსია იმ ოდენობით, რომელიც უთანაბრდება სამამულო ომის ინვალიდის პენსიას. 2003 წლიდან ვიღებთ ამ პენსიას და იგი შეადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულისთვის 50, ხოლო ოჯახის წევრებისთვის 45 ლარს.“

თუმცა, „საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილების შედეგად, პენსიას ვეღარ იღებენ ის ადამიანები, რომლებიც საბიუჯეტო სექტორში საქმიანობენ. ზურაბ მარაქველიძე - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი - ამბობს, რომ ცვლილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის სულისკვეთებას:

[ზურაბ მარაქველიძის ხმა] „სააკაშვილი გახლავთ ავტორი ამ კანონის პრეამბულისა, სადაც ჩაწერილია, რომ სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა განსაკუთრებულ წვლილს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების საქმეში და ამისათვის მათ ენიშნებათ პენსია. თუმცა დღეს ხელისუფლება რატომღაც თვლის, რომ ის ხალხი, ვინც დასაქმებულია საჯარო სამსახურში, არ არის ღირსი მიიღოს პენსია, რომელიც მიეცემა მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს, რაც თავისთავად დისკრიმინაციული ნორმაა და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საკუთრების სხვადასხვა ფორმებს და მოქალაქეებს.“(სტილი დაცულია)

ზურაბ მარაქველიძის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, 2006 წლის პირველი იანვრიდან, ექვსი თვის განმავლობაში, მთავრობა ინერციით განაგრძობდა საბიუჯეტო სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის პენსიების დარიგებას, დღეს კი ხელისუფლება შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს. გარდა ამისა, რეპრესირებულთა მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ, მონეტიზაციის შედეგად, მათ ყველა სახის შეღავათიც მოეხსნათ. ილამაზ მიწიშვილი განმარტავს:

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] „იყო ბევრი შეღავათი, ახლა არ ღირს ამაზე ლაპარაკი... ეს ყველაფერი 2007 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა, ეგრეთ წოდებული მონეტიზაციის პროგრამის შესაბამისად, და ჩვენ, ყველაფრის ამის სანაცვლოდ, ვიღებთ 7 ლარს.“(სტილი დაცულია)

თუმცა დავუბრუნდეთ პენსიის საკითხს. ზურაბ მარაქველიძის თქმით, რესპუბლიკური პარტია, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დეპუტატითაა წარმოდგენილი, „საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას მოითხოვს:

[ზურაბ მარაქველიძის ხმა] „ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში. ამ კანონპროექტის მიზანია სტატუს კვოს აღდგენა, ანუ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობილ მოქალაქეებს აღუდგეთ მათი კუთვნილი პენსია 2006 წლის პირველი იანვრიდან, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან დასაქმებული - კერძო თუ საჯარო სექტორში.“ (სტილი დაცულია)

საკთხის პარლამენტში განხილვას მოუთმენლად ელიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანები. ილამაზ მიწიშვილი ამბობს, რომ ცვლილებაზე ათასობით ადამიანის ბედია დამოკიდებული:

[ილამაზ მიწიშვილის ხმა] „თუ ეს კანონი არ გავიდა, ჩათვალეთ, რომ ეს არის გეგმაზომიერი განხორციელება საკუთარი ხალხის გენოციდისა.“

ილამაზ მიწიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას რეპრესირებულთა სასარგებლოდ მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით არც მთავრობის და არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
XS
SM
MD
LG