Accessibility links

logo-print

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა


რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს პარლამენტის წინ ბრიფინგი მოაწყო.

21 მაისს არჩეული პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილება საზოგადოებას ეროვნული საბჭოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გააცნო:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”გაერთიანებული ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და რჩება თავის ხალხთან ერთად.”

ეროვნული საბჭოს თითქმის ყველა წევრმა იგივე გაიმეორა, მათ შორის, ვაკის რაიონის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულმა დავით გამყრელიძემ:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მე ვერ გავხდები იმ პარლამენტის წევრი რომელიც არის არალეგიტიმური, უკანონო და საბჭოური არჩევნების შედეგი.”

ოპოზიციის სამომავლო გეგმები კვლავ ქუჩის საპროტესტო აქციებს უკავშირდება. პირველი ასეთი აქცია 26 მაისისთვისაა დაგეგმილი. თუ რის მიღწევას აპირებენ პარლამენტის ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალები, ეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, მოწოდებიდან ჩანს, ნათელაშვილისა, რომლის პარტია ერთ-ერთია იმ ოთხი პოლიტიკური ძალიდან, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა მარტო, რაც ავტომატურად გამოიწვევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ავტომატურად დანიშვნას.”

კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა და ხმების თითქმის 9 პროცენტი მოაგროვა, ჯერაც არ გადაუწყვეტია უარი თქვას თუ არა საპარლამენტო მანდატებზე. მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის კომენტარი:

[გიორგი თარგამაძის ხმა] ”თუკი იქნება არგუმენტები საიმისოდ, რომ ეს ასე მოხდეს, ასე მოხდება. ჩამოვყალიბდებით როგორი იქნება საერთო ოპოზიციური მოძრაობისთვის და ხალხისთვის.”(სტილი დაცულია)

ახალ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში ორი მანდატი მოიპოვა. ოპოზიციური პარტიების ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად, მათივე განცხადებით, ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება იქცა.

თუმცა კი არჩევნების პარალელური დათვლის სხვადასხვა მეთოდმა თითქმის ერთი და იგივე შედეგები აჩვენა. პარალელური დათვლის შედეგებს, დაახლოებით ნახევარპროცენტიანი ცდომილებით, დაემთხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ოფიციალური შედეგებიც. მე კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს ვკითხე, გადანაწილდება თუ არა სხვა სუბიექტებზე იმ პარტიების ხმები, რომლებმაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს მათი უარი იქნება ისეთივე, როგორიც იყო აქამდე. ეს არის მათი კუთვნილი ხმები, ამომრჩეველმა მათ მიცა ხმა და, ესე იგი, მათ ეკუთვნით ეს ადგილები. იურისპრუდენცია უარის თქმას არ ცნობს.”

სულ გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ 16 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, ექვს-ექვსი მანდატი წილად ხვდათ ქრისტიან-დემოკრატებს და ლეიბორისტებს, რესპუბლიკურმა პარტიამ კი მხოლოდ 2 მანდატი მიიღო. ყველაზე მეტი, 20 მანდატი, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, მოიპოვა.
XS
SM
MD
LG