Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხეს შეიცავს ეროვნული ვალუტის გამყარება?


უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტი განუხრელად იზრდება, ხოლო ეროვნული ვალუტა, ლარი, დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

თუმცა, ამ ერთი შეხედვით დადებითი ტენდენციის მიუხედავად, კვლავინდებურად იზრდება სამომხმარებლო ფასები, რის მიზეზადაც, ხშირ შემთხვევაში, გარე ფაქტორები, ანუ ნავთობისა და ხორბლის გაძვირება, სახელდება. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ, ობიექტური მიზეზების გარდა, ფასებისა და, შესაბამისად, ინფლაციის ზრდას ლოკალური მოვლენებიც უწყობს ხელს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება საქართველოში მცხოვრები ადამიანების ყოფაზე ლარის გამყარება და მზარდი ინფლაცია.

საქართველოს ხელისუფლება სიღარიბეს არაერთი წელია ებრძვის, თუმცა ბრძოლამ განსაკუთრებული სიმძაფრე უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეიძინა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „საქართველო სიღარიბის გარეშე - ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკური საქმიანობის მთელი პერიოდის მთავარი ამოცანა და მთავარი ლოზუნგი.“

მთავარი ლოზუნგის ცხოვრებაში გატარების მიზნით, ანუ სიღარიბის დასამარცხებლად, ხელისუფლება საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელვან ნაწილს ხარჯავს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს:

[გია ხუროშვილის ხმა] „თუ დააკვირდებით საბიუჯეტო მსვლელობას, სოციალური დაცვის სფერო, ძირითადად, ღარიბ ადამიანებზეა ორიენტირებული.“

ხელისუფლების მტკიცებით, ღარიბი და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებას შესაძლებელს ხდის მზარდი საბიუჯეტო შემოსავლები, რომელთა მოცულობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციით, მნიშვნელოვანდ აჭარბებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, თუმცა, როგორც რადიო ”თავისუფლების” მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვიდან ჩანს, ეკონომიკისა და პენსია-ხელფასების ზრდა თბილისელთა ყოფაზე სათანადოდ ვერ აისახება.

[მამაკაცის ხმა] „ემჩნევა, პენსიონერებს მოუმატეს პენსია, მაგრამ ისე ავარდა ფასები, რომ ამ მომატებას მსყიდველობითუნარიანობა ამას არ შეუცვლია.“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მცირე შემოსავლები გვაქვს. არადა, ხელისუფლებამ თვითონაც კარგად იცის, როგორია სამომხმარებლო კალათის ღირებულება.“

[ქალბატონის ხმა] „ყველაფერმა მოიმატა.. ზეთი შარშან თუ ღირდა ოთხი ლარი, ახლა ხუთი ღირს. სურსათი გაძვირდა ძალიან.“

სურსათის გაძვირების ტენდეცია შეუმჩნეველი არ დარჩენია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლის თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე ჯოჯიშვილი სამომხმარებლო კალათაში შემავალ იმ პროდუქტებს ჩამოთვლის, რომელთა გაძვირებას განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან სოციალურად დაუცველი ადამიანები:

[ეკატერინე ჯოჯიშვილის ხმა] ” განსაკუთრებით რაც გაძვირების ტენდენციით გამოირჩეოდა, ეს არის ბოსტნეული, ბაღჩეული და კარტოფილი. ეს ძალიან დიდი ზრდით გამოირჩეოდა. 15 პროცენტით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.”(სტილი დაცულია)

ეს განმარტება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორიოდე კვირის წინ გააკეთა. თუმცა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა ამბობს, ინფლაციის რეალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურს:

[ლადო პაპავას ხმა] „თუ საბანკო პროცენტი ინფლაციის ტოლია, მაშინ ბანკები არც იგებენ, არც აგებენ. თუ ნაკლებია - კოტრდებიან. დღეს, როცა კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი გავიდა 36 პროცენტზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლიური ინფლაცია თავის მოლოდინებით არის სადღაც 30-32 პროცენტი. ეს არის ზედა ზღვარი.“(სტილი დაცულია)

ლადო პაპავას თქმით, ინფლაციის ზრდას ხელს უწყობს პრივატიზებიდან შემოსული თანხების არაგონივრული განკარგვაც. არადა, 2008 წელს ბიუჯეტში პრივატიზებიდან დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით მეტ თანხას ელიან. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა მოსალოდნელ საფრთხეზე ილაპარაკა:

[დავით ამაღლობელის ხმა] „მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მომავალში მსგავსი ცვლილებები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ვინაიდან პრივატიზაციიდან ან ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობების გამოყენება და მათი დახარჯვა ქვეყნის შიგნით გააძლიერებს ინფლაციურ ზეწოლას.“(სტილი დაცულია)

ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების გარდა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა ამბობს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას საფრთხეს უქმნის ლარის განუხრელი გამყარება დოლართან მიმართებაში, რაც უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ხდება:

[ლადო პაპავას ხმა] „საერთოდ, ეროვნული ვალუტის გამყარება აძვირებს ექსპორტს. აქედან გამომდინარე, ექსპორტი ხდება ნაკლებად სტიმულირებული, ნაკლებად მომგებიანი, რადგანაც ექსპორტიორი გადის, გაყიდის პროდუქციას, აიღებს უცხოურ ვალუტას და უკან რომ დაბრუნდება, აღმოჩნდება, რომ ეს ვალუტა გაუფასურებულია ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებაში. ასე რომ, გამყარება არის დამღუპველი არა მარტო ექსპორტისთვის, არამედ მთელი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის.“

ლადო პაპავას თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება უთუოდ გააიაფებს იმპორტს, რაც, მისივე განმარტებით, სულაც არ ნიშნავს იმპორტირებული საქონლის გაიაფებას. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ შემოსატანი საქონელი მხოლოდ იმპორტიორისთვის გაიაფდება, ადგილობრივ ბაზარზე კი მიწოდება-მოთხოვნილების შესაბამის ფასად გაიყიდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG