Accessibility links

logo-print

როგორ უნდა განკარგოს მედიამ კანონით მინიჭებული თავისუფლება


რა პრობლემები აწუხებს ქართულ მედიას? როგორ უნდა განვითარდეს იგი? - ეს ის კითხვებია,

რომლებსაც ნოემბრის მოვლენების შემდეგ ხშირად სვამენ როგორც ხელისუფლების, ასევე მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტების ნაწილი გამოსავალს მედიასაბჭოში, ანუ თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაში ხედავს, თუმცა მეორე ნაწილი კოლეგების ინიციატივას სიფრთხილით ეკიდება და მინიშნებას „მედიასაბჭოს“ წევრებზე ხელისუფლების გავლენას ასახელებს. სწორედ ამ წინააღმდეგობის დაძლევისა და მედიის განვითარების გზების დასახვას ემსახურებოდა კონფერენცია, რომელიც პირველ დეკემბერს გაიმართა და რომელშიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მსვლელობისას გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რეალობა, რომელიც ნოემბრის მოვლენებმა მოიტანა, მიუღებელია როგორც მედიის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, თუმცა ცხარე დებატები და კამათი გამოიწვია იმ მიზეზების კვლევამ, რამაც ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვა განაპირობა. კახა ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი, ამბობს, რომ ტელევიზიამ ხელისუფლებას არჩევანი არ დაუტოვა:

[კახა ლომაიას ხმა] „გამოცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით, რომ ხელისუფლება აპირებს საკათედრო ტაძრის დალაშქვრას, რა თქმა უნდა, იყო ბოლო წვეთი, რომლის იქითაც შეიძლებოდა დაწყებულიყო შეუძლებელი პროცესები. ამიტომ გადაწყვეტილება „იმედის“ დახურვის იყო ერთადერთი და სწორი. გეტყვით მარტივად: ათასჯერ რომ გახდეს საჭირო, ათასჯერ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება.“

თუმცა უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ მედია სამომავლოდ შეძლებს მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვას და საქმე ტელევიზიების დახურვამდე აღარ მივა. მედიის პროფესიონალიზმზე, უფრო ზუსტად კი, პროფესიონალიზმის დეფიციტზე ილაპარაკა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელმა ნინო ჯაფიაშვილმაც:

[ნინო ჯაფიაშვილის ხმა] „ჟურნალისტების ნაწილი გამიზნულად, საკუთარი ნებით იყენებდა საკუთარ პროფესიას ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. მეორე ნაწილმა კი ვერც კი გააცნობიერა, როგორ აღმოჩნდა არა საზოგადოების, არამედ კერძო ინტერესების პროპაგანდისტი, ანუ, ჩემი აზრით, მედია აღმოჩნდა შეზღუდულიც, სუსტიც და არაპროფესიონალურიც.“

ნინო ჯაფიაშვილი ვითარების გამოსწორებას, ანუ ჟურნალისტიკის ხარისხის გაზრდას, მედიის ეფექტიან თვითრეგულირებას უკავშირებს. თვითრეგულირების მექანიზმის ამუშავებას ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს „მედიასაბჭოს“ თავმჯდომარე გიგი თევზაძე, რომელმაც იმ სარგებელზე ილაპარაკა, რასაც თვითრეგულირება ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუტანს:

[გიგი თევზაძის ხმა] „საზოგადოება ნახავს იმ სარგებელს, რომ იქნება დაბალანსებული გადაცემები და ინფორმაცია, დაცული იქნება მათი თავისუფლება მფლობელებისაგან. ჟურნალისტები ასევე ნახავენ სარგებელს, რადგანაც დაცული იქნება რედაქციული თავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ისევე სჭირდება ხელისუფლებას, როგორც ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ნებისმიერი რყევა არის დამღუპველი.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ მოქმედი „მედიასაბჭოს“ ნდობის ხარისხი არ არის მაღალი. გაზეთ „რეზონანსის“ წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ თვითრეგულირების იდეას იწონებს, მაგრამ ვერ ენდობა საბჭოს მესვეურებს:

[ელისო ჩაფიძის ხმა] „თუკი ისინი იქნებოდნენ ნეიტრალურად განწყობილები და არ ექნებოდათ ბმები ხელისუფლებასთან, მე მაშინ მივესალმებოდი, რომ ისინი ყოფილიყვნენ ერთგვარი მაკონტროლებლები, მაგრამ დღეს ზოგიერთი ადამიანის განცხადება იმდენად ემთხვევა ხელისუფლების პოზიციას, რომ ათი განცხადებიდან ცხრა ემთხვევა. სწორედ ამიტომ მიჩნდება შიში, ეს ადამიანები ხომ არ განახორციელებენ ჩემზე რაღაც სახის ზეწოლას.“

ელისო ჩაფიძე ასევე არ იზიარებს იმ ჟურნალისტების პოზიციას, რომლებიც მედიის უპასუხისმგებლობასა და დაბალ პროფესიონალიზმზე ამახვილებენ ყურადღებას. მისი აზრით, აქცენტები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე უნდა გაკეთდეს:

[ელისო ჩაფიძის ხმა] „თუ ვინმემ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რელიგიური უფლებები, სექსუალური უმცირესობების უფლებები, მათ ნამდვილად უნდა მოინანიონ, მაგრამ ნუ განავრცობენ ამ შეცდომებს ყველა ადამიანზე. მე ამ თვითგვემას ვერანაირად ვერ შევუერთდები.“

თვითგვემის პროცესს, რომლის შესახებაც ელისო ჩაფიძე ლაპარაკობდა, არ უერთდებიან მაუწყებლობაშეწყვეტილი ტელეკომპანიის თანამშრომლები. „იმედის“ საინფორმაციო პროგრამის პროდიუსერი ჯონი კალანდაძე ამბობს, რომ უკანონოდ დახურული ტელევიზიის პირობებში ეთიკის ნორმებზე ლაპარაკი არაეთიკურია:

[ჯონი კალანდაძის ხმა] „მთავარი ამ ეტაპზე არის უპირობო გახსნა ტელევიზიის და მხოლოდ შემდეგ ჩამოყალიბება და საუბარი იმ ეთიკის ნორმებსა და მედიასტანდარტებზე, რომლის ძირითადი ნაწილი ისევეა მისაღები ჩვენთვის, როგორც სხვა ჩემი კოლეგებისთვის.“
XS
SM
MD
LG