Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად


ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრობენ.

გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ, რომელსაც მათიას იორში ხელმძღვანელობს, შეხვედრები გამართა პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან, ხოლო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებათა ოფისმა თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდსა და მიმდინარეობას რამდენიმე ასეული უცხოელი მეთვალყურე დააკვირდება. რა კეთდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად?

ბევრი თანხმდება იმაზე, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით მნიშვნელოვნად განიმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც საქართველოში ნოემბრის მოვლენების შემდეგ შეიქმნა, თუმცა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და პრეზიდენტობის კანდიდატთა განცხადებები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას კანონის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „...განსაკუთრებით რაიონებში, მაგრამ თბილისშიც ხდება საარჩევნო შტაბებზე თავდასხმა, აქტივისტების მოტაცება, მუქარა... პოლიციაა იქ ჩართული და აშინებს ამომრჩევლებს: იქ თუ მიხვალ, დაგიჭერ და ასე შემდეგ... ასეთი დარღვევების აღკვეთას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ამოცანა არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში. მე არაფერს ვამბობ იდეალურზე. მაგის იმედი, რა თქმა უნდა, არა გვაქვს.“

ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მარცხისთვის განწირული ოპოზიცია მომავალი საპროტესტო გამოსვლებისთვის საფანელს ამზადებს:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ეს არის უფრო მეტი საფრთხის მატარებელი განცხადებები, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, და ასეთი განცხადებები ემსახურება 5 იანვრის არჩევნების დისკრედიტაციას და უშუალოდ ემსახურება იმ ფონის შექმნას, როდესაც, წაგების შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი კანდიდატები გამოიყენებენ ამ კამპანიას, როგორც საფუძველს განცხადებისთვის, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და არჩევნები გაყალბდა.“(სტილი დაცულია)

სწორედ იმისათვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს და იყოს სამართლიანი, ხელისუფლების მოწვევით, საქართველოში ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა დროებითი კომიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა 6 დეკემბერს შეხვედრები გამართა პრეზიდენტობის კანდიდატებთან. შექმნილი ვითარების ამსახველი ინფორმაციის გარდა, ევროსაბჭოს წარმომადგენელმა ოპოზიციისგან კრიტიკული შენიშვნებიც მიიღო. ნესტან კირთაძე მათიას იორშთან შეხვედრისას შალვა ნათელაშვილს წარმოადგენდა.

[ნესტან კირთაძის ხმა] „მათიას იორშმა და მისმა წარმომადგენელმა ბრძანეს, რომ თქვენ ემზადებით არა არჩევნებისათვის, არამედ 6 იანვრისათვის. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ჩვენ მიერ გამოცხადებული თარიღი. ჩვენ ვუთხარით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნებს ჩაიბარებს ქართველი ხალხი, ცნობს ან არ ცნობს ამ არჩევნების შედეგებს, რასაც მოჰყვა რამდენიმე ენაზე ჩემი პროტესტი.“(სტილი დაცულია)

პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ თავად მათიას იორშმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ნდობა მთლიანად დაკარგულია. ნდობის დეფიციტზე ლაპარაკობს პოლიტოლოგი გია ნოდიაც, რომლის თქმითაც, პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ყოველთვის არსებობდა ერთგვარი პათოლოგიური უნდობლობა:

[გია ნოდიას ხმა] „ამას ერთი ღონისძიებით არაფერი ეშველება. უბრალოდ, არჩევნების შედეგი უნდა იყოს ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯეროს, რომ ეს არის ნამდვილი არჩევანი. უნდა იყოს მაღალი აქტიურობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. რაც მეტი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელი, მით უკეთესი. დაკვირვება, მონიტორინგი, შესწავლა უნდა იყოს რაც შეიძლება პროფესიული და დამაჯერებელი.“(სტილი დაცულია)

არჩევნების შედეგებს, რის შესახებაც გია ნოდია ლაპარაკობდა, დამაჯერებლობის თვალსაზრისით, ალბათ, ბევრს შემატებს ეუთოს მეთვალყურეთა დასკვნა. საქმე ის არის, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებათა ოფისმა თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა 6 დეკემბერს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, გახსნა. დიტერ ბოდენი, ეუთოს მისიის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესზე მონიტორინგს ცამეტი მეთვალყურე განახორციელებს:

[დიტერ ბოდენის ხმა] „აღნიშნული მისია მოამზადებს როგორც საშუალოვადიან, ასევე საბოლოო ანგარიშებს, ხოლო არჩევნების შემდეგ, მეორე დღეს, გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება შეფასებებისა და დასკვნების წინასწარი მონაცემები. საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება დაახლოებით რვა კვირის შემდეგ, როცა მთლიანად დასრულდება საარჩევნო პროცედურა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: ჩვენი როლი შემოიფარგლება დაკვირვებით, ანუ ჩვენ ვერ ჩავერევით პროცესებში, ჩვენ, უბრალოდ, დავაკვირდებით მათ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაიგივებთ საარჩევნო პოლიციასთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ჩავერიოთ ან რაიმე ფორმით შევცვალოთ არჩევნების მიმდინარეობა, თუმცა ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნების პროცესს და შევამოწმებთ მის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან.“


დიტერ ბოდენის თქმით, უშუალოდ 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამასამდე მეთვალყურე დააკვირდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG