Accessibility links

logo-print

მრგვალი მაგიდა


გთავაზობთ დისკუსიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის ეთერით გადაიცა.

დისკუსია აფხაზეთის საკითხს და ამ კონფლიქტის ირგვლივ ბოლოდროინდელი ესკალაციის მიზეზებს მიეძღვნა. ოფიციალურ თბილისს დისკუსიაში პარლამენტარი, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე წარმოადგენდა. სოხუმიდან კი ხაზზე იყო აფხაზი პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”აფხაზეთის ქალთა კავშირის” თავმჯდომარე ნათელა აკაბა. დისკუსიას რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტი ანდრეი შარი უძღვებოდა. გთავაზობთ ჩანაწერს:


[შარი] ”ბატონებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დისკუსია კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაივლის. დღეს ჩვენ საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ. პირველი შეკითხვით სოხუმს მინდა მივმართო. ქალბატონო ნათელა, თუ შეიძლება გვითხარით, რითი ხსნით საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას დღეს? ნუთუ არ შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბოთ და ამ პრობლემების გადაჭრა სცადოთ?”

[აკაბა]”ჩემი აზრით, საქმე სააკაშვილის გეგმის რეალურ განხორციელებასთან გვაქვს. მან თქვა, რომ ეს [გაყინული] კონფლიქტი უნდა გალღვეს - და სწორედ ეს ხდება ახლა.”

[შარი] ”ბატონო პეტრე, მართლაც არსებობს სააკაშვილის რაიმე გეგმა?”

[მამრაძე] ”სააკაშვილის გეგმა არსებობს და პრეზიდენტმა ამის შესახებ საჯაროდ, მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა. ეს გეგმა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს. თქვენ იცით, რომ აფხაზეთს და აფხაზებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს სთავაზობენ - ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, უმაღლეს პალატას და ასე შემდეგ. ანუ ყველა იმ უფლებას, რასაც კი მსოფლიო პრაქტიკა იცნობს - და კიდევ უფრო მეტსაც. პირველ ეტაპზე, აფხაზეთს თავისი საბაჟო, არმია და პოლიცია ეყოლება. ამ გეგმას ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები მთლიანად უჭერენ მხარს.”

[შარი] ”ქალბატონო ნათელა, სოხუმში თუ იციან ამ გეგმის არსებობა და, თუ ასეა, როგორ აფასებენ მას?”

[აკაბა] ”ცხადია, ეს ჩვენთვის ცნობილია. ჩემთვის ძალიან მწარეა ამის მოსმენა, იმიტომ რომ ყოველივე ეს თითქმის იდენტურია იმ წინადადებებისა, რომელთაც 1992 წელს, ომამდე, ჩვენ ვთავაზობდით ქართველებს. მე მაშინ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი ვიყავი. ყველაზე საკვირველი ის არის, რომ სწორედ 1992 წლის 14 აგვისტოს უნდა განგვეხილა ჩვენი წინადადებები საქართველოსთან ახალი, სწორედ ფედერალური მოწყობის საფუძველზე დამყარებული ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ. ჩვენი წინადადებები შეიცავდა იმ ასპექტებს, რაც ბატონმა დეპუტატმა ახლა ჩამოთვალა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც იცით, სწორედ 14 აგვისტოს სოხუმში ტანკები შემოვიდა. და მოხდა ის, რაც მოხდა.”

[შარი] ”და მაინც, დავუშვათ, მოხდა ის, რაც მოხდა - უბედურება და სისხლი ყველა მხარეს, ლტოლვილები... ამ ყველაფერმა არავის მოუტანა ხეირი - არც ქართველებს და არც აფხაზებს. მაშ, ახლა რა უშლის ხელს სოხუმს ამ გეგმის განხილვაში?”

[აკაბა] ”ახლა შეუძლებელია იმის დაბრუნება, რასაც ოდესღაც ვთავაზობდით, იმიტომ რომ, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მართლაც, ბევრი სისხლი დაიღვარა, ძალიან დიდია ანტაგონიზმი და ამ ყველაფრის დავიწყება, ამაზე ხაზის გადასმა შეუძლებელია. დღესდღეობით მე ვერ წარმომიდგენია აფხაზი, რომელიც საქართველოს თუნდაც პრეზიდენტობაზე დათანხმდებოდა. და საეჭვოა, რომ ვინმეს ვიცე-პრეზიდენტობა მოუნდეს. მეტიც - დღევანდელ დღეს ცოტა უცნაურიც კია საუბარი მართვის ერთობლივი სტრუქტურების შექმნაზე. უკვე 15 წელია, რაც აფხაზეთი დამოუკიდებლობის პირობებში ცხოვრობს. აბა, ვინ დათმობს დამოუკიდებლობას დამოკიდებულად ქცევის სასარგებლოდ?”

[შარი] ”პეტრე მამრაძეს მივმართავ. თქვენთვის მისაღებია სოხუმიდან მოსმენილი არგუმენტები?”

[მამრაძე] ”არა. არც ერთ ამ არგუმენტს არ ვიზიარებ - იმის გარდა, რომ 1992 წელს დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი იმ ბანდიტური ფორმირებების მიერ, რომლებიც საერთოდ არ ემორჩილებოდნენ საქართველოში ახლად დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძეს. თბილისში მიღებული ყველა გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ისინი სოხუმში შეიჭრნენ და უკანონო თარეშს მიჰყვეს ხელი ყველას წინააღმდეგ - იქნებოდნენ ეს ქართველები, აფხაზები, ბერძნები, რუსები თუ სხვა. ის ადამიანი ახლა მოსკოვში, [რუსეთის არმიის გენერლის, პაველ] გრაჩოვის აგარაკზე ცხოვრობს - ლაპარაკია თენგიზ კიტოვანზე, რომელიც მაშინ მთელ ამ თავაშვებულობას ხელმძღვანელობდა - და მშვენივრად გრძნობს თავს. ამ თვალსაზრისით გეთანხმებით. მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის მიუღებელია და, ბუნებრივია, ძაღლის თავი იქაა დამარხული, რომ ახლა სოხუმს თავისი საკუთარი მთავრობა არ ჰყავს. ამ ადამიანებს მარიონეტებსაც კი ვერ უწოდებ - ისინი კრემლის ჩეკისტურ-კაპიტალისტური ხელისუფლების ნების პირდაპირი გამტარებლები არიან.”

[შარი] ”ბატონო პეტრე, თუ შეიძლება გვითხარით, თუკი აღიარებთ, რომ ეს კონფლიქტი ქართულმა მხარემ დაიწყო, - სახელებს ნუღარ ჩამოვთვლით, - მაშინ იქნებ კონფლიქტის მოგვარებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოდიშის მოხდას ემოქმედა დადებითად? ”

[მამრაძე] ”ეს არაერთხელ მომხდარა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კონფლიქტი, უმეტესად, ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდით დასრულდა - ამას ეუთო და გაეროც ადასტურებენ. იქიდან გააძევეს მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, 300,000 ადამიანზე მეტი. და, სხვათა შორის, თუკი ყველა მათგანი იქ დაბრუნდება, კოსოვოს ვარიანტი ჩვენთვის მისაღები იქნება. ვინაიდან მაშინ ეს ხალხი, სხვა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად, ამ საკითხის შესახებ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. ამდენად, პრობლემა სხვა რამეშია.”

[შარი] ”ასე თვლის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პეტრე მამრაძე - ის სოხუმელ პოლიტოლოგ ნათელა აკაბასთან ერთად დღეს ჩვენი პროგრამის სტუმარია. ახლა ორ რადიომსმენელს მოვუსმინოთ - ისინი უკვე დიდი ხანია გველოდებიან - და შემდეგ სიტყვას სოხუმს გადავცემ. მოსკოვიდან ხაზზეა ივანი. - მოგესალმებით.”

[ივანი] ”საღამო მშვიდობისა. მივესალმები თქვენს სტუმრებს. იცით, რა მინდა ვთქვა. 90-იანი წლების ამ მოვლენებამდე საქართველოში არანაირი პრობლემა თუ კონფრონტაცია არ არსებობდა. ახლა კი იქ, ღმერთმა უწყის, რა ხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ არის, მაგრამ თუკი ამ კონფრონტაციაში ბრალი რაღაც წილით რუსეთის ხელმძღვანელობას მიუძღვის, დამიჯერეთ, რომ ამ პოლიტიკას რუსი ხალხი მხარს არ უჭერს. დიდი მადლობა.”

[შარი] ”დიდი მადლობა, ივან. - ხაზზეა ზურაბი მოსკოვიდან.”

[ზურაბი] ”საღამო მშვიდობისა. მე ასეთი შენიშვნა მექნებოდა: მამრაძის ნალაპარაკევში სიმართლის წილი იყო, მაგრამ იმ მოვლენებს მხოლოდ კიტოვანი არ ხელმძღვანელობდა. საქართველოს მხრიდან მთელ იმ აღლუმს სათავეში ედუარდ შევარდნაძე ედგა, რომელიც ახლა მშვიდად ცხოვრობს საკუთარ აგარაკზე. ქალბატონ აკაბას რაც შეეხება, რადიო ”თავისუფლებას” არ ეკადრება ტერორისტების და სეპარატისტების წარმომადგენლის მოწვევა.”

[შარი] ”საკმარისია. ჩვენ თვითონ გავერკვევით, ვინ მოვიწვიოთ და ვინ არა. ყველა კონფლიქტში ორ მხარეს უნდა მოვუსმინოთ. ქალბატონ ნათელას მივმართავ: რას ფიქრობთ, რამდენად დამოუკიდებელია თქვენი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობა?”

[აკაბა] ”დღეს კლიშეების და სტერეოტიპების ტიპიური ნაკრები მოვისმინეთ, რომელიც ბოლო დროს აქტიურად ისმის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღევანდელ ეტაპზე ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება ძალიან საშიში და ახლომხედველური პოზიციაა. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რომ ჩვენ უკვე 15 წელია ქართველებთან საერთო ენას ვერ ვპოულობთ და იმის მკაფიო შეფასებაც კი არ გვესმის, რაც ჩვენ შორის მოხდა, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ქართველებს არ უნდათ აღიარონ, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ, - აფხაზეთში მცხოვრები ყველა ხალხის წინააღმდეგ, - თუნდაც დევნილების ჩათვლით, რომლებიც დღეს საქართველოში არიან იმის გამო, რომ ამ ომის პროვოცირება თბილისმა მოახდინა. ხომ არ გვავიწყდება, როგორ აცხადებდა გენერალი ყარყარაშვილი, რომ მზად იყო ასი ათასი ქართველი მსხვერპლად შეეწირა 93 ათასი აფხაზის, ანუ მთელი აფხაზური მოსახლეობის, განადგურების საქმისთვის? განა ეს გენოციდისკენ მოწოდება არ არის? ”

[შარი] ”ნათელა, დიდი მადლობა თქვენი აზრის გამოთქმისთვის. თავს უფლებას მივცემ და, როგორც წამყვანი, ვიტყვი, რომ თქვენი განცხადებებიც, გარკვეულწილად, იდეოლოგიური შეფერილობისაა. ამასთან, თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიციათ პასუხი ჩემს შეკითხვაზე: მიგაჩნიათ, რომ თქვენი ხელისუფლება დამოუკიდებელია, თუ ის, მართლაც, მხოლოდ მოსკოვის დავალებებს ასრულებს?”

[აკაბა] ”მოგახსენებთ - უბრალოდ, ჯერ ბატონ მამრაძის სიტყვებისთვის მინდოდა მეპასუხა. რუსეთის როლს რაც შეეხება, ცხადია, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ეს ბუნებრივია. მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ მარიონეტები ვართ, ეს მეტისმეტია. ეს უპატივცემულობას გამოხატავს და ეს კონფლიქტი სწორედ იმის გამო არ მთავრდება, რომ ქართველები პატივს არ სცემენ აფხაზებს და, საკუთარი თავის გარდა, არც არავის. რუსეთი აქ არაფერ შუაშია. ცხადია, რუსეთი დღეს აფხაზეთს მხარს უჭერს, იმიტომ რომ ეს მის ინტერესებში შედის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აფხაზებს აქვთ თავისუფლების უფლება. და ჩვენ სწორედ თავისუფლება გვინდა.”

[შარი] ”დიდი მადლობა, ქალბატონო ნათელა. - ჩემს პატივცემულ რესპონდენტებს ვთხოვდი, თავი შეიკავონ განზოგადებებისგან, რომ ყველას ყველა სძულს და ასე შემდეგ. შემდეგი შეკითხვით თბილისში გადავდივარ. - ბატონო პეტრე, იქნებ მაინც აგეღოთ და მიგეცათ ეს თავისუფლება აფხაზეთისთვის? იცხოვრონ დამოუკიდებლად, თუკი საქართველოსთან ერთად ყოფნა მათ ასე ძალიან არ უნდათ.”

[მამრაძე] ”იცით, რაშია საქმე: ჩვენ უკვე დიდი ხანია გველაპარაკებიან ”კოსოვოს ვარიანტზე” - ამას ჯერ კიდევ პუტინი ამბობდა. კოსოვოს სქემა ითვალისწინებს ყველა დევნილის უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. ეს კი წარმოადგენს აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც ახლა აფხაზეთში არ ცხოვრობს. შემდეგ კი სწორედ ისინი, სხვა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად, - და არა მათთან, ვინც იქ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ან შემდეგ ჩავიდა, - გადაწყვეტენ აფხაზეთის ბედს. ეს სრულიად მისაღებია. თუმცა თავიდანვე ცხადია, ასეთ პირობებში როგორ გადაიჭრება საკითხი.”

[შარი] ”ჩვენ ერთი წუთიღა დაგვრჩა - ორივეს ნახევარ წუთს გაძლევთ ბოლო განცხადებისთვის. ბატონო პეტრე, გისმენთ.”

[მამრაძე] ”ჩვენ ჩვენი ძალებით ვმუშაობთ ნდობის, მეგობრობის, პატივისცემის აღდგენაზე. სხვა გამოსავალი არ არსებობს. კარი ღიაა და ნდობის და მეგობრობის აღდგენისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ეს ორივე მხრიდან ასე მოხდება. ”

[შარი] ”დიდი მადლობა. - ქალბატონო ნათელა, გისმენთ.”


[აკაბა] ”ნდობის აღდგენა შეუძლებელია, სანამ ქართველები აფხაზების თანასწორ პარტნიორად აღქმას არ დაიწყებენ. დიალოგი მხოლოდ ორ თანასწორ მხარეს შორის შეიძლება შედგეს - არა რუსეთის მარიონეტებს შორის, როგორც გვიწოდებენ ხოლმე, არამედ აფხაზ ხალხსა და ქართველ ხალხს შორის.”

XS
SM
MD
LG