Accessibility links

logo-print

მეამბოხე ლიდერის კრახი


ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური თავგადასავალი მრავალ

კითხვას ბადებს და მათზე პასუხების მოძებნა გაცილებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის, ვიდრე მათი უპასუხოდ დატოვება. მინდა გესაუბროთ ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც მეამბოხე ლიდერის, ბედზე.

ამბოხი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი რომელიღაც სისტემის ნაწილია და შემდეგ უჩნდება სურვილი, ამ სისტემას ახალი ღირებულებების საფუძველზე დაუპირისპირდეს. როგორც წესი, ამბოხი მით მეტად წარმატებულია, რამდენადაც ძლიერია მეამბოხის ღირებულებების ღერძი.

როგორც კი ქართველი ახალგაზრდა მშობლიური ლიტერატურის საფუძვლიან შესწავლას იწყებს, მას სკოლაში სთავაზობენ პირველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლს - “შუშანიკის წამება”. სწორედ ამ ნაწარმოებით ეცნობა ქართველი მოსწავლე ამბოხის დრამატურგიას. შუშანიკი სომეხთა სპასპეტის ასული და ქართლის პიტიახშის მეუღლე იყო, მაღალი წრის ქალბატონი, შესაბამისად აღზრდილი და შესაბამის პირობებში ცხოვრებას ნაჩვევი. როდესაც მისი ღირებულებების სისტემა პიტიახშისას დაუპირისპირდა, შუშანიკი სრულიად მარტო დარჩა. იგი კედელს მიეყრდნო და ატირდა. ამ ცრემლით ქართლის დედოფალი სამუდამოდ გამოეთხოვა თავის წარსულ, მშვიდობიან და კეთილდღეობით ცხოვრებას. პიტიახშმა ბოლო შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც შუშანიკი ციხეში გამოკეტა. ექვსი წლის განმავლობაში დედოფალი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ მას საკუთარი სიმართლის რწმენა აძლებინებდა და აძლიერებდა. შუშანიკი, რომელიც ამბოხის დასაწყისში მარტო იყო, სიცოცხლის ბოლო წლებში გარემოცული აღმოჩნდა ქართლის მთელი მოსახლეობის სიყვარულით; დედოფალს, რომელსაც ამბოხის დასაწყისში უძვირფასესი სამოსი და სამკაული მოსავდა, სიცოცხლის ბოლოს მატლი ეხვეოდა. თუმცა ციხეში ყოფნის პერიოდმა რამდენადაც ფიზიკურად დააუძლურა იგი, იმდენადვე და მეტად გააძლიერა სულიერად. დედოფლის ამბოხმა მთელი ქართლი შეძრა და შეკრა. ეს არის ამბავი, რომელიც, მართალია, დიდი ხნის წინ, მაგრამ ნამდვილად მოხდა.

მსოფლიო ლიტერატურაში კლასიკური მეამბოხე გმირი ანტიგონეა, ოიდიპოსის ასული. მისი ამბოხის საფუძველიც ღირებულებებია. ღვთაებრივი კანონის შესაბამისად, მან მიწა მიაყარა საკუთარი ძმის ცხედარს, თუმცა, ანტიგონეს ბიძას, თებეს მეფეს, ნაბრძანები ჰქონდა, რომ სიკვდილით დასჯილიყო ყველა, ვინც მისი ძმისშვილის ცხედარს მიუახლოვდებოდა. ანტიგონეს ძმა ტახტისთვის ბრძოლაში დაიღუპა და მეფემ მისი დამარხვა ხალხის დასაშინებლად აკრძალა.

ანტიგონემ, ადათის აღსრულებით, საკუთარი ვალი აღასრულა. თავზარდაცემული მეფე მზად იყო სიმართლე დაემალა, რადგან ანტიგონეს სიკვდილით დასჯა არაფრით არ სურდა. მაგრამ გოგონასაც ხელი უნდა აეღო განზრახვაზე, რადგან მეფე საკუთარ ბრძანებას ვერ გადაუხვევდა. ანტიგონე ბიძას უხსნდა, რომ მეფე სუსტია, რადგან საკუთარი უგუნური ბრძანებების ტყვეა და იძულებულია ის გააკეთოს, რასაც ტახტი ითხოვს; ჩაფრების მიერ დატყვევებული ანტიგონე კი ძლიერია, რადგან თავისუფალია და მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. მეფე ემუდარებოდა გოგონას, რომ სიცოცხლე აერჩია და ბიძაც დაენდო. მაგრამ ანტიგონე ადათის და ძმის ერთგული დარჩა და საკუთარ ამბოხს შეეწირა.

ზოგადად, ამბოხის დევიზია: “ყველაფერი ან არაფერი!” იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ძველ სისტემას ახალი ღირებულებებით უპირისპირდება, მზად უნდა იყოს ამ სისტემისგან ყველაზე მკაცრი სასჯელის მისაღებად. რაც მეტად რეპრესიულია მის წინაღმდეგ მიმართული ღონისძიებები, მით მეტად ძლიერდება მეამბოხე ადამიანი, რადგან მით მეტად ჩქარდება ღირებულებების ახალი ღერძის ირგვლივ საზოგადოების შემოკრება.

თუ ირაკლი ოქრუაშვილს დავუბრუნდებით, ის ამბობდა, რომ არსებული სისტემის წინააღმდეგ მისი ამბოხი სწორედ ღირებულებებს ეფუძნებოდა; რომ იგი იწყებდა უშიშარ ბრძოლას შიშის წინააღმდეგ. მისმა დაპატიმრებამ ოპოზიციის გაერთიანება და ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია, რასაც ციხეში ოქრუაშვილის გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა. უკიდურესი ზეწოლის პირობებშიც კი, იგი უფრო მომგებიან პოზიციაში იყო, ვიდრე ხელისუფლება, რადგან მისი დაპატიმრების შემდეგ ამ ორიდან მხოლოდ ოქრუაშვილს დარჩა არჩევანის უფლება. და არჩევანი გაკეთდა: ციხის თავისუფლება თავისუფლების ციხეზე გაიცვალა.

ზოგადად, ამბოხის კრახის მიზეზი ღირებულებების სისტემაშია საძიებელი. ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც ჩანს, არ აღმოაჩნდა საკმარისად ძლიერი შინაგანი ღერძი დემოკრატიული ღირებულებებისთვის თავის გასაწირად. შესაბამისად, არ ამოქმედდა დევიზი: “ყველაფერი ან არაფერი!” და ვერც მეამბოხე ლიდერის ფუნქცია აღსრულდა.


XS
SM
MD
LG