Accessibility links

რას გულისხმობს იაფი სესხის პროგრამა?


საქართველოს მთავრობის 50 დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, უახლოეს დღეებში, ქართული ექსპორტის წახალისების მიზნით, იაფი სესხების გაცემა დაიწყება.

ამისათვის მეწარმეებმა სპეციალური განცხადებით უნდა მიმართონ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს. ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამით დაინტერესებულია საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ბანკი. იაფი სესხის პროგრამა, მთლიანობაში, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და მის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 293 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

იაფი სესხის კომპონენტებს შორის პირველი, „საგადასახადო კრედიტი“, იანვარში დაიწყო. მის ფარგლებში 2008 წელს დარეგისტრირებულ მეწარმეს 2000 ლარამდე ოდენობის გადასახადის 10 წლით გადავადება შეუძლია. იაფი სესხის მეორე, ექსპორტის ხელშეწყობის, კომპონენტი ოფიციალურად 20 თებერვლიდან გაიხსნა და იგი მეწარმეებზე 100 ათასიდან 2 მილიონ-ნახევარი ლარის კრედიტის გაცემას ითვალისწინებს. თებერვლის ბოლოდან იგეგმება იაფი სესხის იმ კომპონენტის ამოქმედება, რომელიც რეგიონალური ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.იაფი კრედიტის კომპონენტებს შორისაა ასევე „100 საუკეთესო ქართული ბიზნესპროექტი 2008“ და „ცოდნის კარი.“ საქართველოს მთავრობის 50 დღიანი სამოქმედო გეგმა ამ რიგის კიდევ არაერთ ამბიციურ მიზანს სახავს.

საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამის „ 50 დღის ანგარიში: ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ პრეზენტაცია 19 თებერვალს გაიმართა. პროგრამა და მისი მთავარი პრიორიტეტები 20 თებერვალს მთავრობის სხდომაზეც ძირითადი თემები იყო.

[ლადო გურგენიძის ხმა]“ ჩვენი სამი ძირითადი ამოცანა შემდეგი რამდენიმე თვის მანძილზე ეს არის დასაქმება და ინვესტიციები, ეს არის სოფლის აღორძინება, ეს არის პენსიები და სოციალური დახმარება. აი, ამ სამი თემის ირგვლივ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ ძალგვიძს, იმისათვის, რომ 50 დღიანი პროგრამის ყველა კომპონენტი უცილობლად იქნას შესრულებული იმ ვადებში, მაქსიმალურად ვადების დაცვით, რაც ჩვენ უკვე მივუთითეთ.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ლადო გურგენიძის, განცხადებით, მთავრობის სამოქმედო გეგმის პირველი შედეგები მაისში დაიდება, პროგრამის თითოეული პრიორიტეტი კი დათქმულ ვადებში სრული ტრანსპარენტულობის პირობებში შესრულდება. ეკონომიკის ექსპერტებს კი მთავრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარებული ტემპები აფრთხობთ. დავით ნარმანია, მაგალითად, ამბობს, რომ სიჩქარე, განსაკუთრებით ეკონომიკაში, წარმატების გარანტი არ არის ხოლმე:

[დავით ნარმანიას ხმა]“ მე ჯერჯერობით დეტალურად არ მინახავს, მხოლოდ ეკონომიკური მხარე ვნახე, ძირითადად. მაგრამ ზოგადად რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, ეს 50 დღიანი ვადა და რაღაც კონკრეტულ ვადებზე კი არ უნდა იყოს გათვლილი, არამედ უფრო გრძელვადიან პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი. ეხლა შეიძლება საარჩევნოდ რაღაც სწრაფად გააკეთოს ხელისუფლებამ და ამ სწრაფად გაკეთების დროს დაირღვეს ხარისხი. იგივე ეს ეხება, ვთქვათ, მცირე სესხებთან დაკავშირებულ პროგრამას.“(სტილი დაცულია)

მცირე სესხებთან დაკავშირებული პროგრამა, მთავრობის 50 დღიანი გეგმის თანახმად, უშუალოდ ემსახურება დასაქმების პრობლემის მოგვარებას. გეგმა პირველ ეტაპზე 200 000 ან უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. დასაქმების პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად მთავრობა ქვეყანაში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის დამატებითი საინვესტიციო კაპიტალის შემოსვლას ვარაუდობს. დასაქმების აქამდე არსებული ფორმალური პროგრამების ფონზე, საზოგადოების მოლოდინი დიდია. საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგის რეჟიმში იმუშავებს.
XS
SM
MD
LG