Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ოლქის მიერ სერბიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებამ საქართველოს საფიქრალი გაუჩინა


17 თებერვალს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ის მძლავრი გარეგნული გამაღიზიანებელი აღმოჩნდა,

რამაც ხელისუფლებისა და გაერთიანებული ოპოზიციის დაპირისპირება ცოტა ხნით მეორე პლანზე გადაიტანა. არ დარჩა ლამის არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი და მოღვაწე, რომელსაც ორშაბათს არ გამოეთქვა თვალსაზრისი იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს კოსოვოს პრეცედენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადაუჭრელ კონფლიქტებზე და რა გზა უნდა აირჩიოს საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილ რთულ საერთაშორისო ვითარებაში. დომინირებდა მოსაზრება, რომ საქართველომ არ უნდა იჩქაროს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.

ისეთი ერთსულოვნება, როგორიც კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა, საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. თბილისის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, მათი წარმომავლობის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს კოსოვოს დამოუკიდებლობას და თავი უნდა შეიკავოს ახალი სახელმწიფოს აღიარებისაგან:

[მამაკაცის ხმა] ”თუ ჩვენ არ გვავნებს, უნდა აღიაროს. და თუ ჩვენ გვავნებს, კანეჩნო, არ უნდა აღიაროს.”/ ”ჩემი აზრით, არ უნდა აღიაროს.”
[კობა ლიკლიკაძე] ”და რატომ?
[მამაკაცი] ”იმიტომ, რომ ჩვენ შეგვეხება მერე. პრეტენზია გაუჩნდებათ სხვებს.”
[მამაკაცი] ”არ უნდა აღიაროს, თუ კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ესე იგი, ისე გამოდის, რომ ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი.”

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს გაერთიანებული ოპოზიციაც, რომელიც 22 თებერვლისთვის გამოცხადებული შიმშილობის აქციის ორგანიზებითაა დაკავებული. ორშაბათს პარლამენტში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში ამოსავალი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესი:

[კონსტანტინე გამსახურდია] ”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ეროვნული და ქართული პრიორიტეტები. ეს უნდა იყოს მისთვის ძირითადი და არა თუნდაც ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტები, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტებს საკმაოდ ბევრ საკითხში ვითვალისწინებთ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილი ინებონ და ეს დააყენონ პრიორიტეტად.”

საკითხი - სტრატეგიული პარტნიორების გულის მოგება თუ კოსოვოს არაღიარება - არ დგას საქართველოს ხელისუფლების წინაშე. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა საერთაშორისო პრიორიტეტზე მაღლა დგას და ამიტომ ხელისუფლებას კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ ერთმნიშვნელოვანი მიდგომა აქვს:

[ კოტე გაბაშვილი] ”სრული თავშეკავება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არა ვართ არავითარი მნიშვნელოვანი მოთამაშეები საკუთრივ კოსოვოს საკითხზე. ჩვენი პრობლემა არი ჩვენი პრობლემა და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში გაღიზიანება და პროვოცირება და დამატებითი არგუმენტი არ უნდა შევუქმნათ ჩვენ მტერს, რომ ამ პროცესებმა გადმოინაცვლოს საქართველოზე.”(სტილი დაცულია)


პარლამენტის წევრმა კოტე გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოცდა დიდხანს არ მოგვიწევს და რომ რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების უახლოეს შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომელთა ლიდერები თურმე დიპლომატიური შტურმისათვის ემზადებიან, - განაცხადა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრმა, აფხაზეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა პაატა დავითაიამ:

[პაატა დავითაია] ”ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია, აფხაზეთი ემზადება ძალიან სერიოზულად დიპლომატიური შტურმისათვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთს უნდა ეყოს იმის გონიერება, რომ არ გამოიყენოს ეს ყველაფერი პრეცედენტად, რადგან ეს გამოიწვევს რუსეთის რღვევას და არც რუსეთის ინტერესებში შედის ეს.”[სტილი დაცულია]

მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს კოსოვოს აღიარებას, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმაც გაიმეორა. ამასთან, იაკობაშვილმა ყველას ურჩია, არ გაავლონ საშიში პარალელები:

[თემურ იაკობაშვილი] ”კოსოვოსთან დაკავშირებით საქართველო პოზიციის დაკავებას არ აპირებს, არც აღიარებას აპირებს კოსოვოსი. ეს არის მოვლენა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა თავი გავანებოთ პარალელების გავლებას კოსოვოსა და საქართველოში არსებულ კონფლიქტებს შორის.”

თუმცა ცხადია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მიმართ საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებული მიდგომა ასეთი პარალელების გაკეთების სურვილს მანამდე აღძრავს, სანამ რუსეთის ხელისუფლება გადაჭრით არ იტყვის, რომ არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. და სანამ ასეთი რამ არ თქმულა, საქართველოს ხელისუფლებაც ფრთხილადაა და, როგორც კოტე გაბაშვილმა განაცხადა, ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი მზად არის:

[კოტე გაბაშვილი] ”თუ ჩვენ დავდექით იმის წინაშე, რომ ჩვენ გვართმევენ ტერიტორიის ამ ნაწილს, მაშინ საქართველომ შეიძლება მიმართოს აბსოლუტურად უკიდურეს ზომებს, რადგან საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს არასოდეს დათმობს. ის საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ის იქნება ჩვენი.”(სტილი დაცულია)

რუსეთის მუქარას, რომ, კოსოვოს აღიარების შემთხვევაში, ცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ორშაბათს საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა: ”ამ შემთხვევაში ხელისუფლება, ოპოზიცია, ეკლესია, მორწმუნე და ხალხი ვართ ერთი აზრის. საქართველო იყო, არის და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო”,- განაცხადა ილია მეორემ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG