Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის რუსეთის ახალი პრეზიდენტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინაუგურაციას შეუმჩნევლად არც თბილისში ჩაუვლია. ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ,

რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა მყისიერად არ შეიცვლება. შესაბმისად, მათივე თქმით, რადიკალურ ცვლილებებს არც საქართველო-რუსეთის უკიდურესად გართულებულ ურთიერთობაში უნდა ველოდეთ.


[ვალერი ზორკინის ხმა]

44 წლის იურისტი, დმიტირი მედვედევი, რუსეთის ფედარაციის პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ზორკინმა გამოაცხადა, თუმცა მანამდე 2008 წლის 2 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მედვედევმა კონსტიტუციაზე დაიფიცა.

[დმიტრი მედვედევის ხმა]

ფიცის დადების შემდეგ რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს მხარდაჭერისა და უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში გაწეული შრომისათვის; თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან ერთად გააგრძელებს არჩეულ კურსს, რომელიც რუსეთის აღმავლობასა და გაძლიერებას ემსახურება. მედვედევის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომლის თქმითაც, საქართველო რუსეთის ახალი პრეზიდენტისგან რაიმე სახის პოზიტიურ ნაბიჯებს არ უნდა ელოდეს:

[სოსო ცინცაძის ხმა] „ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა სხვა პარტია რუსეთის ხელისუფლების სათავეში, რომ ძველი პრეზიდენტი წავიდა პოლიტიკიდან. აი, ეს არის გადამწყვეტი. პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის დარჩეს პირველ პირად და განმჭვრეტ მომავალში რუსეთის „ხაზეინად“ რჩება პუტინი.“ (სტილი დაცულია)


სოსო ცინცაძის მსგავსად, დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობისგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ცვლილებებს არ მოელის პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე. მისი თქმით, სულ ცოტა, პირველი ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ახალ პრეზიდენტს გაუჭირდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] „შესაძლოა, მოხდეს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს არამარტო იმიტომ, რომ ბატონი მედვედევი მოვიდა ქვეყნის სათავეში. შესაძლოა, რაღაცა სხვა ფაქტორებმა ითამაშოს თავისი როლი და ამ ყველაფერთან ერთად მედვედევის ფაქტორმაც გარკვეული როლი შეასრულოს. მარტო მედვედევის ფაქტორი უახლოეს მომავალში გადამწყვეტი არ იქნება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.“

საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მზად არიან, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ითანამშრომლონ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, თუმცა ოპოზიციაში მყოფი პარტიების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას არაფერი გამოუვა. ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივნის იოსებ შატბერაშვილის კომენტარი:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] „თუ ჩვენ რაიმე ცვლილება გვინდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, უნდა შევცვალოთ საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი.“

ბუნებრივია, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა აღელვებთ რიგით მოქალაქეებსაც. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი რუსეთის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შესახებ.


[მამაკაცის ხმა] „რაც საქართველო და რუსეთი არსებობენ, საქართველოსთვის ყველაზე ცუდი რუსი მმართველი პუტინი გამოდგა, იმიტომ რომ რვა წლის განმავლობაში ერთხელ არ იკადრა ჩამოსვლა და დალაპარაკება... რა უნდა ჩვენგან, გაგვარკვიოს. პუტინი იყო ვითომ ძაან „ტონკი“, მაგრამ სინამდვილეში ძაან „გრუბი“ პრეზიდენტი გამოდგა. იმედი მაქვს, რომ მედვედევი უფრო ახალგაზრდაა და შეხედულებითაც არ ჩანს გაბოროტებული და იმედია, რომ უკეთესობისკენ შეცვლის ურთიერთობას.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „შეიძლება რამე პოზიტიური იყოს. მაინც სხვა ადამიანია და ითვლება უფრო ლიბერალად, მაგრამ, მეორე მხრივ, იმავე გუნდის წარმომადგენელია და შეიძლება არაფერი შეიცვალოს.მაგრამ სინამდვილეში რა ჩანაფიქრები აქვს, ვერავინ გაიგებს, სანამ არ გააკეთებს თავის საქმეს.“(სტილი დაცულია)


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG