Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ეკონომიკური რეალობა, რომელიც თან მოჰყვა 2008 წლის დადგომას


2008 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოსახლეობას წინა წლისგან განსხვავებულ ეკონომიკურ რეალობაში მოუწევს ცხოვრება.

თუ დასაქმებისა და იაფი კრედიტების პროგრამების განხორციელება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირებებად რჩება, უკვე კანონით განსაზღვრულია და პირველი იანვრიდან ამოქმედდა სოციალური გადასახადების 32-დან 25 პროცენტამდე შემცირება. ასევე ახალი წლის პირველი დღეებიდან რამდენიმე ქვეყანასთან აღარ მოქმედებს ორმხრივი დაბეგვრის რეჟიმი.


საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლო სხდომაზე რატიფიკაცია გაუკეთა სამ ქვეყანასთან ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებს. ესენია დანია, ფინეთი და თურქეთი. პარლამენტმა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც დაამტკიცა.

ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილება იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში ბიზნესმენი ერთ ქვეყანაში გადახდილ გადასახადს მეორე ქვეყანაში ხელმეორედ აღარ იხდის.

რაც შეეხება თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობას, მის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე განმარტავს:

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”თურქეთი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა...
... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ექსპორტის განვითარებას.”

თურქეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ქვეყნების გარდა, რომელთანაც საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს შეთანხმება საშუალებას იძლევა განხორციელდეს საქართველოში შექმნილი პროდუქციის თავისუფალი ექსპორტი თურქეთში. როგორც ცნობილია, აქამდე თურქეთის ბაზარზე შეღწევა სირთულეს წარმოადგენდა იქ არსებული შეზღუდვების გამო.

ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე.

კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე, რომელიც არანაკლებ შეცვლის საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. ლაპარაკია საგადასახადო კოდექსის ცვლილებაზე, რომელიც გასული წლის პირველ ნახევარში სერიოზული კამათის თემას წარმოადგენდა.

2008 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა სოციალური გადასახადების გამოანგარიშების ახალი წესი. თუ გასულ წელს საშემოსავლო და სოციალური გადასახადების ჯამი 32 პროცენტს წარმოადგენდა, უკვე წელს 25 პროცენტი იქნება. ის ერთ გადასახადში გაერთიანდება, რომელსაც საშემოსავლო გადასახადი ეწოდება.

სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობები, რადგან საშემოსავლო გადასახადი იმ მოქალაქის საგადასახადო ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც ხელფასს ან ჰონორარს იღებს. აქამდე ეს გადასახადი 12 პროცენტი იყო, რასაც მისი დამსაქმებლის მიერ გადახდილი 20 პროცენტიანი სოციალური გადასახადიც ემატებოდა. ახლა კი 25 პროცენტის გადახდის ვალდებულება მხოლოდ დასაქმებულ მოქალაქეზე გადადის.

მმართველი პოლიტიკური ძალა ირწმუნება, რომ ეს სულაც არ ნიშნავს საშემოსავლო გადასახადის გაზრდას. უმრავლესობის საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ეკონომიკის ექსპერტის შოთა გვენეტაძის განცხადებით, ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ კერძო სექტორში ხელფასები შეიძლება გაიზარდოს კიდეც:

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”ჩვენი ვარაუდით, ხელფასები ცოტათი გაიზრდება კიდეც...”

რაც შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებს, იქ ეს მართლაც ასე მოხდა. საქართველოს პარლამენტმა თავის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ცვლილებები შეიტანა კანონში, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასების მოცულობას განსაზღვრავს. ხელფასების ზრდა მოხდა ისე, რომ არ შეცვლილა გასულ წელს არსებული სახელფასო ფონდის მოცულობა.

კერძო სექტორიც თუ იმავე ნაბიჯს გადადგამს და სახელფასო ხარჯებს უცვლელს დატოვებს, მაშინ გამოთავისუფლებული თანხით ან თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება, ან კომპანიის მფლობელის მოგება.

საგადასახადო ტვირთი რომ უფრო ნაკლები იყოს და კერძო მეწარმეს რომ უფრო მეტი თანხა დარჩეს ბიზნესის განვითარების ინვესტირებისთვის, ამაში მას 2008 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებაც დაეხმარება. კერძოდ, ახალი წლის დადგომისთანავე საქართველოში მოგების გადასახადი 20-დან 15 პროცენტამდე შემცირდა. ამით, დაახლოებით 135 მილიონი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, კერძო სექტორში ბიზნესმენებისა და მეწარმეების განკარგულებაში დარჩება.


XS
SM
MD
LG