Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უმცირესობები და არჩევნები


სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის 16% შეადგენენ,


თუმცა არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ორგანოში ისინი შესაბამისი პროპორციით არ არიან წარმოდგენილი. საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ, პასიური საარჩევნო უფლების მსგავსად, ეროვნული უმცირესობები, როგორც წესი, არც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას ახდენენ. ვითარებას ამძიმებენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ ითვალიწინებენ ქვეყნის ეთნიკურ მრავალფეროვნებას და, ხშირ შემთხვევაში, ქსენოფობიური განცხადებებით ხელს უშლიან ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ისედაც შენელებულ პროცესს.

ვიტალი ნაბიევი თბილისში ცხოვრობს და არჩევნებშიც აქტიურად მონაწილეობს, თუმცა საქართველოს ქურთთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ეროვნული უმცირესობებისათვის არაფერი იცვლება:

[ვიტალი ნაბიევის ხმა] „პოზიტიურ ცვლილებებს ვერ ვხედავ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, გაკეთდეს რაღაც დოზით პოზიტიური დისკრიმინაცია...“(სტილი დაცულია)

ვიტალი ნაბიევის თქმით, სახელმწიფო ენის უცოდინრობისა და სხვა არაერთი მიზეზის გამო, ეროვნული უმცირესობები აქტიურად ვერ მონაწილეობენ არჩევნებში, თუმცა, როგორც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი ამბობს, ყველაზე მეტად ის საარჩევნო სუბიექტები სცოდავენ, რომლებიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ ითვალისწინებენ ელექტორატის ეთნიკურ სიჭრელეს:

[კობა ჩოფლიანის ხმა] „ძალიან ხშირად არის აქცენტები ნაციონალიზმზე, ხშირად არის რელიგიური მომენტები საკმაოდ უხამსად გამოყენებული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ხმების მოპოვების მიზნით და ამ დროს საარჩევნო პროგრამებში არ რჩება ადგილი ეროვნული უმცირესობებისათვის.“

ცხადია, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პრობლემაზე არ ფიქრობენ პოლიტიკოსები, როცა ტელედებატებში მონაწილეობენ. ამ დროს მათი მთავარი სამიზნე ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია.

[ლეობიორისტული პარტიის წევრის გიორგი გუგავას ხმა] „დღეს რომ პირადობის მოწმობაში ეროვნება არ გვიწერია, ბატონო კობა, თქვენი დამსახურებაა.“

[ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის ხმა] „შენ გგონია ამას უარვყოფ? დიახ, მე ვიყავი მომხრე ეროვნების რეკვიზიტის ამოღებისა. ეროვნების რეკვიზიტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში არ უნდა იყოს. საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე. არ უნდა არსებობდეს იურიდიული საფუძველი სეპარატიზმისა იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.“

საგულისხმოა, რომ ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას, როგორც ალი ბაბაევი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „საქართველო ჩემი სამშობლოა“ ამბობს, პოლიტიკოსები ეროვნული უმცირესობების მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ. ბაბაევისავე თქმით, პასიურობენ მედიის წარმომადგენლებიც:

[ალი ბაბაევის ხმა] „არც ერთი საკითხის გარშემო, რომელიც ჩვენ გვეხება, დებატებში არ გვიწვევენ, არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს. მათი მხრიდან ნულის ტოლია ყურადღება.“


ვითარების შესაცვლელად ალი ბაბაევმა პოლიტიკოსის კარიერის გაკეთება და გარდაბნის რაონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა გადაწყვიტა. საქართველოს ქურთთა კავშირის თავმჯდომარე ვიტალი ნაბიევი კი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაჟორიტარულ არჩევნებში ასპარეზსს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებსაც უთმობენ, რასაც ვერ ვიტყვით პარტიულ სიებზე, სადაც გამსვლელ ნაწილში, როგორც წესი, მათთვის ადგილი არ მოიძებნება. ვიტალი ნაბიევი ამბობს, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის სხვანაირი მიდგომაა საჭირო:

[ვიტალი ნაბიევის ხმა] „შეიძლება ჯერ ჩვენი საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული იმისათვის, რომ მიიღოს ეს ყველაფერი, როგორც ევროპაში ხდება. რუსეთშიც კი, რომელიც არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, მთავრობასა და პარლამენტში ფართოდ არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და ეს ძალიან კარგია.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG