Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება 2008 წელსაც გაგრძელდება


მიმდინარე წელი,

მეთვალყურეების ვარაუდით, სირთულეებით იქნება აღსავსე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის, ეუთოსთვის. აქვეა პროგნოზებიც, რომ სირთულეების უმრავლესობა რუსეთთან იქნება დაკავშირებული. პუტინის ქვეყანამ ბოლო დროს არაერთხელ გამოამჟღავნა ეუთოსთან დაპირისპირების აშკარა ნიშნები.

მოსკოვისა და ეუთოს ურთიერთობა საკმაოდ მტკიცე იყო თავიდან, მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა, დაახლოებით 30 წლის წინ, ცივი ომის ეპოქაში. მაგრამ ახლა, როცა რუსეთი მსოფლიოში ახალი როლისთვის, გავლენიანი სახელმწიფოს სტატუსისთვის თავგამოდებით იბრძვის, მას ეუთოს მიერ დაწესებული დემოკრატიული თამაშის წესები აღარ აკმაყოფილებს. მოსკოვი ეუთოს დროდადრო მტრად უფრო აღიქვამს, ვიდრე მოყვარედ. მიზეზი ბევრია და მათ შორის ისიც, რომ მოსკოვმა საერთაშორისო ორგანიზაციას, უფრო კონკრეტულად კი – მის დეპარტამენტს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, უკრაინისა და საქართველოს პროდასავლური ლიდერების არაობიექტური მხარდაჭერა დააბრალა.

მას შემდეგ დასახელებულ ოფისთან თავად რუსეთსაც შეექმნა სერიოზული პრობლემები და ეს გასული წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების დროს, მოხდა. ეუთოს საერთაშორისო ოფისმა, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას არჩევნების ზედამხედველობაც წარმოადგენს, მეთვალყურეები არ გაგზავნა რუსეთში და ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მიერ დაწესებული არაერთი წინასწარი შეზღუდვის გამო მოხდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთმა მეთვალყურეების რაოდენობა შეზღუდა და გააჭიანურა მათთვის ვიზების გაცემის პროცესი. მოსკოვმა მაშინ თავის მართლება ამერიკის დადანაშაულებით სცადა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეუთო ასე შეერთებული შტატების მითითებით მოიქცა და რომ ყოველივე ეს, არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით, წინასწარ დაიგეგმა.

ექსპერტები აშკარა საპასუხო პროტესტად აღიქვამენ რუსეთის გადაწყვეტილებას შეამციროს ეუთოს ბიუჯეტში თავისი წილის მოცულობა. მოსკოვის ნაბიჯში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს რუსი პოლიტოლოგი ევგენი ვოლკი:

(ვოლკის ხმა) “ეს, ძირითადად, დაკავშირებულია ეუთოს არჩევნების მონიტორინგის საქმიანობასთან როგორც რუსეთში, ასევე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. შეტანილი წვლილის შემცირებით, ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს გამოამჟღავნოს თავისი დაპირისპირება ეუთოს საქმიანობასთან და წნეხის ქვეშ მოაქციოს ორგანიზაცია.”

რუსეთის გადაწყვეტილება, შეამციროს თავისი გადასახადი ეუთოს ხაზინაში, ბევრისთვის მოსკოვის მხრიდან წყენისა და სიბრაზის გამომჟღავნების ფორმად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ასეთი ნაბიჯი ცხელ გულზე არ გადაუდგამს. მან წილის შემცირების წინადადება ეუთოს 2008 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში წამოაყენა და, ერთი სიტყვით, შესაფერისი დრო მოძებნა. მით უმეტეს, რომ ეუთოს ბიუჯეტი სადავო თემად იქცა, 56 წევრი სახელმწიფოს ერთიანი თანხმობა ჯერ ვერ დაიმსახურა და ამიტომ მისი მიღება გაჭიანურდა.

რუსეთის წვლილი დღემდე 6 პროცენტს შეადგენდა ეუთოს ბიუჯეტში, რომლის საერთო მოცულობა გასულ წელს 168 მილიონ ევროს უტოლდებოდა. ამრიგად, ორგანიზაციის საქმიანობას ბიუჯეტის ვერც მასშტაბური სეკვესტრი შეაფერხებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ, როგორც ამას ორგანიზაციის სპიკერი მარტინ ნესირკი ამბობს, ეუთოსთვის წევრი ქვეყნების შენატანი მხოლოდ ფულს არ ნიშნავს:

(ნესირკი) “თითოეული ქვეყნის შენატანი, იქნება ეს სან მარინო თუ ამერიკის შეერთებული სტატები, მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს არის დასტური კონკრეტული ქვეყნის მხარდაჭერისა ორგანიზაციის მიმართ. რუსეთის შენატანი მნიშვნელოვანია ფინანსური კუთხითაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე - სიმბოლურადაც.”

ამ სიმბოლური და ფინანსური ცვლილებების შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილება 26 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ გაახმიანა. მან აღნიშნა, რომ ეუთო რუსეთს უსამართლოდ ექცევა, “ცხვირაწეული უყურებს” და უარყოფს მოსკოვის რჩევებსა და წინადადებებს. რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე ბრალი დასდო საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ის ცალკეულ წევრებს უსამართლოდ ეპყრობა და გავლენის მოხდენას ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეუთო რუსეთში მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეთვალყურეობასთან დაკავშირებით.

მანამადე კი იყო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიუნხენში. 2007 წლის თებერვალში გამართულ ამ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს თავის პოლიტიკას თავს სულ ძალით ახვევსო. ეუთოს სპიკერი მარტინ ნესირკი ამბობს, რომ მას შემდეგ პროცესი კიდევ უფრო გართულდა:

(ნასირკის ხმა) “სწორედ თებერვლის შემდეგ იყო საკმაოდ ბასრი კომენტარები ეუთოს საქმიანობასა და ვითარების გამოსწორების გზებთან დაკავშირებით. ეს პროცესის შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, ხალხისთვის ეს შესამჩნევია უფრო ფართო კონტექსტშიც, რუსეთის ურთიერთობებში სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, შეერთებულ შტატებთან ანდა ნატოს წევრ სახელმწიფოებთან. ასევე შესამჩნევია ადგილობრივ პოლიტიკურ სცენაზე განვითარებული მოვლენების კონტექსტშიც დეკემბრისა და მარტის არჩევნებთან მიმართებით.”

ეუთოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არაერთი მიზეზი არსებობს. მათ შორისაა შედარებით ძველი საკითხებიც: კოსოვოს სამომავლო სტატუსის თემა, რუსეთის გამოთიშვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან და კიდევ უფრო ძველი საკითხი, რომელიც ჩეჩნეთში საომარი კამპანიის წარმართვას უკავშირდება. ამასთან, რუსეთი ხშირად ბლოკავს ეუთოს გადაწყვეტილებებს. ასე იყო ნოემბერშიც, როდესაც მადრიდში გამართული ეუთოს მინისტერიალი, არაერთ საკითხზე სწორედ რუსეთის უარის გამო, საბოლოო დეკლარაციის მიუღებლად დასრულდა. ახლა კი, როცა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესი მოახლოვდა, ხოლო რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ეუთოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა თბილი და მშვიდობიანი, ჩანს, ვერ იქნება.

წელს ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ფინეთი გახდა... ისტორიის გათვალისწინებით, ეს მთლად ხელსაყრელი არ უნდა იყოს მეზობელი რუსეთისთვის, რომლის ურჩობასა და თავშეუკავებლობას, შესაძლოა, ეუთომ წელს საკადრისი პასუხები დაახვედროს. თუმცა ორგანიზაციას იმაზე ფიქრიც მოუწევს, თუ როგორ შეინარჩუნოს ცივი ომის დროინდელ მეტოქეებს შორის საერთო ენის გამონახვის ატმოსფერო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG