Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო პროგრამა გამოაქვეყნა


”200 ნაბიჯი” - ასე ჰქვია ”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს” პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის პროგრამას.

მასში ის ნაბიჯებია აღწერილი, რასაც, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ლევან გაჩეჩილაძე გადადგამს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის გასაუქმებლად და საპარლამენტო რესპუბლიკის დასამკვიდრებლად. აქამდე გაჩეჩილაძეს მხოლოდ სამოქმედო გეგმის თეზისები ჰქონდა გამოქვეყნებული.

”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო” 2007 წლის 17 ოქტომბერს საგურამოში მიღებული ერთობლივი მანიფესტიდან იღებს სათავეს. ამ საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ თავისი საპრეზიდენტო პროგრამა, ”200 ნაბიჯი”, სწორედ იქ გამოაქვეყნა, სადაც მოძრაობა დაიწყო.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”თქვენი და მთელი საქართველოს წინაშე მე, ლევან გაჩეჩილაძე, პირობას ვდებ, რომ საქართველოში ძალიან მალე დასრულდება ძალადობა და უსამართლობა. ვერავინ ვეღარ შეეხება კერძო საკუთრებას, ვერავინ ვეღარ დააშინებს ბიზნესს, აღარასოდეს იქნება პოლიტიკური პოლიცია და აღარასოდეს გაყალბდება არჩევნები...”

გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო პროგრამა ”200 ნაბიჯი” 200 დღეზეა გადანაწილებული და 3 ძირითად ბლოკადაა დაყოფილი. პირველი ბლოკი ესაა სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, მათ შორის, გირგვლიანისა და სხვა მკვლელობების, ასევე 7 ნოემბრის მანიფესტაციის დაშლის გამოძიება. 200 ნაბიჯის პირველი ბლოკის სხვა ნაბიჯებზე გაჩეჩილაძის თანაგუნდელის, თინათინ ხიდაშელის, კომენტარიდან შეიტყობთ:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”გახმაურებული პრივატიზაციის საქმეების გადახედვა და სამართლებრივი პროცედურების ამოქმედება იქ, სადაც პრივატიზაცია უკანონოდ განხორციელდა. აქ შედის რეფორმების პირობებში ჩადენილი შეცდომების გამოსწორება.”

პრეზიდენტის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძის ნაბიჯების მეორე ბლოკი მთავრობის შეცვლა და სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირებაა. ასევე, ამნისტია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სხვ.

200 ნაბიჯის მესამე ბლოკი შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა შორის არის ახალი ბიუჯეტი და ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”შეიქმნება ეროვნული კომისია, ეროვნული საბჭო, რომელსაც სამი მიზანი ექნება: პირველი - ხელისუფლების დანაწილების უზრუნველყოფა, ანუ პარლამენტის ფრთის გაძლიერება; მეორე - ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმების ჩადება კონსტიტუციაში და, მესამე, ეს არის მმართველობის დეცენტრალიზაცია.”

იმ შემთხვევაში, თუ ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტი გახდა და მისი ინიციატივები პარლამენტმა არ გაიზიარა, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტს დათხოვნა ელოდება, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

როგორც ცნობილია, ”200 ნაბიჯის” განხორციელების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება და პრეზიდენტის ინსტიტუტიც გაუქმდება.
XS
SM
MD
LG