Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


დავით ლორთქიფანიძე თავის სადღიურო ჩანაწერებს გაგვაცნობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

14 ოქტომბერი, კვირა
დღეს სამსახურში შედარებით გვიან მივდივარ. სიწყნარეა. ხელს არავინ მიშლის.
ბევრი სამუშაო მაქვს დაგროვილი და ვამთავრებ.
მერე აეროპორტში მივდივარ - ჩემი ამერიკელი კოლეგები ჩამოდიან, რომლებთან ერთადაც ნიუ იორკის გამოფენა უნდა მოვამზადო.
საბოლოოდ უნდა გადავარჩიოთ ის ნივთები, რომლებიც ამერიკაში უნდა გამოვფინოთ: მოვამზადოთ კატალოგები, შევარჩიოთ ტექსტები.
საღამოს პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებულ ვახშამზე მიმიწვიეს. ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთს ესალმება.
ვახშამზე ჩემს გვერდით ზის ჩინეთის ელჩი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ მეუბნება: ეს რა უცნაური ქალაქია თბილისი, ქუჩაში რომ გამოვდივარ ბევრი ნაცნობი მხვდება - ჩინეთში ასე არ ხდებაო. მეც, ცხადია, დავეთანხმე. საქართველოს ეს მართლა გამოარჩევს ყველა სხვა ქვეყნისგან, და არა მარტო იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაა.

15 ოქტომბერი, ორშაბათი
9 საათიდან სამსახურში ვარ. სანამ ამერიკელებს შევხვდები, რამდენიმე შეხვედრა მაქვს. 12 საათიდან დღის ბოლომდე მათთან ვმუშაობ. დავაზუსტეთ ყველა იმ ნივთის სია, რომლებიც ვაშინგტონში და ნიუ იორკში უნდა წავიღოთ. ნიუ იორკის ექსპოზიცია პირველია ახლად შექმნილი ინსტიტუციისთვის. ვანის გამოფენა ჯერ ვაშინგტონში მიდის, მერე - ნიუ იორკში. ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სამუზეუმო სისტემაა და იქ მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს პირველი გამოფენაა, რომელიც საქართველოს ეძღვნება, თუმცა მათ ასეულობით გამოფენა აქვთ გაკეთებული. რაც შეეხება ნიუ იორკის ინსტიტუციას, რომელსაც ანტიკური კვლევის ინსტიტუტი ჰქვია, ის ახლა შეიქმნა - ცნობილი ფილანტროპის შელბი უაიტის ინიციატივით. მეტროპოლიტენ მუზეუმში უკვე არსებობს შელბი უაიტის და მისი მეუღლის ლეონ ლევის სახელობის ანტიკური დარბაზი. მათ ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს მეტროპოლიტენ მუზეუმს, ახლა კი თავისი საკუთარი შექმნეს.
ახალი ინსტიტუტი მეტროპოლიტენიდან 100 მეტრში მდებარეობს და მისი პირველი გამოფენა სწორედ საქართველო იქნება. შესაბამისად, მთელი მისი შემადგენლობა მოწადინებულია, რომ გამოფენას დიდი წარმატება ჰქონდეს. ფინანსურად ეს ძალიან მძლავრი ინსტიტუციაა, შესაბამისად, ხარჯებს არ ერიდებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალი რანგის ექსპოზიცია იქნება - როგორც ვაშინგტონში ისე ნიუ იორკში.
ახლა უკვე შემიძლია, ჩემს კოლეგებს გადავულოცო მათთან მუშაობა.
დღე ჩვეულებრივად გადის. როგორც ყოველთვის, გრჩება გრძნობა, რომ დღეში 24 საათი საკმარისი არ არის...
საღამოს არსად აღარ წავსულვარ. სახლში წავედი.

16 ოქტომბერი, სამშაბათი
დილიდან ჩვეულებრივი დღე იწყება. იმეილების კითხვა, პასუხები.
შუადღისას სადილზე საბერძნეთის ელჩთან მივდივარ. სადილი და საქმე რაღაცნაირად გაერთიანდა...
დილიდანვე ვმუშაობდი ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტებზე - რამდენიმე პროექტი გვაქვს ამჟამად.
საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ დილაობით რამდენიმე საათი სამეცნიერო მუშაობას დავუთმო და ფორმაში ვიყო.
დღის მეორე ნახევარში განვიხილავთ ეთნოგრაფიული მუზეუმის განვითარების ახალ გეგმას, რომელიც გერმანელმა არქიტექტორებმა მოამზადეს. ამ პროექტის განხილვა "არსის" ოფისში ხდება. არქიტექტორებთან მუშაობა კიდევ ცალკე სფეროა ჩემთვის და ძალიან რთული. ვსწავლობ, როგორ ვიყო კლიენტი, რაც თურმე არც ისე ადვილია.
ეთნოგრაფიული მიზეუმი ძალიან მნიშვნელოვანია. ის საქართველოს უდიდესი სიმდიდრეა და მისი განვითარება ჩვენი მოვალეობაა, ოღონდ უნდა შევძლოთ, რომ შევინარჩუნოთ ის, რომ სიმდიდრე და აკადემიურობაც ჰქონდეს, მაგრამ ამასთან ერთად, მოხდეს მისი გადაქცევა აქტიურ საზოგადოებრივ ადგილად. ძალიან საინტერესო განხილვა იყო.
საღამოს ჰოლანდიის ელჩის ვახშამზე ვიყავი.
ოფიციალური მიღების მერე კი დედაჩემთან გამოვიარე. სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ვხედავ დედაჩემს...

17 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დილაადრიან სიღნაღში მივდივარ. სიღნაღის მუზეუმის შექმნას თითქმის ვამთავრებთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ესეც, ეს მუზეუმი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი თანამედროვე ტიპის პირველი მუზეუმი იქნება. ვცდილობთ, საექსპოზიციო სივრცესთან ერთად, ეს საზოგადოებრივი ცენტრიც გახდეს; დიალოგის ადგილი იყოს და დამთვალიერებელი აქ მხოლოდ ექსპოზიციის სანახავად კი არ მოდიოდეს, არამედ ჩერდებოდეს კიდეც. ამიტომაც: იქნება პატარა კაფე, სუვენირების მაღაზია, დროებითი საგამოფენო დარბაზი და საკონფერენციო დარბაზი. ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დღევანდელ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, რაც არც ისე ადვილია. რა თქმა უნდა, ვღელავ. მართლა ვღელავ! როგორი გამოვა? გახსნამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება... მუზეუმში არქეოლოგიური მასალა იქნება წარმოდგენილი კახეთიდან, რეგიონის, ქალაქის ისტორია და ყოფა... კოლექციები უკვე შერჩეულია და როცა დავათვალიერე, დავწყნარდი.
ამ კოლექციებს საექსპოზიციოდ დავუმატებ ფიროსმანის 15-მდე შედევრს. ანუ მუზეუმი ისეთი უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმარს აქ ჩამოსვლის სურვილი ჰქონდეს.
მერე სხდომა ჩავატარე და ვგრძნობ, რომ კოორდინირებულად მიდის მუშაობა. ძალიან ბევრი ადამიანის შრომის სინთეზია ეს მუზეუმი.
4 საათზე თბილისში ვბრუნდები. ისევ სხდომები მაქვს. რამდენადაც ამაღამ მივემგზავრები, ბევრ საბუთზე მაქვს ხელი მოსაწერი.
მერე ფეხბურთზე წავედი... სტუმრებთან ერთად ფეხბურთზე ჩემი 14 წლის ქალიშვილიც მიმყავს. ელისაბედი ძალიან ბედნიერია, ყველანი ძალიანი ბედნიერები ვართ, მოვიგეთ! ასეთი გრძნობა კარგა ხანია, არ მქონია. ეს საოცარი სიამაყეა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რას ნიშნავს, როცა გაქვს მიზანი და თავდადება. სრულიად ახალგაზრდა ბიჭებმა აჩვენეს, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს. ეს მაგალითია იმისა, რომ წინ ვისწრაფოთ და წარმატების მაგალითი ყოველთვის გადამდები უნდა გახდეს. მერე სახლში შევირბინე... და პირდაპირ აეროპორტში წავედი.

18 ოქტომბერი, ხუთშაბათი
მიუნხენში ჩავფრინდი... აღმოჩნდა, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ტრანსპორტის მუშაკებს გაფიცვა აქვთ. მიუნხენის აეროპორტიდან სადგურამდე როგორღაც მივაღწიე. ჩემი მატარებელი ნახევარ საათში გადის. ჰაიდელბერგში მივდივარ, მოხსენება მაქვს... გზას 3 საათი უნდა და მოხსენებას გზაში ვამზადებ.
11 საათზე ჰაიდელბერგში ჩავდივარ, სასტუმროში ბარგს ვტოვებ, ვიცვლი და კონგრესზე მივდივარ. ანთროპოლოგთა კონგრესია. აქ, ზუსტად 100 წლის წინ, აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის ქვედა ყბა, რომელიც ნახევარი მილიონი წლით თარიღდება. სწორედ ამ იუბილეს აღსანიშნავად იმართება ეს კონგრესი.
ჩემი მოხსენება დმანისის შესახებ არის. თან ახალი მონაცემებიც დავუმატე, რომლებიც სულ ერთი თვის წინ გამოვაქვეყნეთ. არავინ მედავება, რომ დმანისი მილიონ რვაასი ათასი წლის არის და რომ ასეთი მნიშვნელოვანია. აუდიტორიისაგან ძირითადად აღფრთოვანებას ვგრძნობ - დმანისი მართლა განსაკუთრებული განძია!
მახსენდება, რომ 16 წლის წინ, როცა დმანისის აღიარება მხოლოდ იწყებოდა, აქ, ჰაიდელბერგში ვიყავი. ფრანკფურტის კონგრესის ერთ-ერთი დღე იყო, მაშინ ბატონ ლეო გაბუნიასთან ერთად პირველად წარმოვადგინეთ დმანისის აღმოჩენები და კარგად მახსოვს, როგორი სკეპტიციზმი იყო ირგვლივ. 16 წელი გავიდა და სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებას ვგრძნობ.
მოხსენებები გვიან საღამომდე გრძელდება.
ვატყობ, რომ ლამისაა ჩავთვლიმო. უკვე მიჭირს... წავედი და დავიძინე.

19 ოქტომბერი, პარასკევი
ჰაიდელბერგიდან მატარებლით პარიზისკენ მივდივარ. ბედად, გაფიცვა კვლავ ნაკლებად შემეხო.
ახლა უფრო დასვენებული ვარ.
ვაგზალზე ჟურნალ "გეოს" ახალ ნომერს ვყიდულობ. მეღიმება: ისევ დმანისზეა პუბლიკაცია, ახალ აღმოჩენებზე.
პარიზში ჩავდივარ. აქ ტარდება იუნესკოს გენერალური კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი დელეგაციის მთავარი მიღება იმ დარბაზშია დაგეგმილი, სადაც ვანის ოქროს ნივთებია გამოფენილი. ეს ნივთები 2500 წლის შედევრებია. ძალიან სასიამოვნოა, როცა პარიზში ამ გამოფენის აფიშებს ხედავ - როგორც მეტროში, ისე ქუჩაში. საფრანგეთში გამოფენას ასე ეწოდა - "ოქრო ოქროს საწმისის ქვეყნიდან". გამოფენა კიდევ სამ კვირას გაგრძელდება. მართლა დიდი წარმატებით სარგებლობს და ეს სექტემბრის დასაწყისში, ინაუგურაციაზე უკვე ნათლად ჩანდა. შემდეგ ეს ნივთები, თბილისში შერჩეულ სხვა ნივთებთან ერთად, ვაშინგტონში და ნიუ იორკში იქნება გამოფენილი. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უკეთ გააცნობს ჩვენს ქვეყანას ვაშინგტონისა და ნიუ იორკის საზოგადოებას. მიღებაზე გულგრილი ადამიანი არ შემხვედრია...
საერთოდ, განსაკუთრებული სიხარულია, როცა შენი ქვეყნის წარმოჩენის პროცესში შენი პროფესიაც მონაწილეობს. და ამას გულწრფელად ვგრძნობ.
ვანში აღმოჩენილი ნივთები უყოყმანოდ ადასტურებს კოლხეთის სამეფოს არსებობას და იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ანტიკური ცივილიზაციის ნაწილი იყო, ანუ ყოველთვის იყო მსოფლიოს ცივილიზაციის ნაწილი. დღეს კი ეს გამოფენა კიდევ ერთი დასტურია ჩვენი სწრაფვისა დღევანდელი ევროპისკენ.
საღამოს ქართველებმა ახლად გახსნილ ქართულ რესტორანში ვივახშმეთ. ტელევიზიით რაგბის თამაშს ვუყურეთ. ფრანგებმა წააგეს.

20 ოქტომბერი, შაბათი
შაბათი დილა პარიზში...
მზეა.
ყავა, კრუასანი...
მეტი რა გინდა, ალბათ, ადამიანს...
შუადღისას უკვე აეროპორტში მივდივარ. მიუნხენში უნდა გავფრინდე. რამდენიმე საათი აეროპორტში, მერე - თვითმფრინავში.
მოკლედ მოვფრინავ!
ხვალ დილით უკვე სიღნაღში უნდა ვიყო...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG