Accessibility links

logo-print

დუმის განცხადებამ საქართველოში რუსეთის კეთილმეზობლობის იდეა საბოლოოდ დაამსხვრია?


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 21 მარტის განცხადების შემდეგ, კრემლს მიეცა ლეგიტიმური საფუძველი შეისწავლოს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით თავშეკავებით ხვდება რუსეთის დუმის მუქარის შემცველ განცხადებას, თუმცა თბილისში სულ უფრო ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ რუსეთმა საქართველოს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე სტიქიური პარტიზანული მოძრაობის კვლავ აღორძინების შესახებ.

21 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ერთსულოვნად მიიღო განცხადება, რომელიც ჯერ მხოლოდ პრევენციული მუქარაა და რეალურ საფრთხედ მხოლოდ მას შემდეგ გადაიქცევა, როდესაც რუსეთის მთავრობა, მართლაც, მიზანშეწონილად მიიჩნევს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვას. განცხადების მიღების ინიციატორი დეპუტატი ალექსეი ოსტროვსკი, რომელიც სათავეში უდგას სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტს, შეუვალი კატეგორიულობით აცხადებდა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს, თუკი საქართველო უარს არ იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე ან თუ თვითაღიარებულ რესპუბლიკებს საფრთხე დაემუქრებათ:

[ალექსეი ოსტროვსკის ხმა] "თუ მოწმენი გავხდით ნატოში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანებისა ან სამხედრო აგრესიის, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უფლება ექნებათ, ცალმხრივი წესით გამოაცხადონ საკუთარი დამოუკიდებლობა. და დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საქართველოს ხელმძღვანელობამ ამგვარ ქმედებას მიმართა, რუსეთის ფედერაცია საკადრის პასუხს გასცემს ამ ქმედებებს და ხსენებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს."

21 მარტს რუსეთის სათათბიროში სხვა მუქარანარევი განცხადებებიც ისმოდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში, რომლის უმაღლესი პირი და მთავრობის ნახევარი მივლინებაში იმყოფება, ამ განცხადებებს მშვიდი თავშეკავებით შეხვდნენ. ერთი, რომ პარლამენტის განცხადებას არ აქვს კანონის ძალა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. მეორეც, რუსეთი ყოველთვის ასე მკაცრად რეაგირებდა ნატოს ყველა წინა სამიტის დროს ალიანსის გაფართოების ან მის რიგებში ახალი წევრების დაპატიჟების გეგმაზე. თუმცა საქართველოს ხელისუფლების ამ სიმშვიდის მიღმა იმალება სრულიად ერთმნიშვნელოვანი მიდგომა: როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, საქართველო აღარ შეეგუება კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის დესტაბილიზაციას.

[თემურ იაკობაშვილი] ”შეუძლებელია უკვე საქართველოს ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს იმ უმსგავსობაზე, რაც იქ ხდება. იქ არის კრიმინალების თარეში, არ შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს და არ შეიძლება ჩვენ თვალი დავხუჭოთ ამ რეგიონის მოსახლეობის დაყაჩაღება-დაწიოკებაზე.” (სტილი დაცულია)

ექსპერტების ნაწილი რუსეთის მიმართ მკაცრი, მაგრამ რაციონალური დიპლომატიური დემარშის მოხრეა.ირაკლი სესიაშვილი, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”სამართალი და თავისუფლება”, მიიჩნევს, რომ ”რუსეთმა 21 მარტის დადგენილებით არათუ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, არამედ მიიერთა ეს ტერიტორიები.” შექმნილ ვითარებაში, ექსპერტის თქმით, დასავლეთს საქართველოს მიმართ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის დემონსტრირება მართებს:

[ირაკლი სესიაშვილი] ”საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაათბოს. თუნდაც მოატყუოს, უხეშად რომ ვთქვათ. და, მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა ჩაერთონ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც დაარწმუნებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც წინააღმდეგნი არიან საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რომ ამ მძიმე პერიოდში საქათველოსთვის ხელის კვრა ნიშნავს არამეგობრულ, არაეთიკურ ნაბიჯს.”(სტილი დაცულია)

ნატოს ბუქარესტის სამიტზე გამოჩნდება, ასე ესმის თუ არა ალიანსის ყველა სახელმწიფოს საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხე. ნატოსთან ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადასვლა კი ჯერჯერობით კვლავ სპეკულაციების თემაა. აქედან გამომდინარე, აფხაზეთიდან გამოდევნილი მოსახლეობის ნაწილში კვლავ ჩნდება დაკარგულის ძალით დაბრუნების განწყობა. 21 მარტს ჟურნალ ”გზაში” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით ”აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობა იწყება”. სტატიაში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ანონიმ პარტიზანთან, რომელიც აცხადებს, რომ ”პარტიზანული ბრძოლის მთავარი სამიზნე ამჯერად აფხაზეთში რუსული კაპიტალდაბანდებების შეფერხება იქნება.”
XS
SM
MD
LG