Accessibility links

logo-print

რა დამაჯერებლობა აქვს საგანგაშო საომარი მოქმედებების საგაზეთო ვერსიებს


აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სიტუაციის გართულების კვალობაზე, რუსული და ქართული მედია ერთმანეთს ეჯიბრება

7/14/2008



შემდგომი საომარი სამზადისის, სამხედრო გეგმებისა და მათი შედეგების განჭვრეტაში. პროგნოზები, რომლებიც ხშირად გამაგრებულია კომპეტენტური დამოუკიდებელი და ოფიციალური ექსპერტების მოსაზრებებით, ერთიმეორეზე საგანგაშოა. ”ცუდ წინათგრძნობას” აძლიერებს ბოლო ცნობა, რომ აღარ გაიმართება სააკაშვილ-მედვედევის შეხვედრა, რომელიც ივლისის ბოლოსთვის იგეგმებოდა. რატომ ჩაიშალა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა და რამდენად არის სანდო მოსალოდნელი საომარი მოქმედებების საგაზეთო ვერსიები?

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ვეღარ შედგება, იმ ქართველ დიპლომატს ეკუთვნის, ვინც ერთი წლის წინ ამ შეხვედრის მაღალ ალბათობაზე საუბრობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტები შეწყვეტილია და დიპლომატიური ურთიერთობები ნულის ტოლია. ”ფაქტობრივად, გვაქვს ხანძარი, რომელიც უნდა ჩავაქროთ”,- დასძინა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

”ხანძრის” ჩაქრობა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში არცთუ ისე იოლია საინფორმაციო და დიპლომატიური ომის პირობებში. 9 ივლისის ცხინვალის საჰაერო ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა აღიარა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო ავიაცია საქართველოს ხელისუფლების ”ცხელი თავების” გასაგრილებლად დაფრინავდა. ამ ფონზე კი როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მედიას ბუნებრივად აინტერესებს, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს შემგდომში მოვლენები აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ირგვლივ, რომელთაც, 14 ივლისის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ინფორმაციით, რუსეთმა საკუთარ სასიცოცხლო ინტერესთა სფეროში მიუჩინა ადგილი.
მედიით გამოქვეყნებული ყველა სიტუაციური სცენარი კი ერთიმეორეზე უფრო არასახარბიელოა და ვითარების კიდევ უფრო საშიშ ესკალაციას წინასწარმეტყველებს. ყველაზე გავრცელებული ლეგენდით, აგვისტოს შუა რიცხვებში, ერთსა და იმავე დროს, მოხდება შეტევა სამაჩაბლოზე, სარაბუკის მიმართულებით, და ზემო აფხაზეთზე. შეტევის საბაბად კი გამოყენებული იქნება სისხლიანი პროვოკაცია გალის რაიონში, რაც ქართულ სპეცრაზმს დაბრალდება. ასეთი სცენარის დამატებით არგუმენტად უნდა იქცეს აფხაზეთის თვითაღიარებული პარლამენტის სანქცია საბრძოლო მოქმედებაზე.

[შოთა მალაშხია] ”ჯერ კიდევ 4 თვის წინ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო მიმართვა და მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტს, რომ გაეთავისუფლებინა ზემო აფხაზეთი.”(სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში. საინტერესოა, რას ფიქრობენ საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. საომარი მოქმედების განახლების საშიშროებაზე აზრის გასაგებად რადიო ”თავისუფლება” 14 ივლისს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას დაუკავშირდა.

[სერგეი შამბა] ”მე ამაზე ჩვენს ტელევიზიასაც მივეცი ინტერვიუ და რამდენჯერმე გამოვხატე აზრი. დღეს არავინ არ არის დაინტერესებული სიტუაციის ასეთი ნეგატიური განვითარებით. მე ვფიქრობ, რომ ამით ვერავინ ვერ დარჩება მოგებული. და რაკიღა ეს ასეა, მაშასადამე, არ უნდა იყოს არანაირი ომი.”

და არის კიდევ ერთი დაუწერელი წესი, რის გამოც საგანგაშო საომარი მოქმედებების საგაზეთო ვერსიები კარგავენ აქტუალობას და, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეგნებულ გაჟონვასაც, ყველაზე უფრო საშიში სცენარის თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, საომარი მოქმედების მძლავრ გარანტიად უნდა იქცეს დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, თავად ქართული არმიის სიძლიერე და ამერიკის სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე. 15 ივლისს თბილისთან ახლოს, ვაზიანის ბაზაზე, საზეიმოდ გაიხსნება ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება “IMMEDIATE RESPONSE – 2008”, რომელიც სამ კვირას გასტანს და რომელშიც საქართველოსა და ამერიკის 1400-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.


XS
SM
MD
LG