Accessibility links

რით ემუქრება საქართველოს რუსეთის გამოსვლა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან


13 დეკემბერს ძალაში შევა რუსეთის

მორატორიუმი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებაზე, რაც თავდაყირა დააყენებს ისედაც მყიფე სამხედრო ბალანსს, რომელიც ევროპაში 1990 წლიდან იქმნებოდა. დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც სწრაფად ცვალებად ევროპის კონტინენტზე წარმოიშვა 90-იან წლებში. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების ისტორიის გახსენება და სამხედრო-პოლიტიკური აუდიტი შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად ზუსტად იქნეს განჭვრეტილი ის რისკები და მუქარები, რასაც რუსეთის ხელშეკრულებიდან გამოსვლა წარმოშობს ევროპის კონტინენტზე - ატლანტიკის ოკეანიდან ვიდრე ურალამდე. უარყოფითი ზეგავლენის სივრცეში, სავარაუდოდ, მოექცევა სამხრეთი კავკასია და, განსაკუთრებით, საქართველო. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ ამ რისკებზე ვისაუბრებ.


ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულებამ ზუსტად 17 წელი გაძლო.
1990 წლის ნოემბერში ხელშეკრულებას ხელი ნატოს და ვარშავის ბლოკის 16-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, ნატოს და ”ვარშავის ორგანიზაციის” სახელმწიფოებს - ატლანტიკის ოკეანიდან ურალის მთებამდე, მდინარე ურალის, კასპიის ზღვისა და კუნძულოვანი ტერიტორიების ჩათვლით - უფლება ეძლეოდათ ჰქონოდათ თანაბარი რაოდენობის ჩვეულებრივი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა. მაგრამ როდესაც ხელშეკრულება ძალაში შევიდა, 1992 წლის 9 ნოემბერს, ვარშავის ბლოკი უკვე აღარ არსებობდა. საბჭოთა არმიის სამხედრო ტექნიკასა და ქონებას უკვე ეპატრონებოდნენ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. რუსეთმაც უმალვე ”გამოაჩინა კლანჭები”და 1992 წლის მაისში ტაშკენტში პირველად შეიტანა კორექტივები ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში. რუსეთმა, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრემ, თავისკენ მიითვალა დიდძალი ტექნიკა და შეიარაღება (6400 ტანკი, 11480 ჯავშანმანქანა, 6415 საარტილერიო სისტემა და ა.შ), ხოლო დანარჩენ ქვეყნებს შეირაღებასა და ტექნიკაზე მკაცრი, და არცთუ სამართლიანი, კვოტები დაუწესა.
მაგრამ ტაშკენტმა მხოლოდ დროებით დააცხრო რუსეთის უკმაყოფილება.
ეჩშძ-ის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მე-9 წლისთავზე ევროპაში შეიქმნა ისეთი სამხედრო-პოლიტიკური რეალობა, რომელიც ხელშეკრულების ძველი ვერსიის შენარჩუნებას სათუოს ხდიდა.
ნატოში ოფიციალურად უნდა დაეპატიჟათ აღმოსავლეთ ევროპის სამი სახელმწიფო, რის შედეგადაც ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას ემატებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა.
სამხედრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად, 1999 წლის 19 ნოემბერს სტამბულში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გაიმართა. სტამბულში მოხდა ეჩშძ-ის შესახებ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის შეთანხმებაც. დოკუმენტი, ბლოკური სისტემის ნაცვლად, ეროვნულ და ტერიტორიულ კვოტებზე გადასვლას ითვალისწინებდა. რუსეთს, ერთგვარი კომპენსაციის სახით, უფლება მიეცა ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად გაეზარდა ტანკების, ჯავშანმანქანებისა და საარტილერიო დანადგარების რაოდენობა.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სწორედ ნატოს იმ სამიტის წინ უმძაფრდება ხოლმე, რომელზეც ალიანსის გაფართოება იგეგმება ახალი წევრების მიწვევის ხარჯზე. სწორედ ასე მოხდა 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის წინ.
2007 წლის 13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება ”ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე”. მანამდე კი იყო ვენის კონფერენცია, რომელზეც რუსეთის დელეგაციამ წამოაყენა ის მოთხოვნები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც მიაჩნდა შესაძლებლად ხელშეკრულების გაგრძელება:
- ეჩშძ-ის ხელშეკრულებასთან ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მიერთება;
- რუსეთისათვის საფლანგო შეზღუდვების გაუქმება;
- ადაპტირებულ ხელშეკრულებასთან მიერთების დაწყება არაუგვიანეს 2008 წლის 1 ივნისისა.
მაგრამ რუსეთის ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ კონვენციაზე ხელმომწერ ქვეყანათა სია უცვლელი დარჩა. ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნის იდეაზე არც ამერიკამ თქვა უარი.
რუსეთმა კიდევ ერთხელ და ამჯერად ძალიან სახიფათოდ გამოაჩინა ”ეშვები”. 13 დეკემბერს ძალაში შედის პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დამტკიცებული მორატორიუმი.
ეს უკვე ნიშნავს, რომ ამიერიდან რუსეთი არავითარ ინფორმაციას აღარ მიაწვდის ევროპის ქვეყნებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების რაოდენობაზე, რომ შეწყდება საერთაშორისო ინსპექტორების დაშვება რუსეთის სამხედრო ნაწილებში და რომ რუსეთს უკვე არანაირი ლიმიტები აღარა აქვს საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებაზე.
და სწორედ ამ კუთხიდან არის ჩვენთვის საჭირო განვჭვრიტოთ, თუ რა ხიფათს შეიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის რუსეთის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი:
- პირველ ყოვლისა, რუსეთი შეეცდება ხელი შეუშალოს ნატოს გაფართოებას ბუქარესტის სამიტზე, თუნდაც ამისთვის ”ანტინატოს” შექმნა დასჭირდეს ”შანხაის ორგანიზაციისა” და ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გაერთიანების გზით.
- რუსეთის მხრიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გამოსვლა შემდგომი მილიტარიზაციისკენ უბიძგებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს, რომელიც, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის მხრივ, ჩამორჩება აზრბაიჯანსაც და სომხეთსაც. დიდი დანახარჯები სამხედრო სფეროში კი უცილობლად გააღრმავებს სოციალურ დაძაბულობას.
- და,რაც მთავარია, გარე საფრთხეების თავიდან აცილების სურვილით, საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება აჰყვეს ”გამალებულ შეიარაღებას”, მეტი ყურადღება დაუთმოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას და შეზღუდოს დემოკრატიული ინსტიტუტები - სასამართლო, პარლამენტი და ”მეოთხე ხელისუფლება”. მცდელობა, დაინერგოს აზრი, რომ ”საქართველო მარტო დარჩა” - ქვეყანაში სწორედ საალყო მდგომარეობის შექმნას უწყობს ხელს.
ერთი სიტყვით, ვითარება, უსაფრთხოების დისკურსის გათვალისწინებით, მართლაც არასახარბიელოა.
მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთი სულ უფრო შორდება ევროპულ უსაფრთხოებას და ევროპულ ფასეულობებს, საქართველო პანიკამ არ უნდა მოიცვას. პირიქით, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მეტი შანსი რჩებათ, რათა ”მოიპოვონ უფრო გრძელვადიანი და საიმედო სადაზღვევო პოლისი”, ვიდრე ტანკი და ზარბაზანია - მოიპოვონ ადგილი ნატოს ქოლგის ქვეშ, სადაც ჯერ კიდევ ელოდებიან საქართველოს, რომელმაც 5 იანვრის არჩევნებით და შემდგომი პროგნოზირებადი ნაბიჯებით უნდა დაადასტუროს, რომ განუხრელად ერთგულია დემოკრატიული ფასეულობებისა.
XS
SM
MD
LG