Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ ბასილაიას ოჯახის წევრები გაეროს ოფისთან უვადო შიმშილობას იწყებენ


გაეროს ზუგდიდის ოფისთან გრძელდება 5 დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ დაკავებული ჟურნალისტის, მალხაზ ბასილაიას,


ოჯახის წევრთა საპროტესტო აქცია. დღეს აქციამ უკიდურესი ფორმა მიიღო. მალხაზ ბასილაიას ოჯახის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი გაეროს პასიურობაში ადანაშაულებენ და ჟურნალისტის გათავისუფლების მიზნით წარმოებული მოლაპარაკების გააქტიურებას მოითხოვენ.

ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიასა და მისი თანმხლები პირების - ტელეოპერატორ დავით წოწორიასა და მისი დედის, მაია დანელიას, - გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებას გაერო არაქმედითად ახორციელებს. ასეთია გაეროს ზუგდიდის ოფისთან მიმდინარე აქციების მთავარი გზავნილი, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები და მალხაზ ბასილაიას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

[მაია ბასილაიას ხმა]“ არაფერი შედეგი, ამათი მოძრაობის მე არაფერი არ მჯერა. საერთოდ არაფერი არ ვიცით. ერთხელ გვაჩვენეს ის კადრი, ისიც მოსკოვის იყო გადაცემა რაღაცა, იმის მერე ცოცხალია,მკვდარია, მე იმისიც არ მჯერა. არაფრის არ მჯერა, ესენი საერთოდ თუ მოქმედებენ, ის მე არ ვიცი. რამდენი დღეა აქ ვდგავართ, არავინ კაციშვილი, კაციშვილი არავინ არ გამოდის. ოდნავ მაინც, იმედი მაინც რომ მოგვცეს, ასეთი ადამიანი აქედან არ გამოსულა. საერთოდ გაჩუმებულია ყველა.“(სტილი დაცულია)

გვითხრა სოხუმის იზოლატორში მყოფი ჟურნალისტის მალხაზ ბასილაიას დამ, მაია ბასილაიამ. იგი, დასთან და დედასთან ერთად, უვადო შიმშილობას აცხადებს მანამ, სანამ 34 წლის ჟურნალისტი საკუთარ ოჯახს არ დაუბრუნდება.

[რაულ ქირიას ხმა]“ მე მქონდა საუბარი რუსლან ქიშმარიასთან არა როგორც ოფიციალურ პირს, არამედ, ჩვეულებრივ, როგორც სამეგრელოს კუთხის წარმომადგენელს. მას ვთხოვე, რომ იქნებ რაღაც დათმობაზე წამოსულიყვნენ, მაგრამ მან ცინიზმით აღნიშნა, რომ ეს ასე არ მოხდება. მან თქვა, რომ სანამ სიგუას არ გადმოგვცემთ - და ეს სიგუა იცით, ალბათ, ყველამ, რომ არარსებული სახელი და გვარია... ითხოვს სიგუას გადაცემას და ამის შემდეგ აპირებენ ბასილაიას გათავისუფლებას, რაც აბსურდია.“(სტილი დაცულია)

აფხაზეთის დევნილი მთავრობის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ გვითხრა, რომ მას არაოფიციალურად დაურეკეს და უთხრეს, რომ მალხაზ ბასილაია სასტიკადაა ნაცემი და მეტყველებაც კი აღარ შეუძლია. რადიკალურად განსხვავებულია აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელი პირების განცხადებები. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკავებულები უვნებლები არიან, მათთვის თითიც არავის დაუკარებია და ეს გაეროს დამკვირვებლებმაც დაადასტურეს. ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების ფონზე, გაეროს ზუგდიდის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა ოჯახის წევრებისთვის დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდებაა.

ტელეკომპანია „მზის“ კორესპონდენტი მალხაზ ბასილაია, ტელეოპერატორი დავით წოწორია და მისი დედა მაია დანელია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა 26 თებერვალს გალის რაიონში დააკავა. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ ბრალი. ტელეკომპანია „მზის“ რეგიონალური გადამღები ჯგუფი გალის რაიონში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურაზე სიუჟეტის მომზადებას გეგმავდა - დე ფაქტო აფხაზეთის ოფიციალური პირების შეფასებით, პროვოკაციას ამზადებდა. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების გამო გადამღები ჯგუფის დაკავებას უმწვავესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლებამ; გაკეთდა პოლიტიკური განცხადებაც, ულტიმატუმის ტონით, ჟურნალისტის გასათავისუფლებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლო სპეცოპერაციის დაგეგმვის შესახებ. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 29 თებერვალს მომხდარი აფეთქების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა - გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზური სპეცდანაყოფები სამეგრელოში პრევენციული ღობისძიებების ჩასატარებლად მზად არიან. საქართველოს ხელისუფლება სოხუმს ურჩევს ვითარების განმუხტვის მიზნით სამი დაკავებული ქართველი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.




XS
SM
MD
LG