Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება მომავალი პარლამენტი...რას ფიქრობენ პარლამენტში თანამშრომლობაზე სავარაუდო გამარჯვებულები


21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ პარლამენტში, სავარაუდოდ, 4 პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი:

ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია, გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია.. ხაზგასმით ვამბობ, რომ ასე ჩანს წინასწარი არაოფიციალური შედეგების მიხედვით.. ამავე შედეგების თანახმად, მმართველი პარტია 60 პროცენტზე ცოტა მეტი მაჩვენებლით ლიდერობს.. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, მომავალ პარლამენტში მმართველ ძალას დიდი უმრავლესობა გარანტირებული აქვს... პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 მაისს ღამით ისიც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან მიახლოებული რაოდენობის ადგილებს მოიპოვებს.. როგორი შეიძლება იყოს მომავალი პარლამენტი და რას ფიქრობენ სავარაუდო გამარჯვებულები პარლამენტში თანამშრომლობის შესახებ?

ახალი პარლამენტი პლურალისტური, ბევრად უფრო მრავალპარტიული იქნება - ესეც პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებია.. 21 მაისს გვიან ღამით გაკეთებულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ დიდი სიხარულით ელის მომავალ პარლამენტში ყველა ზომის ოპოზიციურ ჯგუფთან თანამშრომლობას.. მომავალ პარლამენტში ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ადასტურებენ ნაციონალური მოძრაობის სიით შემადგენლობაშიც.. ”არის სრული გაცნობიერება იმისა, რომ უმცირესობა-უმრავლესობა ეს არ არის აბსოლუტური სიდიდეები”,-თქვა 22 მაისს რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას დავით დარჩიაშვილმა და დასძინა:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”ყველა ღირებული აზრი გასათვალისწინებელია პოლიტიკურ პროცესებში. ეს იძლევა ნიადაგს, რომ საქართველო რევოლუციური მმართველობიდან გადავიდეს ევოლუციურ განვითარებაზე. დანარჩენი ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ყველას იმედი არ მაქვს, მაგრამ რაციონალურად მოაზროვნეები იქ არიან და იმედი მაქვს, მიხვდებიან, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ”

ამ ერთადერთი გზის უპირატესობას აღიარებენ ხელისუფლების ოპოზიციაში, თუმცა ძალები, რომლებიც, წინასწარი შედეგების მიხედვით, მომავალ პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილნი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, 21 მაისის არჩევნებს არ მიიჩნევენ სამართლიან არჩევნებად.. ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არჩევნების სერიოზულ გაყალბებაზე ლაპარაკობენ და როცა ეკითხები, შევლენ თუ არა ახლად არჩეულ პარლამენტში, აპირებენ თუ არა არჩევნების შედეგების აღიარებას, თუკი არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობას აღიარებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, პასუხად აცხადებენ:

[კობა დავითაშვილის ხმა] ” არავითარი კომენტარი საბჭოს სხდომამდე. მე არ მინდა ჩემი მოსაზრება განსხვავდებოდეს საბჭოს სხვა წევრების მოსაზრებებისგან.”

ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, კობა დავითაშვილის, პასუხი ჩვენს შეკითხვაზე. აპირებენ თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგების ცნობას ლეიბორისტები, რომლებსაც, წინასწარი მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი დაძლეული აქვთ? გიორგი გუგავას ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არა აქვს:

’[გიორგი გუგავას ხმა] ”ვიღაცამ კი არ უნდა გაღიაროს დასავლეთში, ჩრდილოეთში ან სამხრეთში! შენმა ხალხმა უნდა გაღიაროს. ბრაიზა თუ აღიარებს და ეს არის მათთვის ბედნიერება, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. ” (სტილი დაცულია)

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 21 მაისს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას არჩევანი წაართვა.. გუგავას მიაჩნია, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა... როგორ დასკვნას დაწერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ამას ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მაგრამ, თუკი საბოლოო შედეგები წინასწარი მონაცემებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება, ლეიბორისტები შევლენ თუ არა პარლამენტში და დაიწყებენ თუ არა მუშაობას?

[გიორგი გუგავას ხმა] ”ჩვენ გვექნება კონსულტაციები ოპოზიციასთან. ახლა მიმდინარეობს ხმების გადათვლა.”

ასეთია გიორგი გუგავას პასუხი... და რას აპირებს გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი?.. პირველ რიგში, როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, დადგენილი პროცედურების მიხედვით ამომრჩევლის ხმების დაცვას.. თარგამაძესაც მიაჩნია, რომ არჩევნებზე იყო სერიოზული დარღვევები.. ის ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატები წინასწარ მონაცემებში გამოკვეთილ რიცხვზე მეტს ელოდნენ. თუმცა ეს რიცხვი არის საკმაოდ შთამბეჭდავი ახალშექმნილი ორგანიზაციისთვის.. და მაინც, რას აპირებენ ქტრისტიან-დემოკრატები?

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”ჩემი მუშაობა და ზოგადად ეს პროცესი წარმომიდგენია როგორც ოპოზიციასთან, მთლიანობაში, მჭიდრო და სერიოზული კოორდინაციისა, რასაც წინ უნდა უძღოდეს სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ეს ვერ მოვახერხეთ არჩევნებამდე, რამაც ძალიან დააზარალა ოპოზიცია და მისი ამომრჩეველი. ”


ასეთია არჩევნებში სავარაუდოდ გამარჯვებული სუბიექტების წარმომადგენელთა მოსაზრებები მომავალ პარლამენტში მუშაობის შესახებ - პარლამენტში, სადაც მმართველ ძალას, უნდა ვიფიქროთ, დიდი უმრავლესობა ეყოლება.. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, უმრავლესობა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს მთელ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციებისა და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.
XS
SM
MD
LG