Accessibility links

ოპოზიციის აქცია ამერიკის საელჩოსთან


ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგაც განაგრძობენ საპროტესტო აქციების მოწყობას.

მორიგი მიტინგი 22 იანვარს დიღომში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, გაიმართა. ”ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე არჩევნების ფალსიფიკაციას ვერ შეძლებდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქციებს წლების წინ კომუნისტური პარტიის წევრები და ბასილ მკალავიშვილის მომხრეები აწყობდნენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ საელჩოსთან პირველი საპროტესტო აქცია იმ ოპოზიციურმა პარტიამ გამართა, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს. „ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ოფიციალურ ვაშინგტონს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისა და 5 იანვრის არჩევნების შეფასების გამო საყვედურობს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ფალსიფიკაცია, სიყალბე და ძალადობა ვერ გაიმარჯვებდა. ეს არის სიმართლე და ჩვენ ეს სიმართლე ყველამ კარგად ვიცით. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს ამერიკის ხელისუფლების, მთავრობის პოზიცია, დიახ, მათ თვალი დახუჭეს უამრავ სიყალბესა და ძალადობაზე.“

კობა დავითაშვილი და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამერიკიის წინააღმდეგ არ გამოდიან, თუმცა როლი, რომელიც შერთებული შტატების ადმინისტრაციამ ითამაშა, მათი აზრით, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია:

[აქციის მონაწილის ხმა] „ამერიკამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტობის კანდიდატს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხმები არ იყო დათვლილი.“

საელჩოს წინ „ხალხის პარტიის“ მიერ ორგანიზებული მიტინგი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა არ მიუღიათ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა სუბიექტებს, თუმცა, როგორც კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა:

[კახა კუკავას ხმა] „უბრალოდ, ყველა პარტიას აქვს თავისი ხედვა მეთოდებთან დაკავშირებით. ეს არის „ხალხის პარტიის“ ხედვა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პოზიციას არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიცია. უბრალოდ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე აქცია არ იყო პროტესტის ყველაზე უკეთესი ფორმა.“

კახა კუკავა იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება და აკრიტიკებს მხოლოდ ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას, რომელიც, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სააკაშვილს უჭერს მხარს, თუმცა რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს არა ცალკეულ ადამიანებს საქართველოში, არამედ საქართველოსა და ქართველ ხალხს. რაც შეეხება 5 იანვრის არჩევნების შეფასებას, ამერიკელი დიპლომატი განმარტავს:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] „გავაანალიზეთ შედეგები და, ჩვენი საელჩოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, დავასკვენით, რომ ნამდვილად იყო შემაშფოთებელი დარღვევები, მაგრამ არ ყოფილა მიზანმიმართული მცდელობა კენჭისყრის შედეგის შესაცვლელად გაყალბება გამოეყენებინათ. ეს დასკვნა გამოვიტანეთ ინტენსიური და ობიექტური კვლევის შედეგად, ამასთან, ზემოხსენებული სერიოზული დარღვევები და განწყობა მოსახლეობისა, რომელიც თითქმის 50|50-ზე გაიყო, მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესება. მოკლედ, ქვეყანამ რთული პერიოდი გამოიარა და ის არ დასრულებულა. დიდი მოვლენები გველის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.“
XS
SM
MD
LG