Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ევროკავშირის მომავლისთვის ირლანდიელების უარი ლისაბონის ხელშეკრულებაზე?


ირლანდიაში ხუთშაბათს გამართული რეფერენდუმის საბოლოო, ოფიციალური შედეგებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ (53,4-მა პროცენტმა)



უარყო ლისაბონის ხელშეკრულება. ეს შედეგი მძიმე დარტყმაა ევროკავშირისთვის - იმდენად მძიმე, რომ, შესაძლოა, აქამდე უპრეცედენტო კრიზისი გამოიწვიოს: კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროკავშირის გაფართოების მთელი პროცესი - იქნება ეს 2004 და 2007 წლების გაფართოება, როცა ევროკავშირში 12 ახალი, უმეტესწილად პოსტკომუნისტური ქვეყანა მიიღეს, თუ გაფართოების მომავალი ეტაპები, რომელთაც იმედის თვალით უყურებს საქართველოც...

ლისაბონის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, ევროკავშირის გადახალისებული კონსტიტუციაა, რომელიც 2005 წელს ჩავარდა ფრანგებისა და ნიდერლანდელების უარის გამო. ბრიუსელმა ეს კონსტიტუცია გადაახალისა და შეამოკლა, მაგრამ 350-გვერდიანი დოკუმენტი ირლანდიელი ამომრჩევლების უმრავლესობას წაკითხული არა ჰქონდა. და ეს ხუთშაბათს გამართულ რეფერენდუმამდეც იყო ცნობილი.

[აჰერნის ხმა] “ყოველთვის ვიცოდით, რომ ამ დოკუმენტის საინტერესოდ წარმოჩენა ძნელი ამოცანა იქნებოდა. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი”, აღიარა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა დერმოტ აჰერნმა, როცა პარასკევს საღამოს რეფერენდუმის არაოფიციალური შედეგები უკვე მიუთითებდა ლისაბონის ხელშეკრულების ჩავარდნაზე.

არადა, ლისაბონის ხელშეკრულება უნდა ჩანაცვლებოდა ნიცის ხელშეკრულებას - 2000 წელს შემუშავებულ დოკუმენტს - მთავარი მიზნით, ევროკავშირის უწყებები მოემზადებინა ევროკავშირის გასაფართოებლად...

რა მოხდება ახლა - ამაზე მსჯელობას უთუოდ დიდ დროს დაუთმობენ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც მალე გაიმართება - 19-20 ივნისს. 1 ივლისიდან კი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას შეუდგება საფრანგეთი და, შესაბამისად, უწინარეს ყოვლისა, მას მოუწევს ზრუნვა ირლანდიელბის უარით გამოწვეული ზარალის შემცირებაზე მაინც.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან, მათს შორის ჩვენს კორესპონდენტთან საუბარშიც მიანიშნეს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს გააგრძელებენ - ირლანდიაში რეფერენდუმის შედეგისაგან დამოუკიდებლად. აქვე შეგახსენებთ - ირლანდია ევროკავშირის 27 წევრიდან ერთადერთია, რომელშიც, კანონის შესაბამისად, რეფერენდუმი უნდა გამართულიყო ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიცირებამდე. ახლა ცნობილია, რომ რატიფიცირებამდე საქმე არ მივა.

შეკითხვას, არსებობს თუ არა რაიმე ალტერნატიული გეგმა ევროკავშირის საბაზისო დოკუმენტის ძალაში შესასვლელად, გასულ კვირაში ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დიპლომატიის სფეროში, ჟან დავიდ ლევიტმა:
[ლევიტის ხმა] ”ალტერნატიული გეგმა არ არსებობს. ჩემი აზრით, მთავარია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს რატიფიკაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საპარლამენტო კენჭისყრას ირლანდიის გარდა ყველა დანარჩენ ქვეყანაში - ისე რომ, ამ პროცესის ბოლოს, საფრანგეთის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში, შევძლებთ შევაფასოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით”.

საფრანგეთის შემდეგ კი - მომავალი წლის პირველი იანვრიდან - ჩაენაცვლება ჩეხეთი. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ვონდრა წინასწარვე არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი. [ვონდრას ხმა] “თუ კენჭისყრაში “არას” მიემხრობიან - ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სავსებით ცხადია, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა მოახდინოს რატიფიცირება იმისათვის, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდეს”.

ახლა ევროკავშირს მოუწევს გადაწყვიტოს, ნიცის ხელშეკრულებას დასჯერდება, თუ ლისაბონის ხელშეკრულებას მიიღებს - ირლანდიელების უარის მიუხედავად. თუ ეს უარი უგულებელყო, უთუოდ მივა საქმე ირლანდიის გარკვეულ პოლიტიკურ იზოლაციამდე, რაც წინასწარვე ფასდება სახიფათო პრეცედენტად ევროკავშირისთვის.

მაგრამ ყველაზე მძიმე ზარალი მაინც გაფართოების პროცესის პერსპექტივას მიადგება. აი, რა შეფასებას გამოთქვამს საფრანგეთის ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი მინისტრი ევროპის საკითხებში პიერ მოსკოვისი: [ვონდრას ხმა] “ვფიქრობ, რომ მთლიანობაში, ირლანდიის “არა” ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ვეღარ გააგრძელებს თავისი გაფართოების პოლიტიკას. პირველი რიგში ინსტიტუციური მიზეზების გამო, რადგან ნიცის ხელშეკრულება - მე ეს ვიცი, რადგან მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი - შემუშავებულია 28-მდე წევრი ქვეყნისთვის. ამის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდებით”.

ამჟამად ევროკავშირს 27 წევრი ჰყავს. ამდენად, ნიცის ხელშეკრულების მიხედვით, ბლოკში კიდევ ერთ წევრს მიიღებენ - სავარაუდოდ, ხორვატიას. რაც შეეხება დანარჩენი მსურველების, მათ შორის უკრაინის, მითუმეტეს საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას - სახარბიელო ნამდვილად არ არის ლისაბონის ხელშეკრულებაზე ირლანდიელების უარის შემდეგ...
XS
SM
MD
LG